სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ ქვეწარმავალმა დაკბინა - შოთა ზანდუკელის რჩევები - მშობლები

სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები და რა უნდა გააკეთოთ ქვეწარმავალის კბენის შემთხვევაში... - შოთა ზანდუკელის რჩევები

2026-05-04 11:00:42+04:00

ტემპერატურის მომატებასთან ერთად ქვეწარმავლები აქტიურდებიან, რაც მოსახლეობაში ხშირად შიშს იწვევს. რომელი სახეობის გველები ბინადრობენ თბილისში და რა უნდა გავაკეთოთ დაკბენის შემთხვევაში, ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი, გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს:

- რეალურად, მაისი გველების "გაღვიძების" პერიოდისთვის ძალიან გვიანია. ქვეწარმავლები მაშინ იღვიძებენ, როცა ტემპერატურა გარკვეულ გრადუსს აღწევს, ეს ტემპერატურა კი შეიძლება მარტშიც დაფიქსირდეს. მაისში ქვეწარმავალი უკვე ძალიან აქტიურია და გამრავლების პროცესიც მიდის, ანუ მაისი მათთვის ჩვეულებრივი გარემოა. გამოღვიძება, დაახლოებით, 15 მარტიდან იწყება, თუმცა ზოგჯერ მარტში ისე ცივა, რომ ეს პროცესი გვიანდება. აპრილი კი უკვე ის პერიოდია, როდესაც ქვეწარმავალი გააქტიურებულია და ჩვეული რიტმით ცხოვრებას იწყებს, სწორედ აქედან იწყება ადამიანებთან მათი შეხვედრაც.

ეს მათთვის ჩვეულებრივი რიტმია. გარეული ცხოველია და როდესაც ხელსაყრელი პირობები დგება, ზამთრის ძილის დროს დახარჯული ენერგიის აღდგენას აუცილებლად ცდილობს. ძალებს აღიდგენს, გამრავლების პერიოდს იწყებს და შემდეგი ზამთრისთვის ემზადება. ახლა ის პერიოდია, როდესაც ისინი ახალ გარემოებას ეგუებიან - ზამთრის ძილიდან გამოდიან, კვებას იწყებენ, ძალებს აღიდგენენ და პარტნიორებს ეძებენ. შეჯვარების პერიოდი ძირითადად მაისშია, ივნისში კვერცხებს დებენ, აგვისტოში კი პატარა გველები იჩეკებიან.

- რამდენად მომრავლებულია გველები თბილისის მასშტაბით?

- თბილისი, თავისი მდებარეობის გამო, ამ კუთხით ყოველთვის აქტიური იყო. მაგალითად, რუსთავის შემოგარენში თითქმის ყველგან შხამიანი გველი - გიურზა გვხვდება, რის გამოც რუსთავი უფრო „ცხელ წერტილად" მიიჩნევა, თუმცა თბილისიც საკმაოდ დატვირთულია. თბილისი ქვაბულში მდებარეობს, სადაც ქვეწარმავლებისთვის ძალიან კარგი კლიმატური პირობებია. თბილისის შემოგარენში თითქმის ყველა სახეობის არაშხამიანი გველი ბინადრობს. გარეუბნები, რომლებიც ბუნებასთან ახლოსაა, გველების გამოჩენის თვალსაზრისით უფრო დატვირთულია, ვიდრე ცენტრი, თუმცა სკვერებისა და ბუნებრივი გარემოს არსებობის გამო, მათ კორპუსებს შორის არსებულ სივრცეებშიც კი ვხვდებით.

- რამდენად საშიშია ის გველები, რომლებიც თბილისის ტერიტორიაზე ბინადრობენ?

-თბილისის ტერიტორიაზე შხამიანი გველები მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე გვხვდება. სულ ორი ასეთი სახეობაა: გიურზა და ცხვირრქოსანი გველგესლა. ქალაქში ცხვირრქოსან გველგესლასთან შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ის კონკრეტულ არეალებში - კოჯრისა და ქოროღლის ციხის ქვემოთ, კლდოვან ნაშალებში ბინადრობს. ასევე გვხვდება წყნეთში, მსხალდიდსა და ლისის ტბის ზემოთ მდებარე სოფლებში. გიურზა კი დასახლებულ პუნქტებშიც გვხვდება - აეროპორტის დასახლებიდან და ლილოდან დაწყებული, აფრიკის, ფონიჭალის, ორთაჭალის, კრწანისისა და შინდისის ჩათვლით. ეს ადგილები გიურზას ბუნებრივი გავრცელების არეალია. ვინაიდან ეს უბნები ბუნებრივ გარემოს ესაზღვრება, ურბანულ სივრცეში მათი გამოჩენა ხშირია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიურზა ან სხვა გველი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ.

- თუ ადამიანს შხამიანმა გველმა უკბინა, რას ვაკეთებთ ამ დროს?

- გიურზა იქნება, სამეფო კობრა თუ ტაიპანი, ის მხოლოდ მაშინ არის საშიში, როცა ვეხებით, მის მოკვლას ან დაჭერას ვცდილობთ, ან შემთხვევით ფეხს ვადგამთ. თუ ფეხი დავადგით, მაშინ პირველადი დახმარება და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა აუცილებელია. მოსახლეობის უმეტესობა გველის სახეობებს ვერ ცნობს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი მიმართულებით წასვლა საჭირო არ არის, რადგან გველი თავისი ინიციატივით შეტევაზე არ გადმოდის. ის ყოველთვის გაქცევას ან გაჩერებას ცდილობს და ადამიანს მხოლოდ მაშინ კბენს, თუ მან ფეხი შემთხვევით დაადგა ან სამუშაო პროცესში შეეხო.

თუ ანაფილაქსიური შოკი არ განვითარდა, რაც გველის ნაკბენის დროს იშვიათად ხდება, ადამიანს დახმარების მისაღებად ძალიან დიდი დრო აქვს. დაკბენის შემთხვევაში, პირველ რიგში, 112-ში დარეკვაა აუცილებელი. ამ დროს პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს, ხოლო წოლის შემთხვევაში ფეხების მოხრაა საჭირო. სასურველია, რომ ადამიანმა შეძლებისდაგვარად არ ინერვიულოს. მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით წყლის ან ისეთი სითხის მიღება, რომელიც კოფეინს არ შეიცავს. ყავის, კოკა-კოლასა და ალკოჰოლის მიღება ამ დროს კატეგორიულად აკრძალულია. თუ პაციენტს შაქარი ან დიაბეტი არ აქვს, დექსამეტაზონის გამოყენება დადებით ეფექტს იძლევა. ასევე კარგია შარდმდენის მიღება, თუ ადამიანს დაბალი წნევა არ აქვს, რადგან ეს თირკმელებსა და ღვიძლს ორგანიზმის გაფილტვრაში ეხმარება. ნაკბენიდან შხამის ამოწოვას აზრი არ აქვს, რადგან ის ისეთ სიღრმეზე ჩადის, რომ მისი ამოღების შანსი თითქმის არ არსებობს.

მომრავლდნენ თუ არა გველები დედაქალაქში და როგორ უნდა დავიცვათ თავი, თუ ქვეწარმავალს დავინახავთ - ჰერპეტოლოგი საუბრობს
შხამიანი გველები ხვდებიან ისეთ ადგილებშიც, სადაც წესით არ ბინადრობენ... - ჰერპეტოლოგის გაფრთხილება მშობლებს, რომლებიც ბავშვებს ბუნებაში ატარებენ