საფრთხისშემცველი ნივთები, რომლებიც სამზარეულოში გვაქვს, მაგრამ არ ვოიმჩნევთ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები - მშობლები

საფრთხისშემცველი ნივთები, რომლებიც სამზარეულოში გვაქვს, მაგრამ არ ვოიმჩნევთ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

2026-05-12 11:29:07+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მედგიდი" სამზარეულოში არსებულ იმ ნივთებზე საუბრობს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ყოველდღიურად, შეუმჩნევლად აზიანებს. ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფარულ საფრთხეებზე, რომლებსაც ხშირად სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა ჩვენს ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებასა და არაერთ გართულებას იწვევს.

გიორგი ღოღობერიძე ტეფლონის ტაფების მავნებლობის შესახებ აღნიშნავს:

- ტეფლონთან ჩვენი შეხება ძალიან ხანგრძლივია. ჩემს ბავშვობაში ოჯახში სულ იმის ოცნება იყო, რომ ტეფლონის ტაფა გვქონოდა. წლების წინ, როცა ის თავიდან გამოჩნდა, ამ ინოვაციას ისეთი განცდით შევხვდით, რომ ის უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და კარგი იყო. გვეგონა, პროგრესს არ უნდა ჩამოვრჩენოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალობა სულ სხვა ყოფილა.

ტეფლონის ტაფები ჩვენი სხეულისთვის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნივთია, ამიტომ ისინი სამზარეულოდან ეგრევე უნდა გავიტანოთ. ამ ტაფებისთვის ძალიან დამახასიათებელია ის, რომ გაცხელებისთანავე (ისინი 230 გრადუსზე ძალიან სწრაფად ცხელდებიან) დაშლის პროცესი იწყება. ტეფლონი თავისთავად პოლიმერს - პოლიტეტრაფტორეთილენს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცხელებისას ის მაშინვე ფრაგმენტებად იშლება.

ადრე ასეთი თვისება მქონდა: ჯერ ტაფას გავაცხელებდი და მასზე მუშაობას მერე ვიწყებდი. ეს ძალიან ცუდი იდეაა, რადგან ცარიელი ტაფა 260 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ძალიან მალე ცხელდება და სწორედ ეს ტემპერატურა ტეფლონის დაშლას იწვევს. ამ დროს ტაფას გარეგნულად შეიძლება არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ ორთქლი მაინც გამოიყოფა. პოლიმერის დაშლით მიღებული ეს ორთქლი საკვებში იჟღინთება. ჩვენ ბუნებრივია, ვერც მის გემოს, ვერც ფერს და ვერც სუნს ვერ ვცნობთ. მერე ამას ვიღებთ და რა ხდება? ეს პოლიმერი ჩვენს სხეულში რჩება. მის სრულად გამოსვლას ორგანიზმიდან ათეულობით წელი სჭირდება, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გამოდის.

რა თქმა უნდა, ამ ტაფაზე ერთხელ მომზადებული კერძი ჩვენს ორგანიზმს ვერაფერს დაუშავებს, მაგრამ როცა ეს ყოველდღიურად, კვირაში რამდენჯერმე და წლების განმავლობაში ხდება, ის იმდენი გროვდება, რომ ჩვენს იმუნიტეტს საბოლოო ჯამში აზიანებს. ხშირად წერენ ხოლმე, რომ ბოლო პერიოდში იმუნიტეტი გაუუარესდათ. ხალხი ვერ ხვდება, რომ ეს პრობლემა, მათ შორის, ტეფლონის ტაფის ხშირი მოხმარებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. მისი ორთქლი საკვებში ხვდება, ჩვენს სხეულს არ ტოვებს და იმუნიტეტს ეტაპობრივად აზიანებს. გარდა იმუნიტეტისა, ის სისხლძარღვებსა და ენდოკრინულ სისტემასაც ვნებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ასაკთან ერთად ექიმს უფრო ხშირად მიმართავთ.

ამავე გადაცემაში გიორგი ღოღობერიძე პლასტმასის დაფების გამოყენების რისკებზეც საუბრობს:

- პლასტმასის დაფაზე რაღაცის ჭრის დროს მიკრობზარები ჩნდება. იმ მიკრობზარებში ბაქტერიები კარგად ლაგდება და ტენიც დიდხანს ნარჩუნდება. პლასტმასი წყალს არ იწოვს, ამიტომ ტენიანი გარემო და ბაქტერიები მასში დიდხანს რჩება. მერე იქმნება ბიოფილმი (ეს ბაქტერიებისა და სოკოების მჭიდროდ შეკავშირებული ჯგუფია, რომელიც ზედაპირს ეკვრის და წებოვან, ლორწოვან ნივთიერებას გამოყოფს). მისი მოშორება გახეხვითაც რთულია, თან ხეხვით მიკრობზარებს ვამატებთ და მასში კიდევ უფრო მეტი ბაქტერია ჯდება.

მეორე პრობლემა ისაა, რომ, ჩემი დაანგარიშებით, ამ გზით წლის განმავლობაში ორგანიზმში დაახლოებით 50 გრამი მიკროპლასტმასი ხვდება. როცა დაფაზე ვჭრით და მერე საკვები ორგანიზმში გადაგვაქვს, ამ მიკროპლასტმასს მივირთმევთ. ის ჩვენს სხეულში გროვდება, აღარ გამოდის და წლების განმავლობაში ქრონიკულ ანთებას იწვევს. ამ ანთების ფონზე სისხლძარღვებში ქოლესტეროლი უფრო კარგად ლაგდება და ათეროსკლეროზი ვითარდება. მერე კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი ჩნდება.

ანუ, სამზარეულოში პლასტმასის დაფების ინტენსიურმა გამოყენებამ საბოლოოდ შეიძლება ინფარქტამდე მიგვიყვანოს. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. მაყურებელს უნდა ესმოდეს, რომ აქ საუბარი კუმულაციურ ეფექტზეა. კუმულაციური ეფექტი ნიშნავს, რომ დღეს, ხვალ და ზეგ არაფერი მომივა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თავის საქმეს გააკეთებს. ეს როგორი რაღაცაა, იცით? წარმოიდგინეთ, რომ ჭურჭელს ყოველდღიურად წვეთობით ვავსებთ - ერთი წვეთის ჩაგდება არანაირ შედეგს არ გამოიწვევს, მაგრამ ეტაპობრივად ის მაინც გაივსება. ბევრმა შეიძლება კრიტიკულად შემოგვხედოს - აი, ვიყენებ და არაფერი მჭირსო. მე ჯანმრთელობას გისურვებთ, მაგრამ ასაკთან ერთად ეს პრობლემა თავს აუცილებლად იჩენს.

გიორგი ღოღობერიძე პლასტმასის კონტეინერების გავლენასაც მიმოიხილავს:

- ჩემს მოსწავლეებთანაც შემინიშნავს, რომ პლასტმასის კონტეინერებს ხშირად იყენებენ - ამოიღებენ და იქვე მიირთმევენ. იცით რა არის? მინასთან შედარებით პლასტმასი ნაკლებად მძიმეა და მშობელიც ფიქრობს: მოდი, ბავშვს ასე გავატან, მარტივიაო.

თუ პლასტმასის კონტეინერში ცხელ საკვებს მოვათავსებთ, ეს უკვე პრობლემაა. თუ კონტეინერში სალათია (კიტრი, პომიდორი) და ის ცივ გარემოშია, პლასტმასი ჩვენს სხეულს დიდად არ ვნებს. მაგრამ როგორც კი ის ტემპერატურასთან შეხებაში მოდის და მასში თბილი ან ცხელი კერძი ხვდება, მაშინვე ის პროცესი იწყება, რაც უკვე აღვწერეთ - პლასტმასის ნივთიერებები ჩვენს სხეულში გროვდება და წლების განმავლობაში რჩება. ეს ბავშვს იმუნიტეტსა და ენდოკრინულ სისტემას უნადგურებს, რის შედეგადაც ის ქრონიკულად მოავადედ ყალიბდება. მერე გვიკვირს, რატომ სჭირთ ეს დაავადებები, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს შედეგები ეგრევე არ ვლინდება. საფრთხეს ხალხი იმიტომ ვერ გრძნობს, რომ ეს ყველაფერი წლების შემდეგ ხდება.

აუცილებლად მინა გამოიყენეთ, რადგან ის ბევრად უფრო ინერტულია. პლასტმასისგან განსხვავებით, მინა ცხელ კერძთან შეხებისას ბავშვის სხეულში მავნე ნივთიერებებს არ გადასცემს. რას იწვევს ეს? პირველ რიგში, დროთა განმავლობაში შეიძლება საკვერცხეების პოლიკისტოზი გამოიწვიოს. გოგონებში ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, რომელიც ჭარბ წონასაც უკავშირდება. მეორე მხრივ, ამან შეიძლება უშვილობაც გამოიწვიოს. ეს ერთ წელიწადში არ მოხდება, ეს წლების განმავლობაში ინტენსიური გამოყენების შედეგია. გარდა ამისა, ასაკთან ერთად, თუ ეს ყოველდღიურ ხასიათს ატარებს, სიმსივნეების, განსაკუთრებით კი ჰორმონდამოკიდებული ორგანოების (სარძევე ჯირკვალი, საკვერცხეები) განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს. ასე რომ, პლასტმასთან რაც უფრო ნაკლები კონტაქტი გვექნება, მით უკეთესი.

კერძი ან სასმელი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და არა ცხელი. მინახავს, პლასტმასის ჭიქებში ცხელ ყავას ისხამენ და ისე სვამენ - ეს ძალიან ცუდი რამაა. ეს პირდაპირი ბილეთია უშვილობისკენ, ქრონიკული დაავადებებისა და სიმსივნეებისკენ. ცხელთან შეხება არ შეიძლება! ოთახის ტემპერატურის საკვები პლასტმასის კონტეინერში ბევრად უსაფრთხოა. როცა ტემპერატურა მაღალია, პლასტმასი რეაქტიული ხდება და თავისი თვისებების გამოვლენას იწყებს, მაგრამ დაბალ ტემპერატურაზე საფრთხე ნაკლებია.

გიორგი ღოღობერიძე ასევე საუბრობს, რა საფრთხეს შეიძლება, უქმნიდეს სარეცხი ღრუბელი ადამიანის ჯანმრთელობას:

- ალბათ, ახლა რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ამ სიაში ყველაზე ბინძური სწორედ ის არის - სარეცხი ღრუბელი. სამზარეულოში მისი გამოყენება ჩვენს ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის, რადგან ის ბაქტერიების პირდაპირი ბუდეა.

მოდი, ავხსნათ, რატომ: ღრუბელს ფოროვანი სტრუქტურა აქვს და ამ ფორებში ტენი გროვდება. როცა ამ ღრუბელს ვიყენებთ, უმრავლესობა მას ჭურჭელს მოატარებს, მერე გვერდზე გადადებს და ცოტას გამოწურავს, მაგრამ ღრუბელი ასე არ შრება. იმ ფორებში საკვების ნარჩენები ჯდება, რის მოსაშორებლადაც მას ვიყენებდით. ამ ნარჩენებში, ფორებსა და ტენიან გარემოში ბაქტერიები და სოკოები მრავლდებიან. ღრუბელი სპეციალურ მიკრობიოლოგიურ ეკოსისტემად იქცევა, რომელიც უამრავი ინფექციის პირდაპირი წყაროა. მათ შორის, შიგნით სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და კამპილობაქტერია მრავლდება.

ეს ბაქტერიები შიგნით მრავლდებიან და როცა ამ ღრუბელს რეგულარულად არ ვცვლით, სწორედ ეს არის პრობლემა. რა უნდა გავაკეთოთ? ღრუბელი კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა იცვლებოდეს. ეს ყველაზე სწორი მიდგომაა - კვირაში ერთხელ ის ყველა ვარიანტში უნდა გამოიცვალოს, მისი უფრო დიდხანს გამოყენება უკვე ძალიან არასწორია. მეორე - გამოყენების შემდეგ თავად ღრუბელიც ძალიან კარგად უნდა გავრეცხოთ და გავაშროთ. რაც უფრო მშრალი იქნება ის, მით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენთვის.

იხილეთ გადაცემა სრულად: