დერმატო-ვენეროლოგი, ლელა ყურაშვილი, კოტcast-ში საუბრობს, რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ:
- მზისგან დამცავ საშუალებებზე ერთი პერიოდი ნამდვილი ისტერია იყო ატეხილი. ეს თემა პერიოდულად ისევ მწვავდება ხოლმე, თითქოს მზისგან დამცავები კანცეროგენურ ნივთიერებებს შეიცავს და კანისთვის უფრო უარესია. სინამდვილეში, შემადგენლობის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის დამცავები არსებობს. მათ აქვთ SPF ინდექსი - 15, 30 ან 40. ზაფხულში, მინიმუმ, 30-იანი ან უფრო მაღალი ინდექსის მქონე საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. დამცავი საშუალებები ორგვარია: ქიმიური და მინერალური. მინერალური დამცავი მგრძნობიარე კანისთვის იდეალურია. პირადად მე სწორედ მინერალურს ვიყენებ, რადგან ის ულტრაიისფერ გამოსხივებას ირეკლავს და კანის ზედაპირიდან ისხლიტავს. არსებობს კიდევ კაფსულირებული დამცავები, რომლებიც ცოტა სხვანაირად მუშაობს, თუმცა ბაზარზე დეფიციტშია. პაციენტებს ვურჩევ, ყურადღება მიაქციონ წარწერას - თუ მითითებულია, რომ საშუალება მგრძნობიარე კანისთვისაა განკუთვნილი, ესე იგი ის მინერალურია.
სპეციალისტი ასევე ასახელებს 5 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლებიც კანის დაბერებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს:
- მწეველ ქალებს კანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აქვთ. მათ კანი თითქოს „მოხარშულივითაა“. კანისთვის დამაზიანებელი ფაქტორების რეიტინგში პირველ ადგილზე მაინც თამბაქოს დავაყენებდი, მეორეზე კი - რუჯს, როცა ამით ბოროტად სარგებლობენ და გარკვეულ მანიაში გადასდით. შემდეგ მოდის ეკოლოგია, ალკოჰოლი და კვება. ასევე მნიშვნელოვანია „ციფრული დაბერება“. კვლევებმა აჩვენა, რომ ლურჯი ეკრანის სხივის სიგრძე 400-დან 500 ნანომეტრამდეა, მაშინ როცა საშუალო ულტრაიისფერი სხივის სიგრძე 280-დან 400-მდე მერყეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკრანის სხივი დერმაში უფრო ღრმად აღწევს და ჩვენს ორგანულ ცვლებზე - კოლაგენზე, ელასტინზე, ჰიალურონის მჟავასა და სახის ფერზე ცუდად მოქმედებს.
ლელა ყურაშვილი სახლში დამზადებული კრემებისა და პატარა ასაკში სხვადასხვა საშუალების გამოყენების საფრთხეზეც საუბრობს:
- ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებას ხშირად უზიარებენ. ანამნეზის შეკრებისას პატარა ასაკის პაციენტებიც კი მეუბნებიან, რომ საღამოს რეტინოლს იყენებენ, დილას კი - C ვიტამინს. როცა ვეკითხები, რაში სჭირდებათ, მპასუხობენ, რომ სხვას მოუხდა. თუ ადამიანს ისედაც მშრალი კანი და წვრილი ნაოჭები აქვს, იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ მას რეტინოლი უშველის - ეს გამორიცხულია. კიდევ ერთი პრობლემა შინ დამზადებული, გაურკვეველი წარმოშობის ცხიმოვანი კრემებია. ასეთ საცხებში ბაქტერიები ელვისებური სისწრაფით ვრცელდება, რადგან მათ დამცავი შემადგენლობა არ აქვთ. არაქარხნულ მალამოებს დაცვის მექანიზმი არ გააჩნია. მე სამკურნალო მალამოებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა თვალის გარშემო დამატენიანებელი საცხის შინ დამზადება და გამოყენება სწორი არ არის. ასე ადვილად არ კეთდება.