ნათლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვა და ხშირად არასწორი შეხედულებაც არსებობს: შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა და რა შემთხვევაშია ეს გადაწყვეტილება დასაშვები? რა ვალდებულება აქვს ნათლიას ნათლულის წინაშე და პირიქით? რამდენ თაობაზე ვრცელდება სულიერი ნათესაობა და როგორ უნდა იზრუნოს ნათლულმა გარდაცვლილი ნათლიის სულისთვის? რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ადამიანი, რომელსაც შვილის ნათლიად ვირჩევთ?...
აღნიშნულ თემებზე გვესაუბრება მამა იაკობ მესტვირიშვილი:
- ნათლობა ქრისტიანობაში ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი საიდუმლოა - ადამიანის ახალი ცხოვრების დასაწყისი ღმერთში. ნათლისღების დროს ხდება ადამიანის ხელახლა შობა, ოღონდ უკვე არა ხორციელი, არამედ სულიერი ცხოვრებისთვის. როგორც მაცხოვარი გვასწავლის: „თუ ვინმე არ იშვება წყლითა და სულითა, ვერ შევა სასუფეველში“. ამ სიტყვებს ქრისტე ნიკოდიმოსს ეუბნება, რომელიც კითხვითვე პასუხობს - ნუთუ შესაძლებელია ასაკიანი ადამიანის დედის მუცელში მეორედ შესვლა? იესო უხსნის მას, რომ აქ საუბარია ადამიანის შინაგან განახლებაზე წყლისაგან და სულიწმინდის მიერ, რაც მღვდლის ხელდასხმით აღესრულება.
- ნათლობა არის გზა სასუფევლისკენ. ამ დროს ხდება ძველი, ცოდვილი ადამიანის „დამარხვა“ და ახალი, განწმენდილი ადამიანის აღდგომა ქრისტეში. ეს ერთადერთი საიდუმლოა იმ დაზიანებული ბუნებისგან განსაწმენდად, რომელიც ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ მემკვიდრეობით ყველა ადამიანზე გადადის . ნათლობისას სული განიწმინდება, იწყება სულიერი ცხოვრება, ადამიანი მადლით ღვთის შვილი ხდება და იღებს ძალას, იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ დროს ადამიანის გულში ინთება „ღვთის ნაპერწკალი“, რომელიც მან მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. თუმცა, როდესაც ვცოდავთ, სულიერად ვსუსტდებით და ბოროტს საშუალებას ვაძლევთ, განსაცდელში ჩაგვაგდოს. ყოველი ცოდვა თავისი არსით მონობაა.
- სწორედ ამისთვის არსებობს აღსარება - ცოდვების აღიარება, რომლის დროსაც სული კვლავ განიწმინდება. ადამიანს ისევ ეძლევა ძალა, რომ გახდეს უკეთესი და წმინდა ზიარებით კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდეს უფალს.
- ნათლია არ არის უბრალოდ ნათლობის საიდუმლოს მოწმე ან ჩვეულებრივი მონაწილე, იგი სულიერი მშობელია. მისი მთავარი დანიშნულებაა, მუდმივად ილოცოს ნათლულისთვის. უპირველესად, თავად ნათლია უნდა დადიოდეს ტაძარში, სადაც ილოცებს მისთვის და მოიხსენიებს ყოველ წირვაზე.
ნათლიამ უნდა იზრუნოს ნათლულის სულიერ ზრდაზე, ასწავლოს მას რწმენა, ლოცვა და თავად იყოს ქრისტიანული ცხოვრების მაგალითი. მისი მოვალეობაა, დაეხმაროს ნათლულს ეკლესიასთან ურთიერთობაში და მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერად პატრონობდეს მას.
- სიტყვა „მიმრქმელი“ ნიშნავს მიმღებს. სიმბოლურად, ნათლია ბავშვს სულიერ ოჯახში იღებს და ხდება მისი „მიმღები“ ქრისტეში. იგი იღებს პასუხისმგებლობას ნათლულის სულიერ აღზრდაზე. ნათლიასა და ნათლულს შორის კი ღრმა სულიერი კავშირი მყარდება.
ჯვარი ჩვენი ხსნის იარაღია, ის გვიცავს და გვიფარავს ბოროტისაგან. ნათლია ნათლულს ჯვარს სწორედ ამიტომ ჩუქნის - ეს არის მისი ფარი, მისი მცველი და უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის მისი გადარჩენის გზა.
- თავდაპირველად გავითვალისწინოთ, რომ ეს ადამიანი თავად იყოს ქრისტიანი - თავისი ცხოვრების წესით, კარგი ადამიანობითა და ქრისტიანობით. სწორედ ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა სოციალური სტატუსის მიხედვით. თუ ნათლია თავად არ არის აღმსარებელი და მაზიარებელი, იგი ვერ შეძლებს ნათლულის სულიერ წინამძღოლობას. თავად ბნელში მყოფი როგორ წაიყვანს სხვას ნათელში? ნათლია უნდა იყოს სიმართლის, სინათლისა და სიყვარულის სახე.
- ნათლია, უპირველეს ყოვლისა, ნათლულისთვის ლოცვით უნდა ზრუნავდეს. რაც არ უნდა უქადაგოს ნათლიამ, თუ თავად არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი, მის სიტყვას აზრი ეკარგება. თუ ნათლული დაინახავს, რომ მისი ნათლია კარგი ქრისტიანია - მლოცველი, მმარხველი და მიმტევებელი - მას ბევრი საუბარი აღარც დასჭირდება, თავისთავად გაუჩნდება სურვილი, რომ ნათლიას მიბაძოს.

- ეს არასწორია. ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ- ჩვენი ჯვარი ვიტვირთოთ. მაგალითად, თუ მომავალი ნათლულის ოჯახი არ ცხოვრობს ქრისტეს მცნებებით, არ არიან ქრისტიანობის სახე, უმჯობესია, უარი ვთქვათ. ნათლიობა დიდი სულიერი პასუხისმგებლობაა და არა უბრალოდ ფორმალობა.
ეს სარწმუნოების ღალატია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იუდამ უღალატა ქრისტეს, თუმცა მაცხოვარი მას შანსს აძლევდა. ჩვენც უნდა მივცეთ ადამიანს შანსი - სანამ ცოცხალია, მასზე ზრუნვა არ უნდა შევწყვიტოთ. უნდა ვეცადოთ, შევიდეთ პოლემიკაში, ავუხსნათ არგუმენტებით და, ვილოცოთ მისთვის.
- ნათლია სულიერი მშობელია. როდესაც ადამიანს გარდაეცვლება ახლობელი, იგი მისთვის ყველაფერს აკეთებს და ეს, პირველ რიგში, არის ლოცვა: მოხსენიება წირვაზე, პირად ლოცვებში ფსალმუნთა კითხვა და ისეთივე ზრუნვა, როგორც ვზრუნავთ ნებისმიერ ახლობელზე.
- დახმარება და რჩევა კარგი იქნება, თუმცა უმჯობესია, ადამიანმა მოძღვარი თავად შეარჩიოს. სასულიერო პირი ნათლიისთვის შეიძლება ძალიან კარგი სულიერი წინამძღვარი იყოს, მაგრამ ნათლული მასთან ვერ გაიხსნას. მოძღვარი ადამიანის სულთან ახლოს უნდა მივიდეს, რადგან ის სულიერი წინამძღოლი, უფალთან მიმყვანებელია.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ნათლიამაც და ნათლულმაც სულიერი საკითხები გაიაზრონ. შესაძლოა, ნათლიამ ოქროს ან ბრილიანტის ჯვარი აჩუქოს, მაგრამ ერთი უბრალო ლოცვაც არ თქვას ნათლულისთვის და თავისი ცხოვრებით შორს იყოს ქრისტესგან.
- ზოგადად, ჯვარი ყველამ უნდა ატაროს, შეგვძლია ნათლობის ჯვარიც ვატაროთ, ეს თავად ადამიანის გადასაწყვეტია. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, თუ აღდგენა შესაძლებელია, აღვადგენთ, თუ არა - ახალს ვიყიდით, მოძღვარს ვაკურთხებინებთ და ვატარებთ.
- უფალი ბრძანებს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. ზოგადად, ყველა ადამიანს გვაქვს ერთმანეთის შეხიდებისა და ურთიერთსიყვარულის ვალდებულება. სწორედ ამით მტკიცდება ქრისტეს სიყვარული და ეს უნდა იყოს ნათლიასა და ნათლულს შორისაც. ჩვენ ერთმანეთთან უხილავი ჯაჭვით ვართ დაკავშირებული, რასაც ნათელი ჰქვია. ამიტომ, ნივთებზე მეტად, უნდა ვეცადოთ, ერთმანეთის მიმართ სიყვარული საქმით დავამტკიცოთ.
- ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მსგავსი ვალდებულება არსად წერია. ნებისმიერი დამატებითი საჩუქარი მხოლოდ ნათლიის მატერიალურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. მთავარი მაინც სულიერი კავშირი და ზრუნვაა.
- ნათლიისთვის საჩუქრის მირთმევა მხოლოდ ლამაზი ჟესტია და არა საეკლესიო აუცილებლობა. მატერიალურად საჩუქარი ადამიანს ახარებს და შეგვიძლია ამ ფორმითაც გამოვხატოთ ყურადღება, ხორციელადაც გავახაროთ ნათლია.
- სულიერი ნათესაობა შვიდ თაობამდე გრძელდება პირდაპირი ხაზით. ეს არის მყარი სულიერი კავშირი, რომელიც ისევე უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორც ხორციელი ნათესაობა.
- მეჯვარეებს შეუძლიათ ერთად მონათლონ ერთი ბავშვი, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი სულიერი ნათესავები ხდებიან და მომავალში ერთმანეთზე დაოჯახებას ვეღარ შეძლებენ.
- ნათლიას გააზრებული უნდა ჰქონდეს ნათლიის ვამდებულება. ნათლიობა საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ სასურველია ის იყოს ზდასრული.
- ნათლული უნდა უსმენდეს და უჯერებდეს ნათლიას. ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია სულიერ მორჩილებაზე, რადგან ნათლია მისი გზამკვლევია ქრისტიანულ ცხოვრებაში.
- ნათლია შეიძლება იყოს ერთი ბიჭი და ერთი გოგო. თუმცა, თუ ბავშვს მხოლოდ ერთი ნათლია ჰყავს, უმჯობესია, სქესის თანხვედრა იყოს დაცული: ბიჭს ჰყავდეს მამაკაცი ნათლია, ხოლო გოგოს - ქალი ნათლია.
შორენა მერკვილაძე