როგორც ცნობილია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არტისტად აღიარებული, პროდიუსერი, რეპერი, მილიარდერი, დიზაინერი კანიე უესტი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და კონცერტის გამართვას. გარდა შთამბეჭდავი კარიერისა, კანიემ სკანდალებითაც გაითქვა სახელები და პირადი ცხოვრებითაც...
Ye (კანიე უესტი) 1977 წლის 8 ივნისს, ატლანტაში, ჯორჯიის შტატში დაიბადა. მისი მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ის სამი წლის იყო, რის შემდეგაც კანიე და დედამისი ჩიკაგოში, ილინოისის შტატში გადავიდნენ საცხოვრებლად. მისი მამა, რეი უესტი, შავი პანტერების პარტიის წევრი და ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ფოტოჟურნალისტი იყო. დედა, დონდა ს. უესტი, ინგლისური ენის პროფესორი იყო კლარკის ატლანტას უნივერსიტეტში და ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის თავმჯდომარე. მან კარიერა მიატოვა, რათა შვილის მენეჯერი გამხდარიყო.


კანიე უესტი საშუალო ფენის ოჯახში გაიზარდა და პოლარისის საშუალო სკოლაში სწავლობდა ოუკ ლონში, ჩიკაგოს გარეუბანში.
ათი წლის ასაკში ვესტი და დედამისი ჩინეთის ქალაქ ნანკინში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ცხოვრობდნენ, სანამ ის ნანკინის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით მუშაობდა. უესტი თავის კლასში ერთადერთი უცხოელი სტუდენტი იყო, მაგრამ სწრაფად ინტეგრირდა ჯგუფში და ჩინური ენაც ისწავლა. თუმცა მალევე დაავიწყდა, შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ.
ადრეული ასაკიდანვე უესტმა ინტერესი გამოავლინა შემოქმედებითობის მიმართ. ხუთი წლის ასაკში, შვებულებიდან დაბრუნებისას, ლექსი დაწერა. დედის თქმით, როდესაც ის მესამე კლასში იყო, შვილს შეამჩნია ინტერესი ხატვისა და მუსიკის მიმართ. თავად ვესტი აცხადებს, რომ მას იმ წლებში კომპიუტერული თამაშების შემუშავება სურდა.
დედამ მას Amiga კომპიუტერი აჩუქა, მუსიკალური წარმოების პროგრამით და კანიემ მისი გამოყენება ისწავლა თამაშებისთვის მუსიკის შესაქმნელად.
ჩიკაგოში ცხოვრებისას უესტი ქალაქის ჰიპ-ჰოპ საზოგადოებაში აქტიურად მონაწილეობდა. გარეპვა მესამე კლასში დაიწყო, ხოლო მეშვიდე კლასში - ინსტრუმენტული სიმღერების შექმნა, რომლებსაც მოგვიანებით სხვა მუსიკოსებზე ყიდდა. ცამეტი წლის ასაკში დაწერა სიმღერა „მწვანე კვერცხი და ლორი“ და დედამისის დარწმუნება დაიწყო, რომ სტუდიაში ჩასაწერად საათში 25 დოლარი უნდა გადაეხადა. სტუდია იდეალურისგან შორს იყო: მიკროფონი ჭერზე საკიდზე ეკიდა. ამის მიუხედავად, უესტი აღფრთოვანებული იყო და იქ ჩაწერას მოუთმენლად ელოდა. როცა მის დაჟინებას და მიზანსწრაფულობას ხედავდა, დედამისს უარი არ შეეძლო. მალე უესტი პროდიუსერ ნო აიდი-ს შეხვდა, რომელთანაც მალევე დამეგობრდა. ნო აიდი უესტის მენტორი გახდა და ბევრი რამ ასწავლა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1997 წელს მან ამერიკის ხელოვნების აკადემიის სტიპენდია მიიღო, სადაც ფერწერას სწავლობდა. თუმცა, მალევე გადავიდა ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო. 20 წლის ასაკში, როდესაც გააცნობიერა, რომ დატვირთული გრაფიკი ხელს უშლიდა მუსიკის გაგრძელებაში, სწავლა მიატოვა. ამან ძალიან გაანაწყენა დედამისი, რომელიც მაშინ უნივერსიტეტში მუშაობდა. მოგვიანებით, მან აღიარა: „მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ, რომ კოლეჯი კარგი ცხოვრების საშვი იყო... მაგრამ ზოგიერთი კარიერა კოლეჯს არ მოითხოვს. იმისათვის, რომ კანიეს ალბომი College Dropout შეექმნა, მას ნებისყოფა უნდა ჰქონოდა და არ უნდა გაჰყოლოდა საზოგადოების მიერ მისთვის დადგენილ გზას“.
კენიე უესტმა მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, ადგილობრივი მუსიკოსებისთვის ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს ქმნიდა. ნელ-ნელა საკუთარი მუსიკალური სტილი შეიმუშავა, აჩქარებული სოულის სემპლების საფუძველზე. პირველი ოფიციალური ჩანაწერი ჩიკაგოელი რეპერის, Grav-ის, 1996 წლის სადებიუტო და ერთადერთ ალბომზე, Down to Earth-ზე გაჩნდა, რომლისთვისაც უესტმა რვა ტრეკი დაწერა და სიმღერა „Line For Line“-ის ერთი ლექსი შეასრულა.
მცირე ხნით ამერიკელი პროდიუსერის, მენეჯერისა და რეპერის, D-Dot-ის საიდუმლო პროდიუსერიც იყო. D-Dot-თან მუშაობისას სოლოკარიერის გაგრძელება არ შეეძლო. ამიტომ, 1990-იანი წლების ბოლოს მან ჯგუფი Go-Getters ჩამოაყალიბა. მასში შედიოდნენ ის და ჩიკაგოს რეპ სცენის სხვა წარმომადგენლები და მეგობრები, GLC, Timmy G, Really Doe და Arrowstar. ჯგუფმა რამდენიმე ტრეკი ჩაწერა, რადიოში გამოვიდა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
პირველი სერიოზული წარმატება 2000 წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც დაიწყო მუშაობა Roc-A-Fella Records ლეიბლის შემსრულებლებთან.როგორც პროდიუსერმა, ფართო აღიარება მოიპოვა რეპერ ჯეი-ზის ალბომ The Blueprint-ზე მუშაობის შემდეგ. მუსიკალურმა კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ის კარგი პროდიუსერი იყო, ხოლო თავად ჯეი-ზიმ უესტს „გენიოსი“ უწოდა.The Blueprint-ს ჰიპ-ჰოპ კლასიკად მოიხსენიებენ და შეტანილია მრავალ საუკეთესოთა სიაში, მათ შორის Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომში. მან ასევე იმუშავა ჰიტებზე ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორებიც არიან Talib Kweli, Ludacris, Nas, T.I., ბიონსე, ალიშა კიზი და ჯანეტ ჯექსონი.

წარმატების მიუხედავად, კანიე უესტს მეტი სურდა: ის ოცნებობდა რეპერობაზე. ბევრი მას ნიჭიერ პროდიუსერად თვლიდა, მაგრამ არავინ თვლიდა რეპერად. ერთ-ერთი პირველი, ვინც შენიშნა უესტის რეპ ნიჭი, იყო ტალიბ კველი. უესტმა მისი ალბომი Quality წარმოადგინა და მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი სიმღერა, „Get By“, კველის ყველაზე წარმატებული სოლო ნამუშევარი გახდა. კველი ტურნეზე წავიდა და უესტი თან წაიყვანა, რამაც მას საშუალება მისცა, მასთან ერთად გამოსულიყო. ეს წარმოდგენები უესტის ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოჩენა გახდა. მოგვიანებით, მან კველის ამისთვის არაერთხელ გადაუხადა მადლობა, მათ შორის, მისი სადებიუტო ალბომის სიმღერაში „Last Call“.
...2002 წლის 23 ოქტომბერს, კანიე უესტი სერიოზულ ავტოკატასტროფაში მოყვა, როდესაც საჭესთან ჩაეძინა ლოს-ანჯელესში ხმის ჩამწერი სტუდიიდან სახლში დაბრუნებისას. ავარიის შედეგად, მას ყბა დაუზიანდა და ნაკერები დასჭირდა. ამან უესტი შთააგონა დაეწერა „Through the Wire“, რომელიც მან საავადმყოფოდან გაწერიდან ორი კვირის შემდეგ ჩაწერა, ჯერ კიდევ მოტეხილი ყბით. „Through the Wire“, რომელშიც უესტი ავარიის შემდეგ არსებულ სირთულეებზე წერდა, მისი სადებიუტო ალბომის საფუძველი გახდა. თავად უესტმა განაცხადა, რომ „ისტორიაში ყველა საუკეთესო მუსიკოსმა დაწერა იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც მათ წინაშე იდგა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ალბომზე მუშაობა მისი „წამალი“ იყო, რამაც ტკივილისგან გადაატანინა ყურადღება...
საბოლოოდ, მან დიდი შრომით და მიზანდასახულობით ყველაფერს მიაღწია. პირველ რიგში - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეპერი გახდა.მსმენელის და კრიტიკოსების აღიარება მიიღო და არაერთხელ დასახელდა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს არტისტად. ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად შემსრულებლებს შორისაა, ციფრული და ფიზიკური ალბომებისა და სინგლების ჯამური გაყიდვებით 121 მილიონ ეგზემპლარს აჭარბებს. 24 გრემის ჯილდო აქვს მოგებული, რაც მას ჰიპ-ჰოპისა და მისი ასაკის შემსრულებლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ნომინირებულ შემსრულებლად აქცევს. მისი ალბომები სხვადასხვა საუკეთესოთა სიაში შედიოდა, მათ შორის Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომში. ის Forbes-ის სიაში და ორჯერ Time-ის ყოველწლიურ სიაში მოხვდა, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის. 2020 წელს Forbes-მა კანიე უესტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სიაში მეორე ადგილზე დაასახელა 170 მილიონი დოლარის შემოსავლით. Bloomberg-ის მონაცემებით, კანიე უესტის წმინდა ქონება 2021 წელს 6.6 მილიარდ დოლარად შეფასდა, მისი ქონების უმეტესი ნაწილი მისი Yeezy ბრენდიდან მოდის.

ცნობადობის მოპოვების შემდეგ, კანიე უესტი მოდის ინდუსტრიით დაინტერესდა. 2005 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ საკუთარი ტანსაცმლის ხაზს, Pastelle-ს, უშვებდა. „ახლა, როდესაც გრემი მოვიგე, მზად ვარ, გაზაფხულზე ჩემი ტანსაცმლის ხაზი გამოვუშვა“, - განაცხადა რეპერმა. ხაზი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა და უესტი სხვადასხვა ცერემონიაზე ინდივიდუალურ ნივთებს წარმოადგენდა.
2011 წლის ოქტომბერში, უესტმა პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა თავისი პირველი ქალის კოლექცია, DW კანიე ვესტი. მან მხარდაჭერა მიიღო ისეთი დიზაინერებისგან, როგორებიც არიან დინ და დენ კატენი, ოლივიე თეისკენსი და ჯერემი სკოტი. ამის მიუხედავად, კოლექციამ კრიტიკოსებისგან ნეგატიური შეფასებები მიიღო. 2012 წლის მარტში, თავისი მეორე კოლექცია წარადგინა, რომელსაც უფრო დადებითი შეფასებები მოჰყვა.

დღეს მისი დიზაინერული საქმიანობა ძალიან წარმატებულია და გაყიდვებიც ისეთია, კანიეს შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენს.
გარდა ამისა, კანიეს აქვს სხვა ბიზნესსაქმიანობაც, საიდანაც იღებს შემოსავალს. 2004 წელს Sony BMG-თან თანამშრომლობით დააარსა ლეიბლი GOOD Music. ლეიბლის პირველი შემსრულებლები იყვნენ თავად უესტი, კომონი და ჯონ ლეჯენდი. ამჟამად, ლეიბლის შემსრულებლებს შორის არიან თავად უესტი, ბიგ შონი, ტეიანა ტეილორი, მოს დეფი, დ'ბანჯი და ჯონ ლეჯენდი, ასევე პროდიუსერები.2008 წელს რეპერმა გამოაცხადა, რომ ათ Fatburger რესტორანს გახსნიდა. ორი რესტორანი გაიხსნა, თუმცა ერთი მალევე დაიხურა, ხოლო მეორე ქსელმა შეიძინა.
2012 წლის იანვარში ვესტმა გამოაცხადა კრეატიული სააგენტო DONDA-ს შექმნის შესახებ, რომელსაც მისი დედის სახელი ეწოდა. უესტის თქმით, სააგენტო „მსოფლიოს უდიდეს მოაზროვნეებს გააერთიანებდა და შემოქმედებით სივრცეში მოაქცევდა, სადაც მათ იდეების გაზიარება შეეძლებოდათ“.
2015 წლის მარტში გამოცხადდა, რომ ვესტი გახდა სტრიმინგ სერვისის Tidal-ის თანამფლობელი. სერვისი სპეციალიზირებულია უდანაკარგო აუდიოსა და მაღალი გარჩევადობის მუსიკალურ ვიდეოებზე. სერვისს სულ 16 მუსიკოსი მართავს, მათ შორის, უესტის გარდა, ბიონსე, ჯეი-ზი, რიანა, მადონა და ნიკი მინაჟი არიან. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ჯეი-ზიმ შეიძინა სერვისის მშობელი კომპანია, Aspiro. Tidal ჩაფიქრებული იყო, როგორც შემსრულებლებზე ორიენტირებული სერვისი, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრიმინგ სერვისი, Spotify, კრიტიკის ქარცეცხლში იყო დაბალი ჰონორარების გამო. „მთავარი გამოწვევაა, რომ ყველამ კვლავ პატივი სცეს მუსიკას, გაიგონ მისი ღირებულება“, - განაცხადა ჯეი-ზიმ პრესრელიზში.
2003 წელს კანიე უესტმა ჩიკაგოში დააარსა კანიე უესტის ფონდი, რომელიც ახალგაზრდების დასახმარებლად და გაუნათლებლობის შესამცირებლად შეიქმნა. 2007 წლის აგვისტოში ფონდმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რომლის ფარგლებშიც 500 000 დოლარზე მეტი შეგროვდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, რეპერმა ფონდს სახელი გადაარქვა და დოქტორ დონდა უესტის ფონდი დაარქვა. 2011 წელს მან ის მთლიანად დახურა.
2013 წელს, თავის მეგობართან და რეპერ რაიმფესტთან და მეუღლესთან, დონი სმიტთან ერთად, არაკომერციული ორგანიზაცია „დონდას სახლი“ გახსნა. ორგანიზაცია, თავისი „Got Bars?“ პროგრამის მეშვეობით, 15-24 წლის მოზარდებს მუსიკის შექმნის გაკვეთილებს სთავაზობდა. გარდა ამისა, ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი მათ იოგას და ფიტნესის გაკვეთილებს ასწავლიდა.
კანიე უესტი აქტიურად მონაწილეობდა მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში, კონცერტსა და საქველმოქმედო აქციაში, მათ შორის ქარიშხალ „კატრინას“ მსხვერპლთა დასახმარებლად.
საზოგადოების ყურადღება კანიემ სკანდალებითაც დაიმსახურა. არასდროს ერიდება ხმაურიან განცხადებებს, ხალხის გაღიზიანებას, ამბიციურ ფრზაებს. 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი გეგმავდა მონაწილეობას.
ცნობილია თავისი გულახდილი განცხადებებით სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე, მაგალითად, ცნობილია ინციდენტი ტეილორ სვიფტთან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სკანდალად იქცა.

2013 წლის სექტემბერში ვესტი გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდმა აგვისტოს ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტის შვილიშვილის, აისულთან ნაზარბაევის ქორწილში გამოსვლის გამო. ყაზახეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა პრობლემურია, რის გამოც სხვა მუსიკოსებმა, მათ შორის სტინგმა, უარი თქვეს იქ გამოსვლაზე. TMZ-ის ცნობით, რეპერმა გამოსვლისთვის 3 მილიონი დოლარი მიიღო.
2020-იან წლებში არაერთმა კომპანიამ მასთან კონტრაქტი შეწყვიტა, ხოლო YouTube-მა, Spotify-მა და რამდენიმე ქვეყანამ მისი მუსიკა ცენზურაში ჩააყენეს მისი რადიკალურად ანტისემიტური შეხედულებების გამო: ის უარყოფდა ჰოლოკოსტს, საკუთარ თავს და თავის ჯგუფს „ნაცისტებს“ უწოდებდა, ადიდებდა ჰიტლერს, იყენებდა სვასტიკებს, ულტრამემარჯვენე და თეთრკანიანთა უზენაესობის მომხრე სლოგანებს (მათ შორის „თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“), უშვებდა ნაცისტური, რასისტული და ანტისემიტური შინაარსის სიმღერებს. მოგვიანებით მან ეს განცხადებები უკან წაიღო და საკუთარი ნამუშევრები თვითცენზურაში გაატარა.
მას კანონთანაც ჰქონდა პრობლემები.2006 წლის დეკემბერში ამერიკელმა კასკადიორმა რობერტ „ეველ“ კნიველმა კანიე უესტს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა. სიმღერის „Touch the Sky“ მუსიკალურ ვიდეოში, „ეველ კანიეველის“ კოსტიუმში გამოწყობილი უესტი რაკეტით ცდილობს კანიონში ფრენას. კნიველი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში გამოყენებული იყო მისი სავაჭრო ნიშნის სახელი და მსგავსება. უესტის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო სატირა იყო და შესაბამისად, პირველი შესწორებით იყო დაშვებული. 2007 წლის ნოემბერში, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, კნიველმა გამოაცხადა, რომ მას აღარ ჰქონდა რაიმე პრეტენზია უესტის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც უესტმა პირადად მოინახულა იგი. კნიველმა ასევე უესტს „საოცარი ახალგაზრდა კაცი და ჯენტლმენი“ უწოდა.
2008 წლის 11 სექტემბერს კანიე უესტი და მისი მცველი და მენეჯერი, დონ „დონ ს.“ კროული, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ვანდალიზმის ბრალდებით დააკავეს პაპარაცებთან შეტაკების შემდეგ. პოლიციის ცნობით, ჩხუბის დროს ფოტოგრაფების კამერები დაზიანდა. უესტი და კროული მოგვიანებით 20 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რეპერს მოგვიანებით 50 საათიანი საზოგადოებრივი შრომა მიესაჯა. ასევე დაევალა სიბრაზის მართვის კურსების გავლა.
უესტი კვლავ დააკავეს 2008 წლის 14 ნოემბერს, ინგლისში, გეითსჰედში, სასტუმროსთან ახლოს, ნიუკასლ-აპონ-ტაინის ფოტოგრაფის მონაწილეობით ჩხუბის შემდეგ. პოლიციის ცნობით, მომღერალი მოგვიანებით გაათავისუფლეს „არასაკმარისი მტკიცებულებების გამო“.
2013 წლის 19 ივლისს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან გასვლისას, კანიე უესტი პაპარაცების გარემოცვაში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა, დენიელ რამოსმა, ჰკითხა: „რატომ არ შეგვიძლია თქვენთან საუბარი?“ რაზეც უესტმა უპასუხა: „უკვე გითხარი, რომ არ მელაპარაკო, არა? გინდა უსიამოვნებაში ჩამაგდო? რომ გაძარცვო და შემდეგ 250,000 დოლარი გადაგიხადო?“ ამ სიტყვების შემდეგ უესტი ფოტოგრაფთან მივარდა და კამერის წართმევა დაიწყო. TMZ-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს უესტსა და ფოტოგრაფს შორის რამდენიმეწამიანი ბრძოლა...
...2008 წელს ჟურნალ The Fader-თან ინტერვიუში უესტმა საკუთარ თავს „ღვთის მიერ არჩეული ხმა“ უწოდა. 2009 წელს Bossip-თან ინტერვიუში უესტმა განმარტა, რომ ღმერთის სწამს, მაგრამ „არასდროს წავა რელიგიაში“, რადგან თვლის, რომ „რელიგია ადამიანების გაყოფასა და დაგმობას ახალისებს და არა მათ გაერთიანებასა და ერთმანეთის გაგებას“.[464] 2014 წელს, ერთ-ერთი კონცერტის დროს, უესტმა განაცხადა, რომ ქრისტიანია.
მისი პირადი ცხოვრება ასევე მუდამ ყურადღების ცენტრშია, არანაკლებ სკანდალური გამოსვლების და მეორე ნახევრების გამო.
დიზაინერ ალექსის ფაიფერს 2002 წლიდან ხვდებოდა. წყვილი 2006 წლის აგვისტოში დაინიშნა, მაგრამ 18 თვის შემდეგ დაშორდნენ.
2008 წლიდან 2010 წლის ზაფხულამდე რეპერი მოდელ ემბერ როუზს ხვდებოდა.

2012 წელს უესტმა რეალითი შოუს ვარსკვლავთან და მოდელ კიმ კარდაშიანთან დაიწყო ურთიერთობა, რომელსაც ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცნობდა. 2013 წლის 31 ოქტომბერს, კიმის 33-ე დაბადების დღეზე, კანიე უესტმა მას სან-ფრანცისკოში, AT&T პარკში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანდასწრებით სთხოვა ხელი. წყვილი 2014 წლის 24 მაისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაქორწინდა.


კანიეს და კიმს ოთხი შვილი ჰყავთ: ქალიშვილი ნორთ „ნორთი“ უესტი (დაიბადა 2013 წლის 15 ივნისს), ვაჟი სენტ უესტი (დაიბადა 2015 წლის 5 დეკემბერს) და ქალიშვილი ჩიკაგო „ჩი ჩი“ უესტი (დაიბადა 2018 წლის 15 იანვარს), რომელიც სუროგაციის გზით დაიბადა. მას ჩიკაგო დაარქვეს, რადგან es ქალაქი კანიესთვის ბევრს ნიშნავს. ვაჟი ფსალმ უესტი 2019 წლის 9 მაისს დაიბადა.
კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი 2021 წლის 19 თებერვალს დაშორდნენ.
2022 წლის იანვარში ამერიკელმა მსახიობმა ჯულია ფოქსმა დაადასტურა, რომ maსთან ურთიერთობაში იყო. 2022 წლის 14 თებერვალს ისინი დაშორდნენ.
2023 წელს კი დიზაინერ ბიანკა ცენსორიზე დაქორწინდა და მათი კავშირი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და განხილვადია დღესდღეობით.



