როგორ იხსენებენ კლასელები პატრიარქ შიო მესამეს: "22 წლის იყო, სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო... ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან" - მშობლები

როგორ იხსენებენ კლასელები პატრიარქ შიო მესამეს: "22 წლის იყო, სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო... ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან"

2026-05-11 17:26:55+04:00

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში — ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო.

download-1778506561.jpg

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.

2015 წლის 16 დეკემბერს მიტროპოლიტმა შიომ დაიცვა დისერტაცია მოსკოვის წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, თემაზე „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) - მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.

2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმნინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

ცნობილი კლასელები

მეუფე შიომ თბილისის 53-ე სკოლა დაამთავრა და მის ბევრ კლასელს და მეგობარს ასევე იცნობს საზოგადოება - ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი გიო მგელაძე...

screenshot-2026-05-11-172956-1778506213.png

მარცხნიდან: გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მამა გიორგი ჭიჭინაძე, მეუფე შიო, ირაკლი კაკაბაძე და გიო მგელაძე. 1988 წელი.

ასე იხსენებს მას ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუშიგიო მგელაძე:

"მეუფე შიო ჩემი კლასელი და ნათლიაა. მამაჩემი მამამისის მეჯვარეა. მას ფანტასტიკური, მანათობელი მშობლები ჰყავდა.
მამა, ძია თეიმურაზი, არქეოლოგი იყო, დედა, ნანა ქურდიანი, ფილოლოგიის დოქტორი გახლდათ.
ბებია, ნინა ჟვანია იყო, ცნობილი ექიმი. პაპამისი, ელიზბარ ქურდიანიც ექიმი იყო. ერთს მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მეორეს ლენინგრადში.
მეუფე შიო კი ძალიან თბილი ადამიანი იყო და არის. ნამდვილი არისტოკრატია - ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული... წარმოიდგინეთ, მაშინ 53-ე სკოლაში სწავლობდა, ვერაზე ცხოვრობდა და შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაუცია. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა და ა.შ. მერე კი მიატოვა კონსერვატორია, არ დაუმთავრებია.
ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო. არადა, კარგმა მუსიკოსმა დღეში 10 საათი მაინც უნდა გაატაროს ინსტრუმენტთან. ვურჩიე, დაანებე თავი, დაისვენე-მეთქი. რამდენიმე თვის მერე მისთვის უჩვეულო რამ მითხრა - მინდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მითხრა, მინდა თეოლოგია ვისწავლო და მერე სხვებს ვასწავლოო. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შიო-მღვიმის მონასტრიდან - იქ ვიყავი ცოტა ხანს. შევთავაზე, ჩემს მეგობრებს ვეტყვი, აგიყვანთ შიო-მღვიმეში, ცოტა ხანს დარჩი, რომ მიხვდე იქ რა ხდება, აღსარება სთქვი-მეთქი და ა. შ.-მეთქი...
მეორე დღესვე, ორმა ჩემმა მეგობარმა წაიყვანა შიო-მღვიმის მონასტერში.
5 წელი თბილისში არ ჩამოსულა. დედაქალაქში, 5 წლის შემდეგ, უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 1991 წელს წავიდა შიო-მღვიმეში და 3 წელში ბერად აღიკვეცა.
ძალიან წარმოსადეგი იყო - მაღალი, ახოვანი, ქერა თმები და ცისფერი თვალებით. ასაკში კი გამუქდა და გაჭაღარავდა. პირველ კლასში ერთ მერხზე აღმოვჩნდით.
shio2-1-1774348449-1-1778506312.jpg
ძალიან ღია ფერის იყო - ქერა. ისეთი მაღალი და დიდი იყო ჩემზე, მეგონა, გვერდით მეხუთეკლასელი მეჯდა. მისი სიმაღლე ახლა, მგონი, 190 სანტიმეტრია.
მამა შიო უთბილესი ადამიანია. ბოლომდე არისტოკრატად დარჩა. ნამდვილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული - ღმერთს და ხორცი ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნოს! უმძიმესი ტვირთი ხვდა წილად. იმედია, სინოდი პატრიარქადაც აირჩევს და ნახავთ როგორ ღირსეულად ატარებს ამ ჯვარს. პატრიარქს ძალიან უყვარს მეუფე შიო. პატრიარქი გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მე, მაგრამ მეუფე შიო ისეთი გამორჩეულია, მეც ვხედავ იმ სიძლიერეს და სინათლეს, რაც მასშია.
22 წლის იყო სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო. გოგონებიც მოსწონდა და გოგონებსაც მოსწონდათ, მაგრამ... ურთულესია ბერობის გზა... თუ გინდათ განგება დაარქვით, გინდაც კოსმოსი, ისეთი პიროვნებაა, ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან".
იხილეთ სრულად