ჯოან კროუფორდსა და ბეტ დევისს შორის არსებული მტრობა ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ცნობილ კონფლიქტად ითვლება. ეს დაპირისპირება საწინააღმდეგო პოლუსების ბრძოლის კლასიკური ნიმუშია - უზადო ლამაზმანი ჯოანი სპეციფიკური გარეგნობის მქონე ბეტის წინააღმდეგ. პუნქტუალური და სისუფთავეზე შეპყრობილი ქალი - უწესრიგო დივას წინააღმდეგ; კინოეკრანის ვარსკვლავი - გენიალური მსახიობის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, ორი მსახიობის სიძულვილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. მათი ისტორია კი რაიან მერფის სერიალს - "American Horror Story" დაედო საფუძვლად. ამ დიდ მტრობაზე სერიალიც გადაიღეს, სიუზან სარანდონის და ჯესიკა ლანგის მონაწილეობით.

ჯოან კროუფორდი და ბეტ დევისი თითქმის თანატოლები იყვნენ. პირველი 1904 წელს, ხოლო მეორე 1908 წელს დაიბადა.
ჰოლივუდის დაპყრობა კროუფორდმა ცოტა უფრო ადრე დაიწყო - მან კინოსტუდია Metro-Goldwyn Pictures-თან კონტრაქტს ხელი ჯერ კიდევ 1925 წელს მოაწერა, 1928 წელს კი მუნჯ ფილმში "ჩვენი მოცეკვავე ქალიშვილები" შესრულებული როლით დიდ წარმატებას მიაღწია.


1931 წელს, როდესაც დევისი ჰოლივუდში ახალი ჩასული იყო, კროუფორდი MGM-ის წამყვან მსახიობად ითვლებოდა და სიმპათიურ კლარკ გეიბლთან რომანიც ჰქონდა. განა ეს შურის საბაბი არ იყო? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად ბეტისთვის ყველაფერი ასე იოლად არ მიმდინარეობდა: მის პირველ ფილმებს წარმატება არ მოჰყოლია, რის გამოც 1932 წელს Universal Studios-მა მასთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა.
თუმცა მალე ვითარება შეიცვალა - იმავე წელს დევისი Warner Bros-ში გადავიდა, 1934 წელს კი, ფილმში "ადამიანური ვნებების ტვირთი" შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაცია მიიღო და სუპერვარსკვლავად იქცა. კროუფორდს მსგავსი შესაძლებლობა მხოლოდ ათი წლის შემდეგ მიეცა.
30-იანი წლების შუა ხანებში ორივე მსახიობი კინემატოგრაფის აღიარებული ვარსკვლავი იყო და ჰოლივუდში მათთვის ადგილი ნელ-ნელა ვიწროვდებოდა. თუმცა მტრობის კატალიზატორად სასიყვარულო საქმეები იქცა. 1935 წელს დევისს, რომელიც იმ დროისთვის უკვე გათხოვილი გახლდათ, ფილმ "სახიფათოს" გადასაღებ მოედანზე პარტნიორი ფრანჩო ტოუნი შეუყვარდა - როგორც თავად ამბობდა, "პროფესიულადაც და პიროვნულადაც". თუმცა, ტოუნს კროუფორდი მოეწონა. "ისინი ერთად სადილობდნენ და როცა ფრანჩო გადასაღებ მოედანზე ბრუნდებოდა, მთელი სახე პომადით ჰქონდა მოსვრილი. მას ეამაყებოდა, რომ ასეთ ვარსკვლავს შეუყვარდა. ბუნებრივია, მე მშურდა", - აღიარა მოგვიანებით დევისმა. იმავე წელს კროუფორდი და ტოუნი დაქორწინდნენ, თუმცა სამაგიეროდ, დევისმა "სახიფათოსთვის" თავისი პირველი "ოსკარი" მოიპოვა.
შესაძლოა, წლების განმავლობაში ეს უსიამოვნება გამქრალიყო, მაგრამ 1943 წელს საბედისწერო შემთხვევა მოხდა - კროუფორდმა MGM დატოვა და კონტრაქტი Warner Bros.-თან, ბეტის "სამფლობელოსთან" გააფორმა. 1945 წელს კი ფილმში "მილდრედ პირსი" შესრულებული როლისთვის "ოსკარი" მიიღო - იმ როლისთვის, რომელზეც დევისმა თავის დროზე უარი თქვა. ამით ურთიერთსიძულვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა. გარკვეული პერიოდი კროუფორდი საგრიმიოროს მეზობელთან შერიგებას ცდილობდა და ყვავილებსაც კი უგზავნიდა, თუმცა დევისმა დაუყოვნებლივ დასდო ბრალი თავის უიღბლო კონკურენტს ლესბოსურ მიდრეკილებებში.
მტრობის ქრონოლოგიაში ჩაღრმავების გარეშე, გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე - სიტყვიერ დაპირისპირებაზე. გესლიანობაში ბეტ დევისმა საბრალო ჯოანს აშკარად აჯობა. მწარე შენიშვნა იმის შესახებ, რომ კროუფორდს ძაღლ ლესის გარდა ყველა მამრ ვარსკვლავთან ეძინა, არაფერია დევისის სხვა გამონათქვამებთან შედარებით: "ჯოან კროუფორდს ცეცხლიც რომ წაეკიდოს, ზედ არც კი მივაფსამდი". ან კიდევ: "კროუფორდის ნახმარ უნიტაზსაც კი არ გამოვიყენებდი". ერთხელ კი დევისმა აღნიშნა: "რატომ ვთამაშობ ალქაჯებს ასე კარგად? იმიტომ, რომ თავად არ ვარ ალქაჯი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის ჯოან კროუფორდი ასეთი დამაჯერებელი ლედის როლში". კარგი ირონიაა, არა?
კროუფორდი მსგავსი გამომგონებლობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ვალში, რა თქმა უნდა, არ რჩებოდა. დარტყმის ობიექტი ყველაზე ხშირად მეტოქის გარეგნობა ხდებოდა: "საბრალო ბეტი! ისე გამოიყურება, თითქოს მის ცხოვრებაში არც ერთი ბედნიერი დღე... ან ღამე არ ყოფილა". კიდევ ერთი მაგალითი: "მის დევისი ფილმებში ხშირად იფარავს სახეს. ის ამას ხელოვნებას უწოდებს, სხვები კი კამუფლაჟს - სილამაზის არქონის დასამალ საშუალებას დაარქმევდნენ". დევისის წარმატებას კროუფორდი შურით, თუმცა თითქმის ფილოსოფიურად უყურებდა: "ის საკულტო მსახიობია. მაგრამ რა არის კულტი, თუ არა აუტსაიდერთა საკრებულო? მე კი თაყვანისმცემლები მყავს - ეს სულ სხვა რამეა".
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კროუფორდისგან მხოლოდ ბეტ დევისს არ ხვდებოდა. მერილინ მონროს შესახებ ის ამბობდა: "ეს არის უგემოვნობის ყველაზე შოკისმომგვრელი გამოვლინება, რაც კი ოდესმე მინახავს. შეხედეთ: ჩემს მკერდს არაფერი სჭირს, მაგრამ ყველას ცხვირწინ არ ვუფრიალებ". ელისაბედ ტეილორს ჯოანმა "გათამამებული, ამპარტავანი გოგო და წესიერი საზოგადოების სირცხვილი" უწოდა, ხოლო ჯუდი გარლანდს - "გათამამებული, ქედმაღალი და თავმოყვარე ბავშვი". როგორც ჩანს, მისი სარკაზმი მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა.
1962 წელს წარმოუდგენელი რამ მოხდა: ბეტ დევისი და ჯოან კროუფორდი ერთ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. იმ დროისთვის ორივეს ჰქონდა დაკარგული ძველი ბრწყინვალება და უმნიშვნელო როლების ამარა იყვნენ დარჩენილნი. რობერტ ოლდრიჩის ფილმს "რა დაემართა ბეიბი ჯეინს?" ისინი გაზეთების პირველ გვერდებსა და ოსკარის ნომინანტთა სიაში უნდა დაებრუნებინა.

ბევრი მათ შერიგებას იმედოვნებდა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა. ფილმის სიუჟეტიც კი მსახიობებს დაპირისპირებისკენ უბიძგებდა - მათ განასახიერეს ორი და, რომელთაც ერთმანეთი არ უყვარდათ: ნიჭიერი და ლამაზი (კროუფორდი) და საშინელი და უნიჭო (დევისი). ბეტი არ ერიდებოდა ჯოანისთვის "ყალბი მეძავის" წოდებას, ერთ-ერთ საკვანძო სცენაში კი პარტნიორს თავში ფეხიც კი ჩაარტყა. გადაღებებამდე ორიოდე წლით ადრე კროუფორდი კომპანია Pepsi-Cola-ს პრეზიდენტის, ალფრედ სტილის ქვრივი გახდა - ბუნებრივია, მოედანზე ამ სასმლის აპარატი დადგეს. ბეტ დევისმა კი არ დაიზარა და სპეციალურად Coca-Cola-ს მაცივარი შეუკვეთა. არც მძაფრი ფრაზების გარეშე ჩაუვლია ყველაფერს: "კროუფორდთან მუშაობის საუკეთესო მოგონება ისაა, თუ როგორ დავაგორე იგი კიბეზე "ბეიბი ჯეინის" გადაღებებისას". კროუფორდი ვალში არ რჩებოდა: ერთ-ერთ სცენაში დევისს იგი ხელით უნდა ეთრია - ჯოანი რამდენჯერმე განზრახ ატეხდა ხოლმე ხველას, რომ გადაღება ჩაეშალა და პარტნიორს ყველაფერი თავიდან გაეკეთებინა. თუმცა, მოგვიანებით კროუფორდი ამ ხმებს უარყოფდა.

შემდეგ კი გამოუსწორებელი რამ მოხდა: დევისმა "ბეიბი ჯეინისთვის" ოსკარის ნომინაცია მიიღო, კროუფორდმა კი - არა. ჯოანმა წყენა თუ მთელ სამყაროზე არა, გადამღებ ჯგუფზე მაინც გულში ჩაიმარხა: "ყველანი საშინლები არიან, ისინიც კი, ვინც თავიდან ნიჭიერი მეგონა. ამაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ მოწყენილი ვიყავი და ფული მჭირდებოდა. იმედი მაქვს, აჩვენეს რაც შეეძლოთ და მათ შესახებ მეტს აღარაფერს მოვისმენთ". იმ წელს "ოსკარი" დევისს არ ხვდა წილად, რაზეც კროუფორდმა ბოროტი სიხარულის გამოხატვის შანსი არ გაუშვა ხელიდან. ცერემონიაზე მან ბეტს გვერდით ჩაუარა და უთხრა: "უკაცრავად, "ოსკარი" უნდა ავიღო". მართალია, იგი სცენაზე იმ ნომინანტების ნაცვლად მიდიოდა, რომლებიც დაჯილდოებას ვერ დაესწრნენ.
გასაკვირია, მაგრამ ორი წლის შემდეგ დევისი და კროუფორდი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს რობერტ ოლდრიჩის ფილმის - "ჩუმად... ჩუმად, ტკბილო შარლოტა" გადასაღებ მოედანზე. თუმცა დიდხანს ვერ გაძლეს - დევისის შხამიანი კომენტარების გამო კროუფორდმა გადამღებ ჯგუფს თავი ავადმყოფად მოაჩვენა და ბრძოლის ველი დატოვა. ამის შემდეგ მათ ერთად აღარ უმუშავიათ, თუმცა ერთმანეთის სიძულვილი სიცოცხლის ბოლომდე განაგრძეს. როდესაც 1977 წელს ჯოან კროუფორდი გარდაიცვალა, ბეტ დევისმა საუკეთესო ვერაფერი მოიფიქრა და განაცხადა: "მიცვალებულზე მხოლოდ კარგს ამბობენ. ჯოან კროუფორდი მოკვდა? ჰოდა, ძალიან კარგი". დევისმა თავის მეტოქეს 12 წლით აჯობა სიცოცხლეში. 1999 წელს ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა ორივე დივა საუკუნის 100 უდიდეს ვარსკვლავთა სიაში შეიყვანა. ბეტ დევისს მეორე ადგილი ერგო, ჯოან კროუფორდს კი - მეათე. რა მოხდებოდა, ისინი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ და ეს ენახათ? ალბათ, მარტივი წარმოსადგენია...
