World Economic Forum-ის დამფუძნებელი კლაუს შვაბი BTU-ში სიტყვით გამოვიდა - მშობლები

World Economic Forum-ის დამფუძნებელი კლაუს შვაბი BTU-ში სიტყვით გამოვიდა

2026-05-13 14:58:35+04:00

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ეკონომისტის, ინჟინრისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, პროფესორ კლაუს შვაბის ახალი ნაშრომის პრეზენტაციას უმასპინძლა. წიგნი - „Universities, Professors, and Students in the Intelligent Age“, ეხება ხელოვნური ინტელექტის გავლენას აკადემიური განათლების ტენდენციებზე. პროფესორმა წიგნი აუდიტორიას ონლაინ ფორმატში წარუდგინა.როგორც პროფესორმა შვაბმა BTU-ში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა, AI არ არის მხოლოდ მორიგი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, არამედ ეს არის სისტემური ტრანსფორმაცია, რომელიც უმაღლესმა საგანმანათლებლო სექტორმა ცოდნის გადაცემისას პრაქტიკაში უნდა გამოიყენოს. მისი განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, განათლების სისტემა ფაქტების სწავლებიდან კრიტიკული აზროვნების, ეთიკისა და AI-ს სწორად გამოყენების სწავლებაზე უნდა გადავიდეს. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში აკეთებს სწორედ იმ საქმეს, რაზეც მან თავის წიგნში ისაუბრა:

„როდესაც ამ დისკუსიისთვის ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რომ რეალურად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განსაკუთრებულ და ინოვაციურ როლს თამაშობს სხვადასხვა მიმართულებით, რაზეც ჩემს წიგნში მაქვს საუბარი. ასევე მინდა ხაზი გავუსვა რექტორ ნინო ენუქიძის როლს ქალთა გაძლიერებაში - თქვენი ყველა ინიციატივა ქალებს ეხმარება, ხელოვნური ინტელექტის ერაში მეტი ცოდნა მიიღონ.

2015-2016 წლებში, როდესაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეიქმნა, დავწერე და გამოვეცი წიგნი - „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ (the Fourth Industrial Revolution), რომელშიც აღვნიშნე, რომ ახალი ტექნოლოგიების ტალღა იწყებოდა და ეს არ იყო მხოლოდ ციფრული რევოლუცია. მე ჩემს წიგნში გამოვყავი 20-ზე მეტი ტექნოლოგია, რომელიც შეცვლიდა მსოფლიოს და შეცვლიდა არა მხოლოდ იმას, რასაც ვაკეთებთ, არამედ იმასაც, თუ ვინ ვართ! ტექნოლოგიები დავყავი სამ მთავარ კატეგორიად, ჩვენი ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური არსებობა. AI ციფრულ კატეგორიაში მოიაზრება“, - განმარტა მან.

რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და მისი გამოყენების სპეციფიკას, პროფესორმა განმარტა, რომ უნივერსიტეტებმა თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული სასწავლო პროგრამები უნდა შექმნან:

„მიმაჩნია, რომ ბევრი რამ, რასაც თქვენ BTU-ში უკვე აკეთებთ, წიგნშია ასახული. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი რომ გამოვყო - ცოდნის მიღების სპეციფიკა და ინფორმაცია ძალიან სწრაფად იცვლება და როდესაც ამთავრებ უნივერსიტეტს, შენი ცოდნა ადაპტირებული უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნებზე. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ სისტემა, რომელიც გასცემს იმგვარ ცოდნას, რომლის გამოყენებაც კურსდამთავრებულს მთელი ცხოვრების განმავლობაში შეეძლება და ცვლილებების შემთხვევაში, განაახლებს მას“, - განმარტა პროფესორმა.

ამასთან, პროფესორმა შვაბმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე უნივერსიტეტები სწრაფად ადაპტირდნენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტად გამოყენებაზე სასწავლო პროცესში - „ის არის პარტნიორი და არა მტერი“, - აღნიშნა მან.

წიგნის პრეზენტაციის დასრულებისას პროფესორმა შვაბმა უპასუხა აუდიტორიის კითხვებს, წიგნსა და თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც აკადემიურ სფეროში ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა.

აღსანიშნავია, რომ წიგნი ხელმისაწვდომია BTU-ს აკადემიური პერსონალისთვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

R