მნიშვნელოვანია, ისწავლოს წყენის მართვა, გაიაზროს, რომ გუნდის წარმატება პირად შედეგზე მაღლა დგას - როგორ უნდა ჩამოუყალიბოთ მომავალ სპორტსმენს ჩემპიონის ფსიქოლოგია - მშობლები

მნიშვნელოვანია, ისწავლოს წყენის მართვა, მარცხი კატასტროფად არ აღიქვას, გაიაზროს, რომ გუნდის წარმატება პირად შედეგზე მაღლა დგას - როგორ უნდა ჩამოუყალიბოთ მომავალ სპორტსმენს ჩემპიონის ფსიქოლოგია

2026-05-07 09:16:42+04:00

ბევრი მშობელი, როცა ბავშვი სპორტულ წრეზე ან სექციაში მიჰყავს, გულის სიღრმეში ოცნებობს, რომ ერთ დღეს მის შვილს ჩემპიონად იხილავს. ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს ალბათ ნებისმიერი მშობელი ნატრობს, ვისაც შვილი ფეხბურთზე დაჰყავს, თუმცა დიდი გამარჯვებების უკან ყოველთვის დგას მრავალწლიანი შრომა, ოჯახის მხარდაჭერა და სწორი გარემო. სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ მშობლები თამაშობენ გადამწყვეტ როლს — ისინი ეხმარებიან ბავშვს სპორტის სიყვარულის შენარჩუნებაში, დატვირთვებთან და ემოციური გადაღლასთან გამკლავებაში.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ შვილი დიდი სპორტისთვის მოამზადოთ?

შეარჩიეთ სპორტი ბავშვის ინტერესების მიხედვით და არა საკუთარი ოცნებების

სპეციალისტების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მშობლების სურვილი, შვილში საკუთარი აუხდენელი ოცნებები განახორციელონ. მაგალითად, თუ მამას ფეხბურთელობა უნდოდა, მაგრამ ბავშვი ჭადრაკით ან ცურვით ინტერესდება, ოჯახური ზეწოლა შესაძლოა სერიოზული შინაგანი კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ხასიათის გათვალისწინებაც. აქტიურ და კომუნიკაბელურ ბავშვებს ხშირად გუნდური სპორტი — ფეხბურთი, კალათბურთი ან ფრენბურთი უფრო შეეფერებათ, ხოლო უფრო მშვიდ და თვითანალიზისკენ მიდრეკილ ბავშვებს ინდივიდუალური მიმართულებები, მაგალითად ჩოგბურთი ან ტანვარჯიში.

რატომ არის მწვრთნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

სპორტული სკოლის ან კლუბის არჩევა მხოლოდ სახლთან სიახლოვეს არ უნდა ეფუძნებოდეს. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ გარემოს, სადაც ბავშვი წლების განმავლობაში განვითარდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვრთნელის პიროვნება. 5-10 წლის ასაკში მწვრთნელი ბავშვისთვის მხოლოდ ინსტრუქტორი აღარ არის — ის ავტორიტეტული უფროსი ხდება. სპეციალისტები ურჩევენ მშობლებს დააკვირდნენ, როგორ ურთიერთობს მწვრთნელი ბავშვებთან: ინტერესს აღვივებს თუ შედეგს ყვირილით და ზეწოლით ითხოვს.

ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოებას, ინვენტარის მდგომარეობას და სამედიცინო პერსონალის არსებობას. კარგი სპორტული სისტემა კი ბავშვს არა მხოლოდ ვარჯიშის, არამედ მომავალში პროფესიული განვითარების შანსსაც აძლევს.

შეაქეთ შრომისთვის და არა მხოლოდ გამარჯვებისთვის

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვის მოტივაცია ორ ძირითად ტიპად იყოფა — წარმატებისკენ სწრაფვა და წარუმატებლობის შიში. ჩემპიონური ფსიქოლოგიის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ყურადღება პროცესზე გამახვილდეს.

სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ბავშვს მხოლოდ გამარჯვებაზე არ ესაუბრონ. ნაცვლად ფრაზისა — „დღეს მოიგე?“ — უკეთესია ჰკითხონ: „დღეს როგორ ითამაშე“

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ცხოვრება მხოლოდ „სკოლა — ვარჯიში — ძილი“ არ გახდეს. ჰობი, მეგობრები და დასვენება ემოციური გადაღლის თავიდან აცილებაში დიდ როლს თამაშობს.

ნუ გახდებით ბავშვის მეორე მწვრთნელი

სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი წესი ასეთია: ბავშვს მხოლოდ ერთი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. როდესაც მშობლები სახლში ვარჯიშის მეთოდებს აკრიტიკებენ ან მუდმივად მატჩების განხილვას იწყებენ, ბავშვის ფსიქოლოგიური კომფორტი ირღვევა.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახში მას მედლებისა და შედეგების გარეშეაც უყვართ. თუ ყოველი მარცხის შემდეგ მშობლის იმედგაცრუებას ხედავს, სპორტი მალე სიამოვნებიდან ვალდებულებად გადაიქცევა.

როგორ ყალიბდება „გამარჯვებულის ფსიქოლოგია“

გუნდურ სპორტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური ინტელექტის განვითარება — ბავშვმა უნდა გაიაზროს, რომ გუნდის წარმატება პირად შედეგზე მაღლა დგას. მნიშვნელოვანია, ისწავლოს წყენის მართვა, თუ შეცვალეს ან ბურთი არ გადასცეს.

"მიხარია, რომ გადამწყვეტი პასი გავაკეთე. მთავარია გავიმარჯვეთ. ჩემი გუნდისთვის მუდამ ბოლომდე დავიხარჯები. ამისათვის ყოველდღე ვშრომობ“, - ეს სიტყვები ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამს გუნდურობას.

ინდივიდუალურ სპორტში — მაგალითად ფიგურულ სრიალში ან ტანვარჯიშში — ბავშვები ხშირად ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწყდებიან. ასეთ შემთხვევაში მშობლებმა ყურადღება ძალისხმევასა და შრომაზე უნდა გაამახვილონ და არა მხოლოდ დაკავებულ ადგილზე.

ასწავლეთ ბავშვს მარცხთან გამკლავება

სპორტში წარუმატებლობა გარდაუვალია. მთავარი ისაა, რომ ბავშვმა მარცხი კატასტროფად არ აღიქვას. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პირველ რიგში ბავშვს მხარდაჭერა სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ — შეცდომების ანალიზი.

სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ ბავშვებს ცნობილი სპორტსმენების ისტორიებიც მოუყვნენ. მაგალითად, მაიკლ ჯორდანი ამბობდა:

„კარიერის განმავლობაში 9000-ზე მეტი სროლა გავაფუჭე. თითქმის 300 მატჩი წავაგე. 26-ჯერ მომანდეს გამარჯვების მომტანი სროლა და ვერ ჩავაგდე. ცხოვრებაში ისევ და ისევ განვიცდიდი მარცხს — სწორედ ამიტომ მივაღწიე წარმატებას.“

ჩემპიონობა რეჟიმისა და დისციპლინის გარეშე შეუძლებელია

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ თვითდისციპლინა შიშზე კი არა, გააზრებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძილსა და კვებას. ახალგაზრდა სპორტსმენისთვის 9-10 საათიანი ძილი აუცილებელია ნერვული სისტემის აღსადგენად.

ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება — სწრაფი საკვების ნაცვლად ორგანიზმს ცილები და რთული ნახშირწყლები სჭირდება. მშობლებმა ბავშვს აკრძალვებით კი არა, ახსნით უნდა გააგებონონ, რატომ არის ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანი.

კრიზისები სპორტის ბუნებრივი ნაწილია

ერთ დღეს თითქმის ყველა ბავშვი იღლება და ამბობს: „ვარჯიშზე აღარ წავალ“. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ასეთ დროს ემოციური გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ხშირად ეს უბრალოდ გადაღლის შედეგია.

მთავარია მიზეზის გარკვევა — პრობლემა შესაძლოა თავად სპორტში კი არა, გუნდში არსებულ კონფლიქტში ან ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში იყოს.

სპეციალისტების თქმით, ჩემპიონის გზა სპრინტი კი არა, მარათონია. მშობლის მთავარი ამოცანა ბავშვის დაჩქარება კი არა, მის გვერდით ყოფნაა — მხარდაჭერა რთულ მომენტებში, წარმატებების გაზიარება და იმ უნარების დაფასება, რომელსაც სპორტი ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში აძლევს.

“ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა... ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს ნახავს, ​​როცა გაიზრდება - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი როლი, გეგმები და ოცნებები