"მაისი საკმაოდ გრილი და წვიმიანი იქნება, ტემპერატურა ნორმაზე დაბალი..." - როდის გამოიდარებს და როდიდან მოიმატებს ტემპერატურა +32 გრადუსამდე - მშობლები

"მაისი საკმაოდ გრილი და წვიმიანი იქნება, ტემპერატურა ნორმაზე დაბალი..." - როდის გამოიდარებს და როდიდან მოიმატებს ტემპერატურა +32 გრადუსამდე

2026-05-06 11:41:02+04:00

20 მაისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება:

- მაისის თვე საკმაოდ გრილი და წვიმიანი იქნება. ცალკეულ დღეებში, რა თქმა უნდა, გამოიდარებს, მაგრამ თვის ტემპერატურა თითქმის ყველგან ნორმის ფარგლებში და ნორმაზე 1 გრადუსით დაბალია.

დღეს წვიმიანი ამინდი დღის ბოლომდე გაგრძელდება, საღამოს კი ნალექი შესუსტდება და გადაიღებს. ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მცირე წვიმა შენარჩუნდება. ანალოგიურად, აღმოსავლეთ საქართველოშიც, მათ შორის თბილისშიც, ხვალ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ​ეს უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მხოლოდ 8 მაისს თბილისში მცირე, ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი.

მომდევნო კვირაშიც, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, დროგამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი. თბილისში ორშაბათს საღამოს საათებში იწვიმებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ​ამ დღეებში დასავლეთ კვლავ დაბალი ტემპერატურა, +18, +20 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში +18, +19 გრადუსის ფარგლებში. შაბათიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს და +25, +26 გრადუსს მიაღწევს. კოლხეთის დაბლობზე შაბათიდანვე უფრო მაღალი ტემპერატურა, +29 გრადუსამდე იქნება.

მომდევნო კვირის შუა რიცხვებში, 13-14 მაისს, ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და +28, +29 გრადუსს მიაღწევს. ​აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში დღეს დაბალი ტემპერატურა, +16, +17 გრადუსი იქნება, თუმცა ხვალიდან მომატებას დაიწყებს და კვირის ბოლომდე +25, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მაისის 20 რიცხვამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას გამოიდარებს და მზიანი ამინდი იქნება, ორშაბათიდან საღამოს საათებში გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ელჭექი და ხანმოკლე წვიმები მაინც მოსალოდნელია. ​ნალექების რაოდენობა ძირითადად ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნორმაზე მეტი ნალექია მოსალოდნელი. საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე +16, +19 გრადუსს შეადგენს, რაც კლიმატურ ნორმაზე 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთის მთიან რაიონებში +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი - +10, +12 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში, საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, +16, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. თვის ბოლოსკენ, 20 მაისის შემდეგ, ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში +31 გრადუსამდე მოიმატოს.