ზაჰარა საჯარო განცხადებებს იშვიათად აკეთებს, თუმცა ამჯერად მან ყველაზე მნიშვნელოვანზე - საკუთარ ოჯახზე ღიად საუბარი გადაწყვიტა. ამავდროულად, მან ემოციურ სიტყვაში საკუთარ ცხოვრებაში დედის როლს ხაზი გაუსვა.
ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა, ზაჰარამ, დიდი ხნის შემდეგ დედის შესახებ პირველი პირადი განცხადება გაავრცელა. სტუდენტურ ღონისძიებაზე გამოსვლისას, გოგონამ არა მხოლოდ ბავშვობის მოგონებები გააზიარა, არამედ იმ გავლენაზეც ისაუბრა, რომელიც მასზე ცნობილ ოჯახში აღზრდამ მოახდინა.
21 წლის სტუდენტმა ატლანტაში, სპელმანის კოლეჯში გამართულ დედა-შვილობისადმი მიძღვნილ ლანჩზე სიტყვა წარმოთქვა. ღონისძიება Pearls of Purpose Foundation-ისა და სტუდენტური გაერთიანება Alpha Kappa Alpha-ს მიერ იყო ორგანიზებული. სწორედ იქ გადაწყვიტა ზაჰარამ ყველაზე პირად თემებზე გულახდილად ელაპარაკა.
"როდესაც დღეს მთხოვეს, თქვენთან დედა-შვილური ურთიერთობის ფასეულობაზე მესაუბრა, სიტყვების პოვნა გამიჭირდა. ეს სირთულე იმით კი არ არის განპირობებული, თითქოს, ამას სათანადოდ ვერ ვაფასებდე, არამედ იმით, რომ მე და დედას უნიკალური, თითქმის სულიერი ნათესაობის მსგავსი ურთიერთობა გვაქვს, რომლის სიტყვებით აღწერა მეტად რთულია", - აღიარა მან.
ზაჰარამ აღნიშნა, რომ იგი 6 თვის ასაკში იშვილეს და თავიდანვე ისეთ ოჯახში აღმოჩნდა, სადაც ურთიერთმხარდაჭერასა და პატივისცემას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მისი თქმით, მასსა და დედას შორის არსებული სიყვარული უბრალო მიჯაჭვულობა კი არა, არამედ პირველივე თვეებიდან ჩამოყალიბებული ღრმა კავშირია.
"ჩვენი ურთიერთსიყვარული დაბადებიდანვე მოპოვებული გრძნობაა. მე 6 თვის ასაკში მიშვილეს. და-ძმებად ყველაზე გამორჩეული და მოსიყვარულე ადამიანები მყავს. დედამ კი სხვების დახმარების, სიკეთისა და პიროვნული ზრდისკენ მუდმივი სწრაფვის სულისკვეთებით აღგვზარდა", - აღნიშნავს გოგონა.
თემის გაგრძელებისას ზაჰარამ ხაზგასმით თქვა, რომ სწორედ ამ ფუნდამენტურმა ღირებულებებმა ჩამოაყალიბა მისი მსოფლმხედველობა. მიუხედავად მოჩვენებითი სიმარტივისა, თანამედროვე სამყაროში სიკეთე და სხვების დახმარების მზაობა ხშირად სათანადოდ დაუფასებელი რჩება. ამასთანავე, მას მიაჩნია, რომ გაუმართლა, რადგან თვალწინ ჰყავდა იმ ადამიანის მაგალითი, რომელმაც პრაქტიკულად აჩვენა, თუ რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტად ღირსეული და ძლიერი.
გოგონა ცალკე შეეხო დედის პიროვნულ თვისებებს. მან აღიარა, რომ დღემდე ბოლომდე ვერ ხვდება, როგორ ახერხებს ჯოლი ამდენი როლის - მსახიობის, საზოგადო მოღვაწისა და დედის ერთმანეთთან შეთავსებას:
"ის ყველაზე თავდადებული, მოსიყვარულე და გამგები ქალია", - ამბობს ზაჰარა,
ზაჰარა ასევე შეეხო საჯაროობის თემას, რომელიც მათ ოჯახს მრავალი წლის განმავლობაში თან სდევს. მისი თქმით, საზოგადოების მუდმივი ყურადღების ქვეშ ცხოვრება პირადი სივრცის შენარჩუნებასა და ინტიმური მომენტების გაზიარებას ართულებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ანჯელინა შვილის ცხოვრების, მისი სწავლის, გატაცებებისა თუ ახალი ინიციატივების მიმართ ყოველთვის გულწრფელ ინტერესს იჩენდა.
გოგონამ დაამატა, რომ მისი ოჯახი ღირსეულად იღებს ყველა ცვლილებას და ცდილობს გაიგოს, თუ რა როლს ასრულებს მის ცხოვრებაში საუნივერსიტეტო პროექტები თუ საზოგადოებრივი საქმიანობა. მისი აზრით, სწორედ ასეთი მხარდაჭერა დაეხმარა მას საკუთარ თავში დარწმუნებულიყო და განვითარებისკენ მყარი ნაბიჯები გადაედგა.
ზაჰარაზე განსაკუთრებული გავლენა ჯოლის ჰუმანიტარულმა მოღვაწეობამაც მოახდინა. დედის საქმიანობაზე დაკვირვებით, მან თავადაც დაიწყო სხვებზე, მათ შორის უმცროს და-ძმებზე ზრუნვა. გოგონამ აღიარა, რომ ხშირად ითავსებდა "მეორე დედის" როლს და ცდილობდა, სხვებისთვისაც ის სითბო და ყურადღება გადაეცა, რასაც თავად იღებდა.
დღეს ზაჰარა კოლეჯში სწავლობს, ფსიქოლოგიას ეუფლება და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. იგი აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის აღების სურვილი დიდწილად იმ მაგალითს უკავშირდება, რომელსაც ბავშვობიდან ოჯახში ხედავდა.
გამოსვლის დასასრულს ზაჰარამ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლის წლებში უდიდეს როლს ასრულებენ მენტორები, მხარდაჭერა და გარემო, რომელიც წინსვლაში გვეხმარება.
"მახსენდება ციტატა, რომელიც მრავალი წლის წინ ვნახე: "მე ძლიერი ქალი ვარ, რადგან ძლიერმა ქალმა გამზარდა". მადლობა შენ, დედა", - ასე დაასრულა ზაჰარამ საკუთარი სიტყვა.
სხვათა შორის, თავის სიტყვაში ზაჰარას არც ერთხელ არ უხსენებია ბრედ პიტი, რომელთანაც, როგორც ცნობილია, დაძაბული ურთიერთობა აქვს. ჯოლისა და პიტის ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, მათმა რამდენიმე შვილმა მამასთან დისტანცირება არჩია და მის გვარზეც კი უარი თქვა. თავად ზაჰარამ ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო სახელით - ზაჰარა მარლი ჯოლით სარგებლობა და პიტის გვარი ამოიღო. მსგავსი ნაბიჯი წყვილის სხვა შვილებმაც გადადგეს, რაც ოჯახის წევრებს შორის არსებულ უთანხმოებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
2017 წლის 17 იანვარს ეთიოპიელმა ქალმა მანტევაბ დავით სებისომ ანჯელინა ჯოლს საჯაროდ მიმართა: "გთხოვთ, იქნებ ჩემს ქალიშვილთან დალაპარაკების უფლება მომცეთ", - ეს სიტყვები ეკუთვნის მარტოხელა, გაღატაკებულ ქალს, რომელიც ეთიოპიაში ქოხში ცხოვრობს და არც წყალი აქვს და არც სინათლე. მიმართვა მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა.
ისტორია კი, ერთი შეხედვით, ასეთია: 18 წლის გოგონა, შორეული ეთიოპიიდან ბებიას სტუმრობდა. მასთან ღამით ვიღაც შეიპარა და გააუპატიურა. შედეგად, დაორსულდა. კარგად ესმოდა, რომ ოჯახში ამას ვერ გაამხელდა, რადგან სიღარიბის გამო მისი ძმებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყვნენ გაქცეულნი. მანტევაბი მთელი ცხოვრება ავადმყოფობდა და ძალიან გამხდარი იყო. ორსულობა კიდევ უფრო დაანგრევდა მის სისუსტესა და შერყეულ ჯანმრთელობას. მით უმეტეს, ბავშვი, რომელიც მის ძალიან გამხდარ მუცელში იყო, სასტიკი გაუპატიურების ნაყოფი იყო. არც ქმარი ჰყავდა, არც ფული ჰქონდა, დახმარებას არსაიდან ელოდა. დაბნეულ გოგონას ეშინოდა, რომ როგორც კი მშობლები მის ორსულობას გაიგებდნენ, აუცილებლად გააგდებდნენ სახლიდან. ამიტომაც, სწრაფად შეაგროვა საკუთარი ნივთები და მეზობელ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
ზაჰარა მაშინ დაიბადა, როცა დედამისი ფიზიკური და ნერვული განლევის პირას იყო. ძალიან რთული მშობიარობა ჰქონდა, თუმცა 11 წლის შემდეგ მანტევაბიმ აღიარა, რომ არა წარმოუდგენელი სიღარიბე და გაუსაძლისი პირობები, არასდროს მიატოვებდა ერთადერთ ქალიშვილს. "გოგონას ვერ მივხედე. დედაჩემმა და ბიძაჩემმა შემომთავაზეს, რომ გამეშვილებინა. იმდენად სუსტად ვიყავი, დავთანხმდი. ერთი შანსი რომ მქონდეს, ამას არ გავაკეთებდი." - თქვა მან DailyMail-თან ინტერვიუს დროს. ასე რომ, ექვსი თვის გოგონა ბავშვთა სახლში წაიყვანეს...
როდესაც ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ერთად 2005 წელს ეთიოპიაში საქველმოქმედო მისიით ჩავიდა, მომავალი შვილი ბავშვთა სახლიდან ათობით მშიერ ბავშვს შორის აარჩია. გოგონამ წყვილის ყურადღება დიდი თვალებით, მშვიდი გამომეტყველებითა და ხასიათით მიიპყრო. ვიდრე სხვა ბავშვები ყვიროდნენ, ის მშვიდად იჯდა და ირგვლივ იხედებოდა.

პიტმა და ჯოლიმ გადაწყვიტეს, რომ ის თავიანთ ოჯახში წაეყვანათ. ბავშვთა სახლის თანამშრომლები არ ურჩევდნენ, რადგან გოგონას ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა და აივ-ინფიცირებული იყო. თუმცა, არ შეუშინდნენ გამოწვევას, შეაგროვეს ყველა საჭირო დოკუმენტი და ლოს-ანჯელესში მშობლების სტატუსით დაბრუნდნენ. ამერიკაში კი შიდსზე ანალიზი უარყოფითი აღმოჩნდა...
საიდან გავრცელდა ზაჰარას მძიმე ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია. შეიძლება ეს მისმა ახლობლებმა მოიგონეს, რომ მისი ბავშვთა სახლში დატოვების საკითხი გაემართლებინათ. ან იქნებ თავად ოჯახმა შექმნა ლეგენდა, რომ ჯოლისა და პიტს ბავშვი განსხვავებულ სამყაროში წაეყვანათ საცხოვრებლად.
როგორც არ უნდა იყოს, ზაჰარამ სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. პატარა ეთიოპიელი გოგონა გაფართოებული თვალებით უყურებდა თეთრკანიანებს, როდესაც საყიდლებზე ან კაფეში მიჰყავდათ. 2000-იან წლებში ღარიბი ქვეყნებიდან ბავშვების შვილება და მათზე ზრუნვა კარგი ტენდენცია გახდა, თუმცა ფაქტებს უამრავი ჭორი ახლდა ხოლმე თან.
"რატომ არ ჰყავთ მათ საკუთარი შვილი? როგორი ლამაზი წყვილია და რატომ გადაწყვიტეს ბავშვების აყვანა..." - დროდადრო პრესაში მსგავსი მოსაზრებები ვრცელდებოდა. იმ დროისათვის ანჯელინა და ბრედი უკვე ოთხი წლის მედოქსს ზრდიდნენ, რომელიც 2002 წელს ლტოლვილთა ბანაკიდან წამოიყვანეს. მითქმა-მოთქმა ცოტა ხნით შეწყდა მას შემდეგ, რაც შაილო გაჩნდა - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ნამდვილი შვილი. მისი პირველი ფოტოები რეკორდულ ფასად, 10 მილიონ დოლარად გაიყიდა და დღემდე მის ირგვლივ ინტერესი არ წყდება.
მსოფლიოს პრესა შაილოზე იყო გადართული და ეთიოპიელი ზაჰარა აღარავის აინტერესებდა. თუმცა, 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ მისი ბიოლოგიური დედა ცოცხალი იყო. იქამდე ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა იცოდნენ, რომ ქალი შიდსით იყო გარდაცვლილი...
ლებისომ ეთიოპიის ხელისუფლება და ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია თაღლითობაში დაადანაშაულა და შვილის უკან დაბრუნებას ითხოვდა. ქალი რომ გაეჩუმებინათ, უდიდესი ფინანსური რესურსი დაიხარჯა.
რა თქმა უნდა, მანტევაბს ორი წლის გოგონასთან აღარავინ მიუშვებდა. შვიდი წლის შემდეგ კი ზაჰარას პირველად ესაუბრნენ თავის ბიოლოგიურ დედაზე. ანონიმური წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ გოგონას ძალიან უნდოდა ნამდვილი დედის გაცნობა, თუმცა პიტსა და ჯოლის ეს აბსურდულად ეჩვენებოდათ.
მედიაში წერენ, რომ გაუპატიურების შედეგად დაბადებული გოგონა უფრო გაწონასწორებული და ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჯოლისა და პიტის ბიოლოგიური შვილები, რომლებსაც ბავშვობიდან არაფერზე უწევდათ უარის თქმა.
...გოგონა უარს ამბობს ბიოლოგიურ დედასთან კომუნიკაციაზე, მხოლოდ ერთხელ სთხოვა მშობლებს, მისი ნახვის უფლება მიეცათ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. გოგონა კარგად სწავლობს და უკვე ფინანსურადაც დამოუკიდებელია. სულ ცდილობს, დაეხმაროს ახლობლებს, დედას, საკუთარ და-ძმას. წერენ, რომ მსოფლიოში აუცილებლად გაიგებენ ზაჰარას შესახებ, მათ შორის ეთიოპიის იმ ძალიან ღარიბ და მიტოვებულ სოფელში, სადაც დაიბადა.