მარწყვის სეზონი ჯერ ახლა იკრებს ძალას, თუმცა ბაზრებსა და მაღაზიებში ეს არომატული ხილი უკვე გამოჩნდა. ბევრს უჩნდება სურვილი, საყვარელი ხილი რაც შეიძლება მალე დააგემოვნოს და ბავშვებსაც აჭამოს, თუმცა სიძვირის გარდა, სხვა პრობლემაც ჩნდება.
ტოქსიკოლოგების თქმით, სეზონის დასაწყისში გაყიდული მარწყვი ხშირად სათბურშია მოყვანილი და შესაძლოა ნიტრატებსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდეს. გარდა ამისა, იზრდება კვებითი ალერგიისა და მოწამვლის რისკიც.
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების ექსპერტები განმარტავენ, როგორ შეიძლება სპეციალური აპარატის გარეშე, მხოლოდ გარეგნული ნიშნებით შევაფასოთ მარწყვის ხარისხი.
თუ მარწყვი ზედმეტად პრიალაა, ძალიან მკვეთრი წითელი ფერი აქვს და იდეალურად ერთნაირი ფორმისაა, დიდი ალბათობით, იგი ქიმიური საშუალებებითაა დამუშავებული. ბუნებრივად მოყვანილი მარწყვი, განსაკუთრებით ბაღის, ხშირად არათანაბარი ფორმისაა, ნაკლებად ბზინავს და შედარებით ღია შეფერილობაც აქვს.
ძალიან დიდი ზომის მარწყვი ხშირად ქიმიური სასუქებისა და ზრდის სტიმულატორების გამოყენებაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დიდი ზომის სელექციური ჯიშებიც, სპეციალისტები ურჩევენ მომხმარებლებს, არჩევანი საშუალო ზომის, ნაკლებად კაშკაშა მარწყვზე შეაჩერონ.
ბუნებრივად, ღია გრუნტში მოყვანილ მარწყვს ძლიერი და სასიამოვნო სურნელი აქვს. მისი არომატი შორეიდანაც იგრძნობა. სათბურის მარწყვს კი ხშირად სუსტი ან თითქმის შეუმჩნეველი სუნი აქვს.
მარწყვის ყუნწი და მწვანე ფოთლები ხასხასა, ელასტიკური და მკვეთრად მწვანე უნდა იყოს. თუ ფოთლები გაფერმკრთალებულია ან გამომშრალია, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაყოფის სწრაფად დასამწიფებლად ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს.
სპეციალისტები საუბრობენ დიფენილზეც — ეს არის ნივთიერება, რომლითაც ხილსა და კენკრას ხშირად ფარავენ, რათა ტრანსპორტირებისას არ გაფუჭდეს და დიდხანს შეინარჩუნოს გარეგნული იერი.
ჩადეთ მარწყვი თბილ წყალში დაახლოებით 5 წუთით. თუ წყლის ზედაპირზე ცხიმოვანი, ზეთისმაგვარი ფენა გაჩნდა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაყოფი დამუშავებულია.
გაჭერით მარწყვი შუაზე და დაადეთ ქაღალდის ხელსახოცს. რამდენიმე წუთის შემდეგ დააკვირდით კვალს. რაც უფრო მეტ წვენსა და ტენს დატოვებს მარწყვი, მით უფრო ბუნებრივად ითვლება.
მაისში გაყიდული მარწყვის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სათბურის პროდუქციაა. ამიტომ სპეციალისტები განსაკუთრებით მშობლებს ურჩევენ ყურადღებას. ბავშვების ორგანიზმი ქიმიურ ნივთიერებებსა და ნიტრატებზე უფრო მგრძნობიარეა.
მარწყვი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს: რეკომენდებულია მისი რამდენიმე წუთით თბილ წყალში მოთავსება, შემდეგ წყლის გადაღვრა და პროცედურის რამდენჯერმე გამეორება.