ინტელექტი ძირითადად, დედის გენით გადაეცემა? - გენეტიკოსების განმარტავენ, როგორ ყალიბდება საბოლოოდ ნიჭი და ინტელექტი - მშობლები

ინტელექტი ძირითადად, დედის გენით გადაეცემა? - გენეტიკოსები განმარტავენ, როგორ ყალიბდება საბოლოოდ ნიჭი და ინტელექტი

2026-05-08 15:02:53+04:00

ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება მოსაზრება, თითქოს ბავშვს ინტელექტი ძირითადად დედისგან გადაეცემა. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ რეალობა ბევრად უფრო რთულია და ასეთი შეხედულება — მითია.

გენეტიკოსების განმარტებით, მართალია, ზოგიერთი კოგნიტიური ფუნქციასთან დაკავშირებული გენი X-ქრომოსომაზე მდებარეობს, მაგრამ ინტელექტთან დაკავშირებული გენების უმრავლესობა აუტოსომებში — ანუ არასქესობრივ ქრომოსომებშია განლაგებული. ამიტომ ბავშვის ინტელექტზე დედისა და მამის გავლენა დაახლოებით თანაბარია.

მეცნიერის თქმით, გენები ნამდვილად მოქმედებს ინტელექტზე, ხასიათსა და ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკზეც, თუმცა ეს არ არის წინასწარ გაწერილი „პროგრამა“. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები ყალიბდება გენეტიკისა და გარემოს მუდმივი ურთიერთქმედების შედეგად.

ინტელექტი ე.წ. პოლიგენური ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ მასზე გავლენას ერთდროულად უამრავი გენი ახდენს. მეცნიერების შეფასებით, ბავშვებში IQ-ის მემკვიდრეობითობა დაახლოებით 20-40%-ს შეადგენს, დანარჩენი კი გარემოზეა დამოკიდებული — განათლებაზე, კვებაზე, სოციალურ პირობებზე, ემოციურ გარემოსა და აღზრდაზე.

მისივე თქმით, გენები მხოლოდ გარკვეულ პოტენციალს ქმნის, თუმცა როგორ განვითარდება ეს შესაძლებლობები, დიდწილად გარემო განსაზღვრავს.

ინტელექტის ერთი კონკრეტული გენი არ არსებობს. პროცესში ასობით ან ათასობით გენი მონაწილეობს და თითოეულის გავლენა ძალიან მცირეა.

არსებობს რამდენიმე კარგად შესწავლილი გენი, რომლებიც დაკავშირებულია მეხსიერებასთან, ყურადღებასთან და კოგნიტიურ შესაძლებლობებთან. მათ შორისაა:

  • CHRM2 — მონაწილეობს კოგნიტიური პროცესების, სინაფსური პლასტიკურობისა და ნეირონების აქტივობის რეგულაციაში;
  • BDNF — მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლაში, მეხსიერებასა და ტვინის ადაპტაციაში;
  • COMT — გავლენას ახდენს ემოციებზე, სტრესისადმი გამძლეობასა და ქცევაზე.

თუმცა, როგორც სპეციალისტები ხაზს უსვამენ, არც ერთი ეს გენი ცალკე არ განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტს.

გავრცელებული წარმოდგენა — თითქოს ბავშვი გენების ზუსტად ნახევარს დედისგან და ნახევარს მამისგან იღებს — რეალურად უფრო რთული პროცესია, რადგან გენების აქტივობა და მათი გამოვლინება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

სპეციალისტები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ბავშვის განვითარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ გენეტიკას არ აქვს. უსაფრთხო გარემო, ხარისხიანი განათლება, ემოციური მხარდაჭერა, სწორი კვება და სტაბილური ოჯახური გარემო ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მემკვიდრეობითი ფაქტორები.

ვის უფრო ემსგავსება ბავშვი ხასიათით, დედას თუ მამას და ვისი გენები უფრო ძლიერად მოქმედებენ გოგონასა და ბიჭის თვისებებზე
ნიჭი და გენები: ვისგან გადაეცემა ინტელექტი ბავშვს და რაზეა დამოკიდებული გონების სისწრაფე