"თუ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს, ბავშვმა რატომღა ისწავლოს, რა აზრი აქვს?" - მთავარი იქნება 2 რამ, რაშიც ტექნოლოგია ადამიანს ვერასდროს ჩაანაცვლებს - მშობლები

"თუ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს, ბავშვმა რატომღა ისწავლოს, რა აზრი აქვს?" - მთავარი იქნება 2 რამ, რაშიც ტექნოლოგია ადამიანს ვერასდროს ჩაანაცვლებს

2026-05-06 09:52:56+04:00

დღეს ხელოვნური ინტელექტი უკვე წერს თხზულებებს, ხატავს ნახატებს, ქმნის ვიდეოებს და პროგრამირებასაც კი ახერხებს. სწორედ ამიტომ, ბევრ მშობელს უჩნდება ბუნებრივი შიში - თუ ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველაფერს აკეთებს, ბავშვმა რაღა უნდა ისწავლოს, მისი ცოდნა ვის რაში რასჭირდება? ხომ არ დაკარგავენ ბავშვები აზროვნების, ანალიზისა და შემოქმედების უნარს? და როგორ უნდა გაარჩიონ სიმართლე და ტყუილი იმ სამყაროში, სადაც კონტენტის დიდი ნაწილი უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი?

მთავარი მითი: „ხელოვნური ინტელექტი ბავშვებს აზროვნებას დაავიწყებს“

სპეციალისტის თქმით, მსგავსი შიში ახალი არ არის. ისტორიის განმავლობაში ადამიანები ყოველთვის უფრთხოდნენ ახალ ტექნოლოგიებს. ერთ დროს ფიქრობდნენ, რომ წერა მეხსიერებას დააზიანებდა, შემდეგ კალკულატორები გააუქმებდა აზროვნებას, მოგვიანებით კი იგივე თქვეს ინტერნეტზეც. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ადამიანი არ დეგრადირდება - ის, უბრალოდ, ახალ ინსტრუმენტებს ეჩვევა. იგივე ხდება ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც.

თანამედროვე სამყაროში ბავშვის ტექნოლოგიებისგან სრულად იზოლირება რეალურად შეუძლებელია და ხშირად ეს მას სოციალურადაც აშორებს თანატოლებს.

მთავარი ამოცანა ბავშვის ტექნოლოგიებისგან შეზღუდვა არ არის, რადგან ის მათთან წვდომას მაინც მიიღებს. თუ მას ეს არ აქვს, ხოლო მის თანატოლებს აქვთ, გარკვეულწილად თავადვე ვახდენთ მის სოციალურ იზოლირებას. სამყარო ისეთია, რომ გაჯეტები ყველგანაა და მათი გამოყენება უნდა ვისწავლოთ,თუმცა სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აქ მთავარი სიტყვა „ბალანსია“. უკონტროლო დრო სოციალურ ქსელებში ან უაზრო კონტენტის მუდმივი მოხმარება ბავშვს ნამდვილად ვერაფერს მისცემს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, როდესაც დამოუკიდებელი აზროვნება ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს კრიტიკული აზროვნების განვითარება?

ხელოვნური ინტელექტი თავისთავად ტვინს არ „თიშავს“. პირიქით - სწორად გამოყენების შემთხვევაში, ის შეიძლება კრიტიკული აზროვნების ერთგვარ ტრენაჟორადაც კი იქცეს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ იდეების ავტორი მაინც ადამიანი რჩება.

ადამიანი იგონებს, აქვს ნება, რომ რაღაც შექმნას, ხოლო ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ შემსრულებელია. მას უთხრეს — აკეთებს, არ უთხრეს — არაფერს აკეთებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვში მუდმივად ვაღვივებდეთ სურვილს, თავად მოიფიქროს, შექმნას და რაღაც ახალი სცადოს.

როგორ მოვახდინოთ ბავშვის მოტივაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?

ყველაზე ძლიერი მოტივატორი აკრძალვები კი არა, პირადი მაგალითი და ერთობლივი შემოქმედებაა. თუ მშობელი თავად იყენებს ინტერნეტს და ხელოვნური ინტელექტს საინტერესო პროექტებისთვის, ბავშვიც მათ საფრთხედ აღარ აღიქვამს და სწავლობს, როგორ გამოიყენოს ტექნოლოგია სწორად.

კრიტიკული და კრეატიული აზროვნება ყველაფრის საფუძველია. ხელოვნურ ინტელექტს ეს არ შეუძლია, სანამ ადამიანი არ ეტყვის, რა გააკეთოს. ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს ხელობის დონეზე აკეთებს, ადამიანი კი რჩება, როგორც შემოქმედებითი პროდუქტის ავტორი.

სწორედ კრეატიულობა, ახალი იდეების მოფიქრების უნარი, არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნა და წარმოსახვა დარჩება ადამიანის მთავარ უპირატესობად. ხოლო კრიტიკული აზროვნება დაეხმარება ბავშვს, არ გახდეს ფეიკების მსხვერპლი და არ დაიკარგოს ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში.

როგორ ამოვიცნოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფეიკები?

დღეს ინტერნეტში თითქმის ყველაფერი შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ იყოს შექმნილი — ვიდეო, სადაც პოლიტიკოსი „სიტყვით გამოდის“, „ადგილიდან გადაღებული“ ფოტოები ან ემოციური ისტორიები. სიმართლისა და გამოგონილის გარჩევა სულ უფრო რთულდება.

ზოგჯერ უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა, ტექსტი ადამიანმა დაწერა თუ მანქანამ.

დღეს რამდენიმე გზა არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის ამოსაცნობად. ერთ-ერთი მათგანია სპეციალური მარკირება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მასალას უნდა ჰქონდეს. თუმცა პრაქტიკაში ეს სისტემა ჯერ სრულყოფილად არ მუშაობს.

მეორე მეთოდი „ციფრული კვალის“ გამოყენებაა — ტექნოლოგიური კომპანიები ქმნიან სპეციალურ უხილავ ნიშნებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ მასალაში იქნება ჩაშენებული. პლატფორმები ამ ნიშნების ამოცნობას და ავტომატურ მონიშვნას შეძლებენ.

თუმცა საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანის სიფრთხილე და კრიტიკული აზროვნებაა.

ხელოვნური ინტელექტი სწავლას არ აუქმებს

ხელოვნური ინტელექტი არ აუქმებს სწავლების, ფიქრისა და შემოქმედების საჭიროებას. ის მხოლოდ ინსტრუმენტებს ცვლის, მაგრამ არა მიზნებს. ამიტომ მშობლების მთავარი ამოცანა ბავშვის ტექნოლოგიებისგან დამალვა კი არა, მათი სწორად და გააზრებულად გამოყენების სწავლებაა. თუ ბავშვი კრიტიკულ და კრეატიულ აზროვნებას შეინარჩუნებს, ხელოვნური ინტელექტი მის კონკურენტად კი არა, დამხმარედ გადაიქცევა.