რადიოლოგიის როლი თანამედროვე ონკოლოგიაში - მშობლები

რადიოლოგიის როლი თანამედროვე ონკოლოგიაში

2026-05-06 11:34:12+04:00

ონკოლოგიური დაავადებების მართვა წარმოუდგენელია მაღალტექნოლოგიური ვიზუალიზაციის გარეშე. რადიოლოგია არ არის მხოლოდ დიაგნოსტიკის საშუალება. ის არის „გზამკვლევი“, რომელიც ექიმს სიმსივნის აღმოჩენაში, მკურნალობის დაგეგმვასა და შედეგების კონტროლში ეხმარება.

ამ მნიშვნელოვან თემებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი ნათია კბილაშვილი გვესაუბრება. იგი დეტალურად განმარტავს რადიოლოგიური კვლევების როლს, მეთოდებს შორის განსხვავებებს და უსაფრთხოების ნორმებს, რომლებიც ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს.

- რა როლი აქვს რადიოლოგიას ონკოლოგიაში დარატომ ითვლებაისონკოლოგიური პროცესების მართვისმნიშვნელოვან ნაწილად?

- რადიოლოგია უზრუნველყოფს სიმსივნური დაავადებების დროულ აღმოჩენას, ზუსტ შეფასებასა და მკურნალობის მონიტორინგს. რადიოლოგიური კვლევები ხშირად საშუალებას იძლევა, სიმსივნე გამოვლინდეს ჯერ კიდევ სიმპტომების გაჩენამდე. იგი ეხმარება ექიმს, განსაზღვროს წარმონაქმნის ზომა, ფორმა და ლოკალიზაცია. რადიოლოგიური მეთოდების გამოყენებით ექიმები ზუსტად მიმართავენ ნემსს საეჭვო უბანში ბიოფსიისთვის, რაც ზრდის დიაგნოზის სიზუსტეს. ამავდროულად, მას მკურნალობის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის ან ქირურგიის შემდეგ რადიოლოგიური კვლევები აფასებს მკურნალობის შედეგებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, რადიოლოგია არა მხოლოდ დიაგნოსტიკის, არამედ მთელი ონკოლოგიური პროცესის მართვის საფუძველია — დაწყებული ადრეული გამოვლენიდან, დამთავრებული მკურნალობის შედეგების შეფასებით.

- როგორია სტატისტიკა,რამდენად ცვლის ადრეული დიაგნოსტიკა პაციენტის გადარჩენის შანსს?

- სიმსივნის ადრეული აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია ონკოლოგიაში, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტის გადარჩენაზე, მკურნალობის ეფექტურობასა და ცხოვრების ხარისხზე. მეცნიერული მონაცემები აჩვენებს, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი კიბოს შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე გვიან სტადიაზე. მაგალითად, ადრეულ სტადიაზე ძუძუს კიბოს აღმოჩენისას გადარჩენის შანსი დაახლოებით 90-95%-ია, მაშინ როცა გვიან სტადიაზე — 20-30%. კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისას გადარჩენის შანსი 90%-ია, ხოლო გვიანი დიაგნოზისას — 10-15%. ადრეულ ეტაპზე სიმსივნე ხშირად ლოკალიზებულია, არ არის გავრცელებული და, ამიტომ, შესაძლებელია მისი სრულად განკურნება ნაკლებად აგრესიული თერაპიით, რომელსაც ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს. ადრეული დიაგნოზი ხშირად ნიშნავს ნაკლებ ინვაზიურ ჩარევას. თანამედროვე რადიოლოგიური ტექნოლოგიები ამ პროცესის საფუძველია. სკრინინგული კვლევები საშუალებას იძლევა, კიბო სიმპტომების გაჩენამდე გამოვლინდეს. თანამედროვე მეთოდები აფიქსირებენ ძალიან მცირე ზომის წარმონაქმნებს, განსაზღვრავენ ქსოვილების სტრუქტურასა და ცვლილებებს ადრეულ ეტაპზე.

- არსებობს თუ არა კონკრეტული „საგანგაშო“ სიმპტომები, რომლის დროსაც რადიოლოგიური კვლევები საჭიროა?

- რადიოლოგთან მიმართვა ხშირად ხდება ექიმის გადამისამართებით, მაგრამ არსებობს ისეთი სიმპტომები, როცა დაყოვნება არ შეიძლება და საჭიროა სწრაფი კვლევა. მაგალითად, ნერვული სისტემის სიმპტომებიდან: თავის ძლიერი ტკივილი, გონების დაკარგვა ან დაბინდვა, სხეულის ერთი მხარის სისუსტე/დაბუჟება, მეტყველების გაძნელება. გულმკერდის სიმპტომებიდან შეიძლება გამოვყოთ: ძლიერი ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ხველა. ასევე უნდა აღინიშნოს მუცლის ძლიერი ტკივილი და მასთან ერთად სიცხე, გულისრევა, ღებინება. რადიოლოგიური კვლევები უნდა ჩავიტაროთ ტრავმის დროსაც.

- ხშირად გვესმისტერმინები CT და MRI. რა პრინციპული განსხვავებაა მათ შორის და როდის რომელი ინიშნება?

- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ორივე თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევაა, მაგრამ მათი მუშაობის პრინციპი და გამოყენების სფეროები განსხვავებულია. კომპიუტერული ტომოგრაფია იყენებს რენტგენის სხივებს, ქმნის სხეულის „ნაჭრებად“ გამოსახულებებს და ძალიან სწრაფია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველსა და რადიოტალღებს, იძლევა უფრო დეტალურ გამოსახულებას რბილი ქსოვილებისთვის და შედარებით ხანგრძლივი პროცესია.

CT ხშირად გამოიყენება, როცა საჭიროა ძვლების დაზიანების შეფასება, თავის ტვინში სისხლჩაქცევის სწრაფი გამოვლენა, ფილტვების პრობლემების დროს, გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში და ა.შ. MRI უფრო ეფექტურია ტვინისა და ნერვული სისტემის დეტალური კვლევისთვის, სახსრების, მყესების, კუნთების შეფასებისთვის, სიმსივნეების უფრო ზუსტი ვიზუალიზაციისთვის, ხერხემლის დისკების პრობლემების დროს და სხვა. ონკოლოგიაში ხშირად ამ ორი კვლევის კომბინაციაა საჭირო: CT გამოიყენება სხეულის ფართო სკანირებისთვის, სიმსივნის სტადირებისთვის, ხოლო MRI განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნის ზუსტი საზღვრების, ლოკალური გავრცელებისა და მიმდებარე ქსოვილებთან ურთიერთობის შეფასებისთვის.

- რას წარმოადგენს კონტრასტული ნივთიერება, რომელსაც რადიოლოგიური კვლევის დროს იყენებენ და როდის არის ის საჭირო?

- კონტრასტული ნივთიერება არის სპეციალური პრეპარატი, რომელსაც იყენებენ გამოსახულებითი კვლევების დროს, რათა ორგანოები და პათოლოგიური კერები უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ კონტრასტი ცვლის ქსოვილების „ხილვადობას“ CT-სა და MRI კვლევის დროს. სხვადასხვა ქსოვილი განსხვავებულად იკრიბავს კონტრასტს და ამით ჩნდება განსხვავება ნორმალურ და პათოლოგიურ ქსოვილებს შორის. ონკოლოგიურ კვლევებში კონტრასტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. იმის გამო, რომ სიმსივნე ნორმალურ ქსოვილთან შედარებით განსხვავებულად იკრებს საკონტრასტო ნივთიერებას, შესაძლებელია მცირე ზომის კერების აღმოჩენა და ზუსტი საზღვრების დადგენა, რაც კრიტიკულია ქირურგიული მკურნალობის დროს. კონტრასტით ბევრად უფრო ადვილი შესამჩნევია მეტასტაზები ორგანოებში. მკურნალობის შემდეგ კონტრასტი აჩვენებს, „ცოცხალია“ თუ არა სიმსივნური ქსოვილი.

ეს ნივთიერება უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხოა, მაგრამ არსებობს მსუბუქი რეაქციები: სიცხის შეგრძნება, გულისრევა, მეტალის გემო პირში. იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციაც, ამიტომ წინასწარ ვეკითხებით პაციენტებს ალერგიაზე. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო თირკმლის დაავადებებისა და ალერგიული ანამნეზის მქონე პაციენტებში.

- რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა რადიოლოგიური კვლევების დროს დასხივების შესახებ?

- რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია იყენებს მაიონიზებელ გამოსხივებას, რის გამოც ბევრ პაციენტს აშინებს ეს მეთოდები. თუმცა რეალურად, თანამედროვე მედიცინაში ეს კვლევები ითვლება კონტროლირებად და უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხო პროცედურად. თეორიულად, გამოსხივებამ შეიძლება გაზარდოს რისკი, თუმცა ერთჯერადი CT კვლევის რისკი ძალიან დაბალია. პრაქტიკაში სარგებელი თითქმის ყოველთვის აჭარბებს რისკს, განსაკუთრებით ონკოლოგიაში, სადაც სწორი დიაგნოზი სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასი შეიძლება იყოს. თანამედროვე აპარატები იყენებენ დაბალი დოზის პროტოკოლებსა და ავტომატურ რეგულაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გამოსხივებას წინა წლების აპარატებთან შედარებით. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან, ხოლო ორსულებში CT ტარდება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას. ასეთ შემთხვევაში ექიმები ირჩევენ ალტერნატივებს, მაგ. MRI-ს ან ულტრაბგერას.

- სჭირდება თუ არა რადიოლოგიურ კვლევას სპეციფიკური მომზადება?

- პაციენტის მომზადება რადიოლოგიური კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს შედეგის სიზუსტეზე. მომზადება განსხვავდება კვლევის ტიპის მიხედვით. მაგალითად, MRI კვლევისას პაციენტმა აუცილებლად უნდა მოიხსნას ყველა მეტალის ნივთი; თუ აქვს იმპლანტები (პეისმეიკერი, მეტალის კონსტრუქცია), წინასწარ უნდა აცნობოს ექიმს. CT კონტრასტული კვლევისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის შემოწმება და ექიმის ინფორმირება შესაძლო ალერგიული რეაქციების შესახებ.

- თქვენ ახსენეთ რომ თანამედროვე აპარატებს ნაკლები დასხივება აქვს. ზოგადად, კვლევის დროს რა როლი აქვს აპარატურას? როგორია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტექნიკური ბაზა?

- აპარატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს არ წყვეტს. თანამედროვე აპარატები განსხვავდება გამოსახულების გარჩევადობით, სიჩქარითა და სპეციალური შესაძლებლობებით. „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიურ დეპარტამენტს აქვს ძლიერი ტექნიკური საფუძველი. ჩვენი აპარატები გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხითა და სიმძლავრით, რაც სწორი დიაგნოზის საწინდარია. დეპარტამენტი აღჭურვილია ახალი თაობის MRI აპარატებით (ორი 3 ტესლა და ერთი 1.5 ტესლა) და უახლესი თაობის ორი კომპიუტერული ტომოგრაფით (128-შრიანი და 160-შრიანი).

- და ბოლოს,როგორია რადიოლოგის როლი და პასუხისმგებლობა აღნიშნული პროცესების დროს?

- რადიოლოგის როლი დიაგნოზის პროცესში ძალიან დიდია და მას მაღალი ეთიკური პასუხისმგებლობა აკისრია. გამოცდილი რადიოლოგი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აპარატი, რადგან სწორი ინტერპრეტაცია დიაგნოზის გასაღებია. რადიოლოგი არ არის უბრალოდ „სურათის დამთვალიერებელი“. მისი ფუნქციაა კვლევის სწორად შერჩევა, გამოსახულების დეტალური ანალიზი, პათოლოგიის ამოცნობა და დასკვნის ფორმულირება. რადიოლოგის პასუხისმგებლობა მაღალია, რადგან მან არ უნდა გამოტოვოს მცირე, მაგრამ კრიტიკული ცვლილება. საბოლოო დიაგნოზს ხშირად სვამს მკურნალი ექიმი, რადიოლოგი კი აწვდის უტყუარ მტკიცებულებას. ეს არის გუნდური მუშაობა, რაც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ყოველდღიური საქმიანობის საფუძველია.

R