ფიტნეს ინსტრუქტორი, მაკა ხიზანიშვილი, გადაცემაში "დღის პოსტი" პლასტიკურ ქირურგიასა და იმ უარყოფით კომენტარებზე საუბრობს, რომლებიც სოციალურ ქსელებში მის გამოჩენას მოჰყვა:
- სახის პლასტიკური ოპერაცია იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მომწონდა. ამდენი შეჯიბრებაზე გამოსვლისგან, შრობისგან და ასეთი რეჟიმისგან სახის კანი ძალიან გამიფუჭდა. რადგან სახეზე ცხიმი ფაქტობრივად არ მაქვს, კანი ჩამოიწია და ამიტომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ივამაც რომ ნახა, მითხრა, რომ გასაკეთებელი ნამდვილად იყო. ოპერაციიდან ორ თვეზე ცოტა მეტი გავიდა. კიდევ მაქვს შესიებები, რადგან ყველაფრის ბოლომდე ჩაჯდომას სადღაც წელიწად-ნახევარი სჭირდება. ისედაც თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ ახლა სხვაგვარად, უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ვარ. თავიდან მეშინოდა. გადაწყვეტილება მალე მივიღე - ერთ კვირაში უკვე ოპერაცია გამიკეთდა. ჩემი ოპერაცია შვიდი საათი გრძელდებოდა.
ნარკოზიდან ფანტასტიკურად გამოვედი, საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი. ტკივილები არ მქონია, უბრალოდ შესიება და კორსეტის ტარება დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. აგვისტომდე რუჯის მიღებაც ამეკრძალა. რადგან ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მაქვს გაკეთებული, სარკეში საკუთარ თავთან შეგუების მომენტი არ მქონია. უბრალოდ ის ნაწილები აღარ მაქვს, რომლებიც არ მომწონდა.
ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი ვიდეო ოპერაციამდე ჩავწერე, შემდეგ კი ნარკოზიდან გამოსვლის პროცესიც გავასაჯაროვე. ეს ვიდეოები იმიტომ გადავიღე, რომ ქალებისთვის მეჩვენებინა - რეაბილიტაცია რთული არ არის. ვარჯიშის გამო ჩემს ორგანიზმში ყველა პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. აგვისტოში 57 წლის ვხდები. ბავშვობაში ვცურავდი, შემდეგ კი წყალბურთში გადავედი და უმაღლეს ლიგაში საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი გავხდი. ვარჯიში ადამიანის ხასიათზე ძალიან მოქმედებს. როცა საკუთარი ტანით კმაყოფილი ხარ, უფრო თავდაჯერებული ხდები და პატარა რაღაცებზე აღარ ნერვიულობ...
სოციალურ ქსელში გამოხმაურებებს რაც შეეხება - ყველას ვერ მოეწონები. ვფიქრობ, ჰეითერები რომ არ ყოფილიყვნენ, ასეთი პოპულარული ვერ გავხდებოდი. ჩემი პირველი ვიდეო, სადაც გივისთან ერთად ვცეკვავდი, ძალიან ბევრმა გვერდმა გააზიარა და ათასობით კომენტარი დაიწერა.1500-200 კომენტარი იყო. ყველგან მლანძღავდნენ, მწერდნენ - "ტრანსი" ხარო. მიუხედავად ლანძღვისა, მაშინაც არ მინერვიულია, რადგან მანამდეც მქონდა მსგავსი გამოცდილება და უკვე მიჩვეული ვიყავი. საბოლოოდ, სწორედ მათმა აქტიურობამ გამხადა ცნობილი, ბევრმა მათგანმა კი მოგვიანებით ბოდიშიც მომიხადა.