"შეუძლებელია იმ ბავშვის იგნორირება, რომელიც მოლში დაიღალა და ამის გამო ტირის... ჩვენთვის კი მარტივია მზა რეცეპტები: "დავსაჯოთ თუ არა", "მივაქციოთ ყურადღება თუ არა"... არის სიტუაციები, როდესაც ყურადღება აუცილებელია" - მშობლები

"შეუძლებელია იმ ბავშვის იგნორირება, რომელიც მოლში დაიღალა და ამის გამო ტირის... ჩვენთვის მარტივია მზა რეცეპტები: "დავსაჯოთ თუ არა", "მივაქციოთ ყურადღება თუ არა"... არის სიტუაციები, როდესაც ყურადღება აუცილებელია"

2026-05-06 12:55:35+04:00

"გვგონია, რომ ბავშვები ყველაფერს გაუძლებენ... ბავშვს რაღაც აწუხებს, სიტყვიერად გამოხატვა არ შეუძლია და მისი ემოციური მდგომარეობა "აგრესიულ" ქცევად აღიქმება

რატომ იქცევა ბავშვი აგრესიულად: "ქცევას აქვს მიზეზი, ჩვენ კი არ გვცალია მათ დასანახად... ვინ აქცევს ამას ყურადღებას?

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს, რა შეიძლება, გახდეს ბავშვის აგრესიის მიზეზი და რატომ არ შეიძლება, მშობლებმა სპეციალისტების ერთი და იგივე რჩევა სხვადასხვა სიტუაციას პირდაპირ მოარგონ:

- უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, თუ როგორ იყენებენ უფროსები ტერმინ "აგრესიას". როდესაც ვთხოვთ, აღწერონ, თუ რას ეძახიან აგრესიულ ქცევას, ხშირად ირკვევა, რომ ეს სულაც არ არის აგრესია. ეს არის ბავშვის მინიშნება საკუთარ საჭიროებებზე - იმაზე, თუ რა აწუხებს მას. ბავშვს რაღაც აწუხებს, თუმცა ამის სიტყვიერად გამოხატვა არ შეუძლია. მისი ემოციური მდგომარეობა გარეგნულად სწორედ ასეთ "აგრესიულ" ქცევად აღიქმება. ​მაგალითისთვის ძალიან ხშირ შემთხვევას მოვიყვან: ხდება ხოლმე, რომ ბავშვი უბრალოდ იღლება და იფიტება და ამ დროს გაღიზიანება ეწყება.

საბავშვო ბაღებში ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი აგრესიულად იქცევა. როდესაც ვკითხულობ, თუ კონკრეტულად რომელ საათზე ვლინდება ეს ქცევა, მპასუხობენ, რომ, მაგალითად, პირველ სადილამდე. იქნებ ბავშვს უბრალოდ ეძინება ან დაიღალა? ამას ვინ აქცევს ყურადღებას? ჩვენ ყველაფერს ჩვენი პოზიციიდან ვუყურებთ და გვგონია, რომ ბავშვები ყველაფერს გაუძლებენ. შესაძლოა, მას უბრალოდ შია. ან, მაგალითად, წაიყვანეთ მოლში და მან იქ ისტერიკა მოგიწყოთ. სანამ რეაგირებას მოახდენდეთ, კარგად უნდა გაერკვიოთ, რატომ ტირის ან რატომ "გაჭედა" ბავშვმა.

თუნდაც რაღაცის ყიდვას ითხოვდეს, შესაძლოა, მას ეს სულაც არ უნდოდეს. ბავშვის ქცევა არ არის მექანიკური, მას თავისი მიზეზები აქვს, ჩვენ კი ხშირად არ გვცალია მათ დასანახად.

ჩვენი რჩევაა, რომ ბავშვს განუვითარდეს ნებელობა, ისწავლოს გარკვეული ჩარჩოები და არჩევანის გაკეთება. როდესაც მშობლებს ვურჩევთ, მოახდინონ არასასურველი ქცევის იგნორირება - მაგალითად, როცა ბავშვი კანფეტს ითხოვს, თქვენ კი მის მიცემას არ აპირებთ და ხშირად მხოლოდ იმიტომ აძლევთ, რომ გეშინიათ, რამე არ დაუშავოს საკუთარ თავს - მშობლები ამ "იგნორირებას" მექანიკურად ყველაფერზე ავრცელებენ. ​

შეუძლებელია იმ ბავშვის იგნორირება, რომელიც მოლში დაიღალა და ამის გამო ტირის. ამ დროს მას იგნორირება კი არ სჭირდება, არამედ ხელში აყვანა, მოფერება, დამშვიდება და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. ანუ, ჩვენი რჩევებიც კი შეიძლება მექანიკურად იქნას გაგებული. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა: დააკვირდით თქვენს შვილს და გაიგეთ, რატომ იქცევა ასე. ჩვენ კი ამისთვის დრო არ გვაქვს. ჩვენთვის უფრო მარტივია მზა რეცეპტებით მოქმედება: "დავსაჯოთ თუ არ დავსაჯოთ", "მივაქციოთ ყურადღება თუ არა". სინამდვილეში ასე არ არის. არის სიტუაციები, როდესაც ყურადღება აუცილებელია, ზოგჯერ იგნორირებაა საჭირო, ხოლო ზოგჯერ დასჯა, რაც ფსიქოლოგების ენაზე სიამოვნების მოკლებას ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ერთი და იგივე რჩევას ყველა სიტუაციას ვერ მოვარგებთ.

სწორი და არასწორი რეაქციები ბავშვის აგრესიაზე: როცა ყვირის და გვეჩხუბება, მშობლის რეაქციაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ყველაფერი მომავალში