...19 წლის რობერტ შაფრანისთვის კოლეჯში პირველი დღე უცნაური იყო. უცნობი ადამიანები მას ისე ესალმებოდნენ, როგორც დიდი ხნის მეგობარს. რამდენიმე გოგომ აკოცა კიდეც. რობერტი ძალიან დაბნეული იყო მანამ, სანამ ერთ-ერთმა სტუდენტმა მას დაბადების თარიღი არ ჰკითხა. პასუხის მოსმენის შემდეგ უცნობმა წამოიძახა: "შენ ტყუპი ძმა გყავს!", მაგრამ რობერტმა არ იცოდა, რომ მხოლოდ ერთი კი არა, 2 ძმა ჰყავდა.

რობერტი კოლეჯში უცნობებისგან ისმენდა ინფორმაციას ტყუპ ძმაზე, რომლებზეც არასდროს არაფერი გაეგო. ერთხელ კურსელმა ბიჭმა ედუარდ გალანდის ნომერი მისცა და რობერტმა ტელეფონზე რომ დარეკა, ხმა გაეყინა. თითქოს თავისი ხმა ესმოდა, იმდენად იდენტური იყო. იმავე დღეს ერთმანეთს შეხვდნენ, რამაც სრული შოკი გამოიწვია. ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთის ასლი იყვნენ. გაოცებულნი იყვნენ მშობლებიც, რადგან მათ არ იცოდნენ, რომ ტყუპი ჰყავდათ.
ეს ამბავი არც ადგილობრივ პრესას გამორჩენია. ერთ-ერთ გამოცემაში დევიდ კელმანმა ეს ინფორმაცია აღმოაჩინა. ის ფოტოზე უყურებდა ორ სახეს, რომლებიც მისი იდენტური იყო. დევიდმა ედუარდის მშობლების ტელეფონის ნომერი გაარკვია და დაურეკა.
საბოლოოდ, სამივე ძმა ერთად შეიკრიბა: რობერტი, ედუარდი და დევიდი. ისინი მხოლოდ გარეგნულად არ ჰგავდნენ ერთმანეთს. ერთი და იმავე სპორტით იყვნენ გატაცებულნი, ეწეოდნენ ერთსა და იმავე ფირმის სიგარეტს, მოსწონდათ ერთნაირი ქალები. მომხიბვლელი სამი ძმა მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. მათზე წერდნენ გაზეთებსა და ჟურნალებში, იწვევდნენ ტელევიზიებში და იღებდნენ ფილმებში. ასე აღმოჩდნენ ისინი ფილმში, რომელშიც მადონა მთავარ როლს ასრულებდა. ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა კი ფოტოსესიის მოწყობა სთხოვა.

შემთხვევამ მართლაც შეცვალა ძმების ცხოვრება. ისინი ამბობდნენ, რომ ერთმანეთის ნახვით ბედნიერება იპოვეს. ერთად იქირავეს ბინა, 1988 წელს კი ნიუ-იორკში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში რესტორანი "ტრიპლეტი" გახსნეს.
სამივე ძმა ნაშვილები იყო თავიანთ ოჯახში. ძმებზე მეტად, მათი აღმზრდელი მშობლები იყვნენ გაოცებულები, თუ რატომ არ უთხრეს სააგენტოში, ბავშვის აყვანისას, რომ მათ სხვა ძმებიც ჰყავდათ. თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ 3 შვილი ერთ ოჯახში არ შეიძლებოდა გაეშვილებინათ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო და მშობლები ჯერ კიდევ ვერ იგებდნენ რეალურად, რატომ დააშორეს ძმები ერთმანეთს.

ტყუპები 1961 წლის 12 ივნისსნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ახალგაზრდა გოგონას შეეძინა. აღმოჩნდა, რომ 4 ტყუპი გაჩნდა, თუმცა ერთი მშობიარობის დროს გარდაიცვალა.თავადაც პატარა გოგოს, ბავშვებზე ზრუნვა არ შეეძლო, ამიტომ გადაწყვიტა, მათთვის უკეთესი ცხოვრების შანსი მიეცა და ისინი მანჰეტენზე, ბავშვთა განვითარების ცენტრში მდებარე შვილად აყვანის სააგენტოს გადასცა...
6 თვის ასაკში ბიჭები ერთმანეთს დააშორეს და ჩართეს ექსპერიმენტში პიტერ ნოიბაუერისა და ვიოლა ბერნარდის ხელმძღვანელობით. ერთ-ერთმა ცნობილმა სააგენტომ ბავშვები სხვადასხვა ოჯახზე გააშვილა. ეს ოჯახები ერთმანეთისგან აღზრდის მეთოდითა და ცხოვრების წესით განსხვავდებოდნენ: ერთი ოჯახი ღარიბი იყო, მორე საშუალო კლასს მიეკუთვნებოდა, მესამე კი საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, არც ერთმა მშობელმა იცოდა ბავშვის აყვანისას, რომ პატარას კიდევ ჰყავდა ძმები. სპეციალისტებმა მშობლებს აუხსნეს, რომ წელიწადში რამდენჯერმე შეამოწმებდნენ. თავიდან, 4-ჯერ მიდიოდნენ სპეციალისტებთან, ასაკის მატებასთან ერთად, ვიზიტების რაოდენობა 1-მდე შემცირდა. ისინი იკვლევდნენ ბავშვების უნარებს, ჩვევებს და ყველა შეხვედრა კამერით იწერებოდა. დაკვირვება 10 წელი გაგრძელდა...
მხოლოდ რობერტი, ედუარდი და დევიდი არ იყვნენ მსგავს ექსპერიმენტში ჩართულნი. ამგვარი ტყუპის რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, მაგრამ ვინაობა უცნობია. ექსპერიმენტის შედეგები პიტერ ნოიბაუერმა საკუთარ წიგნსა და სტატიაში გამოაქვეყნა, რომელიც 1986-1990 წლებში გამოვიდა. ნაშრომი სრულად არ გამოქვეყნებულა. ის იელის უნივერსიტეტში ინახება და 2065 წლამდე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

ძმებს არა მხოლოდ ერთნარი გარეგნობა ჰქონდათ, არამედ ერთნაირი გემოვნება. მშობლების თქმით, სამივეს ჰქონდა მხედველობის პრობლემა, თუმცა მხოლოდ ერთ ძმას უმკურნალეს (ამ ფაქტმა მოგვიანებით დიდი აღშფოთება გამოიწვია).
უფრო მეტიც, სამივე მათგანს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ედუარდსა და დევიდს უკვე მოესწროთ ფსიქოლოგიური კლინიკის მონახულება, რობერტი კი პირობითი მსჯავრით იყო ციხიდან გათავისუფლებული. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ბიჭებს პრობლემები ჰქონდათ და დახმარება შეეძლოთ, თუმცა არ დაეხმარნენ. სწორედ ეს იწვევს ყველაზე დიდ ბრაზს. წლების შემდეგ, რობერტი ამბობდა, რომ ისინი მკვლევარებმა საცდელი თაგვებივით გამოიყენეს...
წლების შემდეგ სამივე მათგანი დაქორწინდა. დევიდს 2 ქალიშვილი ჰყავს, რობერტს გოგონა და ვაჟი, ედუარდს კი ერთი გოგონა. ედუარდი რამდენჯერმე გადასახლდა, რომ ძმებთამნ ახლოს ეცხოვრა. მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა აღმზრდელ მამასთან, ამიტომ ძმების პოვნის შემდეგ ოჯახი საბოლოოდ მიატოვა. სამწუხაროდ, მას 1995 წელს ბიპოლარული აშლილობა დაემართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მცირე ხანს ძმებს ისეთი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ, როგორც ადრე. რობერტის წასვლამ საერთო ბიზნესიდან და ედუარდის გარდაცვალებამ მათზე ცუდად იმოქმედა და თითქმის აღარ ჰქონდათ კონტაქტი. მათი ურთიერთობა 2018 წელს განახლდა, დოკუმენტური ფილმის "სამი ერთნირი უცნობის" გადაღებისას. ფილმმა არაერთი მაყურებელი აატირა. მით უფრო დევიდისა და რობერტის სიტყვებმა: "მსოფლიოში არსებული ფსიქოლოგებისა და მკვლევარებისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ."

ფილმში ბევრი რამ იყო მოთხრობილი. მათმა მშვილებელმა მშობლებმა გაამხილეს, რომ პატარაობაში სამივე ხშირად ურტყამდა თავს სტრესის გამო საწოლებზე. დაშორების შედეგად, ძმებს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ.
„მკვლევარებმა დაინახეს, რომ პრობლემები გვქონდა. და მათ შეეძლოთ ჩვენი დახმარება. ეს არის ყველაზე გამაღიზიანებელი. მათ შეეძლოთ დახმარება... მაგრამ არ დაგვეხმარნენ“, - თქვა დევიდმა მოგვიანებით.
და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ნამდვილი სიხარული იყო ედვარდისთვის, რობერტისა და დევიდისთვის, ექსპერიმენტის გამჟღავნებამ მძიმე გავლენა მოახდინა მათ ფსიქიკაზე.
„მათ ჩვენ ცდის ობიექტები გვიწოდეს. მაგრამ ჩვენ მსხვერპლები ვართ. ეს დიდი განსხვავებაა. „ჩვენ ლაბორატორიულ თაგვებივით გვექცეოდნენ. „მაგრამ ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ“, - წუხდა რობერტი მოგვიანებით.
...ძმებს იმედი ჰქონდათ, რომ ფილმის გამოშვების შემდეგ რაღაც შეიცვლებოდა... ბავშვთა და ოჯახების საბჭოსა და ნოიბაუერის კოლეგებს სთხოვეს ექსპერიმენტის არაეთიკური ბუნების აღიარება, იელის უნივერსიტეტში შენახული საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნება და ტესტირების დარჩენილ მსხვერპლთა გაერთიანება. თუმცა, ვერ მიაღწიეს შედეგს. არც ერთ ძმას ოფიციალური ბოდიში არ მოუხადეს.