ბევრი მშობელი შვილის ჩაკეტილობას „უბრალო ხასიათს“ ან „ასაკობრივ სიმორცხვეს“ მიაწერს, თუმცა ხშირად ამის მიღმა სოციალური შფოთვითი აშლილობა იმალება - მდგომარეობა, რომელიც მოზარდს ყოველდღიურ ცხოვრებასა და თვითრეალიზაციაში უშლის ხელს. სად გადის ზღვარი ხასიათსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის? როგორ უნდა ამოვიცნოთ „წითელი ხაზები“ და რატომ შეიძლება აღმოჩნდეს სოციალური ქსელები ერთდროულად „თავშესაფარიც“ და „მახეც“?
ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია გვესაუბრება. ის განმარტავს, თუ როგორ იცვლება შფოთვის სიმპტომები ასაკთან ერთად და რა როლი აკისრია ოჯახსა თუ სკოლას მოზარდის მხარდაჭერის პროცესში
- სოციალური შფოთვითი აშლილობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სიმორცხვე, ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც კონკრეტული სიმპტომების გამოვლენით ხასიათდება. სოციალური შფოთვითი აშლილობა იწვევს ძლიერ სტრესს და მნიშვნელოვნად აუარესებს ბავშვის ან მოზარდის ცხოვრების ხარისხს. ჩვეულებრივი სიმორცხვისგან განსხვავებით, სოციალური შფოთვითი აშლილობა მოიცავს შიშს, შფოთვას და სოციალური სიტუაციებისგან თავის არიდების ქცევებს - რაც ხელს უშლის ურთიერთობებს, მოზარდის ყოველდღიურ რუტინას, სკოლას ან სხვა საქმიანობას. შფოთვა სოციალურ გარემოში დაკავშირებულია სხვისი მხრიდან ნეგატიურად შეფასების შიშთან ისეთ სიტუაციებში, სადაც ადამიანი, მისი შეფასებით, შეიძლება სხვისი დაკვირვების ობიექტი აღმოჩნდეს.
- როგორც აღვნიშნეთ, სოციალური შფოთვითი აშლილობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმორცხვე, ის ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა, მაგ. სოციალური სიტუაციის პროცესში ყველაზე უარესი შესაძლო შედეგების დადგომის მოლოდინი. ისეთი სიტუაციებისაგან თავის არიდება, სადაც შეიძლება ყურადღების ცენტრში მოექცეს ადამიანი; უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის ან საუბრის ძლიერი შიში; ადამიანებთან ურთიერთობისათვის ან საქმიანობისათვის თავის არიდება სირცხვილის ემოციის გამო; სოციალური სიტუაციის დასრულების შემდეგ საკუთარი მოქმედების ანალიზი, საკუთარ საუბარში ან მოქმედებაში სავარაუდოდ გამოვლენილ ხარვეზებზე კონცენტრირება.
ასევე შფოთვას და სირცხვილის ემოციას თან ახლავს ისეთი ფიზიოლოგიური სიმპტომები, როგორიცაა:
- პატარა ასაკში სოციალური შფოთვა შეიძლება გამოვლინდეს ბავშვის ტირილით, ჭირვეულობით, მშობლებთან მოჭარბებული მიჯაჭვულობით ან სოციალურ სიტუაციებში საუბარზე უარის თქმით.
ხოლო მოზარდობის ასაკში უფრო მეტად შესამჩნევია ისეთი დაცვითი და ამრიდებლური ქცევები, რომელიც დამახასიათებელია სოციალური შფოთვითი აშლილობისათვის. რადგან მოზარდობის ასაკის ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მოზარდისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების აზრი და თანატოლების ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდა, სიმპტომებიც შესაბამისად ისეთ სოციალურ სიტუაციებში ვლინდება და თვალსაჩინო ხდება, სადაც მოზარდის ყოველდღიურობა მიმდინარეობს.
მოზარდი შეიძლება თავს არიდებდეს საუბრის წამოწყებას ან დუმდეს დასმული კითხვის პასუხად, თვალს არიდებდეს მოსაუბრეს, თავს არიდებს თანატოლთა შეკრებებზე სტუმრობას, ვერ ახერხებს მაღაზიაში სასურველი ნივთის ყიდვას იმის გამო, რომ არ შეუძლია ესაუბროს კონსულტანტს, ვერ ახერხებს საზოგადოებრივ ადგილებში ან სხვების თანდასწრებით საკვების მირთმევას, უარს ამბობს საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენებაზე ან სკოლაში წასვლაზე. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ტიპის ქცევა ვლინდება და მოზარდი ამას ხსნის სირცხვილის ან შფოთვის ემოციით, საჭიროა სპეციალისტთან მიმართვა და პროფესიონალური დახმარების აღმოჩენა.
- ერთი მხრივ სოციალური ქსელები ამცირებს კომუნიკაციის დროს შფოთვას. როგორც აღვნიშნეთ, სოციალური შფოთვის არსი არის ის, რომ ადამიანს აქვს სხვისი მხრიდან ნეგატიურად შეფასების შიში. სოციალური შფოთვის მქონე ადამიანს აქვს ფიქრი და ჰგონია რომ “იცის” თუ რა ნეგატიურ შეფასებას უკეთებენ სხვები მის მოქმედებას და თვითონ მას. შესაბამისად იმისათვის, რომ თავი აარიდოს სხვისი მხრიდან ნეგატიურად შეფასების საფრთხეს, მიმართავს “პრევენციულ ქცევას”, რაც დაცვითი და ამრიდებლური ქცევით გამოვლინდება. მსგავსი მექანიზმით მუშაობს სოციალური ქსელის გამოყენებით კომუნიკაციის პროცესი, ის სოციალური შფოთვის მქონე მოზარდისთვის “დაცვითი” ქცევის ფუნქციას ასრულებს.
მეორე მხრივ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დაცვითი და ამრიდებლური ქცევები ხელს უშლის მოზარდის ფსიქიკას “გადაამოწმოს” რომ სოციალურ სიტუაციაში ის “კატასტროფული” მოვლენა, რისი მოლოდინიც აქვს მოზარდს და რისი პრევენციისათვისაც იყენებს ამ ქცევებს, არ მოხდება. ამ გზით სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება და პირდაპირი კომუნიკაციის ჩანაცვლება ამ საშუალებით, ინარჩუნებს და რიგ შემთხვევაში აძლიერებს სოციალურ შფოთვას.
- სოციალური შფოთვის დროს მოზარდს ურთულდება ისეთ აქტივობებში ჩართვა, რაც სასკოლო გარემოს ჩვეული ნაწილია, ეს შეიძლება იყოს სიტყვით გამოსვლა, პრეზენტაციის გაკეთება, მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ან გაკვეთილის მოყოლა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოზარდი ამ მომენტში გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება და დაკვირვების ობიექტი ხდება. შესაბამისად ამ სირთულის მქონე მოზარდები განსაკუთრებით არიდებენ თავს მსგავსი ტიპის აქტივობებს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა არ გაკიცხონ და შეარცხვინონ მოზარდი ამის გამო. ასევე მიუღებელია მოზარდის დამუნათება ან შედარება სხვა თანატოლებთან და იმის ხაზგასმა, რომ ამ მოქმედებებში არაფერია ისეთი, რომ მოზარდს შერცხვეს. ამ გზით მშობელი ან მასწავლებელი მხოლოდ იმას მიიღებს, რომ უფრო მეტად გაიზრდება მოაზრდის შფოთვა სოციალურ სიტუაციებში.
მნიშვნელოვანია მოზარდის მიერ გამოვლენილი ინიციატივა, თუნდაც მცირე წარმატება ამ მიმართულებით აქტიურად განმტკიცდეს შექებით ან კმაყოფილების გამოხატვით, ყველაზე კარგი ვარიანტია, პედაგოგმა ამ მშობელმა გამოხატოს თავისი ემოციები სიტყვიერად, მაგ. “გახარებული ვარ, რომ მიპასუხე დასმულ შეკითხვაზე, ან მახარებს, რომ პრეზენტაციის წარდგენას წარმატებით გაართვი თავი.”
- ადრეულ ასაკში თანატოლების მხრიდან დაცინვა ან ბულინგის გამოცდილება რიგ შემთხვევაში ხდება ის ტრიგერი, რაც სოციალურ შფოთვის გააქტიურებას იწვევს მოზარდობის ასაკში. ერთ-ერთი განმასხვავებელი არის ის ფაქტორი, რომ სოციალური შფოთვის დროს დაცვითი და ამრიდებლური ქცევები უკავშირდება სხვისი მხრიდან ნეგატიურად შეფასების შიშს, რაც აისახება როგორც მოზარდის ქმედებაში, ასევე მისი საუბრის შინაარსშიც კარგად ჩანს. ხოლო ძალადობის ან ჩაგვრის გამოცდილების შემთხვევაში ამრიდებლური ქცევის საფუძვლად ქცეული აზრები განსხვავებული შინაარსისაა და შეიძლება ასახავდეს რეალური საფრთხის არსებობას.
- როგორც აღნიშნეთ, მშობლების მსგავსი მოქმედებები უფრო მეტად ზრდის შფოთვას ბავშვებში და მოზარდებში. ასეთი ტიპის შეფასებები დახმარების და აქტივაციის საპირისპიროდ აძლიერებს სირცხვილის ემოციას, ბავშვი ან მოზარდი უფრო “ჩაკეტილი” ხდება. ძლიერდება დაცვითი ქცევების გამოვლენის სიხშირე და ხარისხი.
- საუბარზე მეტად ეფექტურია მივცეთ მას მისაღები ქცევის მაგალითი და გამოვლენის შემთხვევაში განვამტკიცოთ დადებითი უკუკავშირის გამოყენებით. ასევე მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მის განცდებს და ვაჩვენოთ, რომ მის გვერდით ვართ, ჩვენს საუბარზე უფრო ეფექტურია განცდა, რომ მას უსმენენ და მხარდაჭერას გამოხატავენ.
- იმ შემთხვევაში, თუ სოციალური შფოთვა ბავშვს ან მოზარდს ხელს უშლის სწავლაში, ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ან მოზარდი ითხოვს დახმარებას მნიშვნელოვანია მივმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის და მკურნალობის თვალსაზრისით მაღალი ეფექტურობით და მტკიცებულების მაჩვენებლით გამოირჩევა კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, რაც აზრების ცვლილების ხარჯზე იწვევს ემოციის, ქცევის და შფოთვისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური სიმპტომების ცვლილებას.
- საურველია ერთი ფაქტორის გათვალისწინება. იმის გამო, რომ ბავშვობის და მოზარდობის ასაკში ბავშვის შფოთვაზე გავლენას ახდენს მშობლის ან ზრდასრული ადამიანის რეაგირების სტილი, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მსგავს სიტუაციაში თვითონვე შეინარჩუნოს სიმშვიდე. ბავშვი აკვირდება მშობლის რეაგირებას. თუ მშობელი გამოხატავს შფოთვას, ბავშვის შფოთვაც იმატებს, ხოლო შესაბამისად, თუ მშობელი მშვიდად რეაგირებს, ბავშვის შფოთვაც ეტაპობრივად მცირდება.
- ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ასევე დახმარების თხოვნა და შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, შესაძლებლობას მოგცემთ დაამარცხოთ შფოთვა და დატკბეთ ცხოვრებით.
ნინო გიგიშვილი