"სულ არ მინდა, ყველას მოვწონდე... „რას იტყვის ხალხი“, ამაში არ გავზრდილვარ. „შენ იყავი ბედნიერი“ — ამაში გავიზარდე... არ მხიბლავს თანაცხოვრება და მარტოობისაც არ მეშინია" - ნანკა კალატოზიშვილი - მშობლები

"სულ არ მინდა, ყველას მოვწონდე... „რას იტყვის ხალხი“, ამაში არ გავზრდილვარ. „შენ იყავი ბედნიერი“ — ამაში გავიზარდე... არ მხიბლავს თანაცხოვრება და მარტოობისაც არ მეშინია" - ნანკა კალატოზიშვილი

2026-05-13 22:01:38+04:00

ირინა ქიქოძის პოდკასტში „მერე?“ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი საუბრობს თეატრზე, საზოგადოებრივ პროცესებზე, პროტესტზე, თავისუფლებაზე, საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებებზე, სილამაზის აღქმაზე, შინაგან სიმშვიდეზე და ა.შ.

გამბედაობა და სიმამაცე

- მე ძალიან დიდ თავისუფლებაში გავიზარდე, არასდროს მქონია შეზღუდვა აზრის გამოხატვაში, ემოციების გამოხატვაში, ძალიან დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გავიზარდე და ასე როცა იზრდები, მერევერავისგან ვერ მიიღებ რაღაცა სხვა ფორმის კომუნიკაციას და რაღაც სხვა წესებს... საერთოდ მგონია, რომ ტყუილი ცოტა მშიშარა ხალხის დამახასიათებელი თვისებაა და როცა მართალი ხარ, უფრო თამამიც ხარ ალბათ. მართალი ვარ და ძალიან სწორი ფასეულობებისთვის ვიბრძვით, და მარტო ჩემთვის არ ვიბრძვი.

უნდა მოსწონდე თუ არა ყველას...

მე არ მომწონს ეს მიდგომა... ენერგიას არ ვხარჯავ და ისიც გააზრებული მაქვს — არ შეიძლება, ყველას მოვწონდე. მეტსაც გეტყვი: არც მინდა, რომ ყველას მოვწონდე. ვიღაცები, ვინც მე არ მომწონს, იმათ რომ მოვწონდე, საერთოდ არ მხიბლავს ეგ ამბავი. ჰოდა, არ მგონია დიდად კარგი, რომ ყველას მოვწონდე. თან არ მომწონს, იდეალებს რომ ქმნიან. რაღაც იდეალური რომ ხარ, ან ზედმეტად რომ აჰყავხარ ვიღაცას (თუნდაც ჩემზე რომ იძახდეს ვინმე სადღაც, რომ ყველაზე კარგიაო), არც ეგ მომწონს დიდად, იმიტომ რომ არანაირ შანსს არ გიტოვებენ, შეცდომა დაუშვა. მე არ მომწონს ეს, საერთოდ არ მინდა, ვიყო იდეალური, არანაირი მოთხოვნილება არ მაქვს, რომ მოვწონდე ყველას. შეცდომების დაშვების უფლება უნდა მქონდეს... კონკრეტული ადამიანების აზრი შეიძლება მაინტერესებდეს, მაგრამ აი, მასიურად...
იცი, როგორ არის? ასე შენ არ ცხოვრობ, შენ ცხოვრობ ვიღაცის ცხოვრებით, რეალურად — ვიღაცის წარმოდგენით, როგორი უნდა იყოს ნანკა. პაზლივით რომ ააწყო: ისეთი ხასიათი უნდა ჰქონდეს, ასე უნდა იჯდეს, ასე უნდა ეცვას, ასე უნდა ლაპარაკობდეს. ერთხელ მითხრა ძალიან ახლობელმა ადამიანმა: „ნანკა, ნუ აზიზღებ ხალხს თავს, ძაან ბევრს რომ იბრძვიო“. ვიღაცას ის ჰგონიხარ, ვიღაცას — ეს. აი, რა მომენტში გადაწყვიტა ამ ჩემმა უახლოესმა ადამიანმა, ამდენი წლის ნაცნობობის მერე, რომ ეს მაინტერესებდა — ვინ რას იფიქრებს ჩემზე და ვის გადავუყვარდები თუ არ გადავუყვარდები? იმიტომ რომ, მართლა გეუბნები, იმდენად მჯერა, რომ მართალი ვარ... რაღაცები შეიძლება მეშლება, კი, შეიძლება ფორმებიც არ მქონდეს გამოხატვის კარგი, მაგრამ ამ ბრძოლაში, ყოველ შემთხვევაში, იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ... ადამიანურ კოდექსებზეა საუბარი და ღირსებაზეა საუბარი. ის, რომ ვიღაცები გლანძღავენ და საშინელებებს წერენ, ძალიან სასოწარკვეთილი სურათია — აი, ამ მდგომარეობაში არიან ისინი. მაგრამ მე ემოციურად არ მეხება და არასდროს არ მეხებოდა, იმიტომ, რომ მართლა ბავშვობიდან არ მადარდებდა, რას იტყვის ვიღაცა. ასე გავიზარდე. აღზრდაზეა ალბათ ეგ — „რას იტყვის ხალხი“, ამაში არ გავზრდილვარ. „შენ იყავი ბედნიერი“ — აი, ამაში გავიზარდე.
უნდა კონცენტრირდე საკუთარ ცხოვრებაზე, იმიტომ, რომ არ გვაქვს ბევრი დრო. არავინ არ იცის, რამდენი გვაქვს დრო. სიბერე დიდი ფუფუნებაა და არ იცი რეალურად, რამდენი დაგრჩა. დღეს ვზივარ აქ, ხვალ არ ვიცი რა ხდება. მომავალი არ არსებობს რეალურად, მომავალი არის ჩვენი მოგონილი რაღაცა ამბავი. არსებობს აწმყო დროში "დღეს", "ახლა" და "აქ" — და უნდა ეცადო, იყო ბედნიერი... სულ მუშაობ მომავალზე, გიჟივით მუშაობ და აწმყოში სიამოვნებას ვერ იღებ, მერე მისტირი წარსულს. გიჟივით მუშაობ მომავლისთვის და აწმყოში რა ხდება? აწმყოში ბედნიერი აღარ ხარ. ჰოდა, რეალურად მარტო „დღეს, ახლა და აქ“ არის. რომ დაფიქრდე, ის შენი მოგონილია.

მარტოობა

ჩემ გარშემო მინახავს არაერთი ადამიანი, რომელსაც ოჯახი შეუქმნია (ან, ვთქვათ, მეორე ოჯახი შეუქმნია, ან გაშორებია ადამიანს), იმიტომ რომ სიმარტოვის ეშინოდა. არადა, არაფერი ამაში საშიში არ არის. ძირითადად უფრო ქალებს ემართებათ ეს, რასაც ვაკვირდები. ესეც მგონია, რომ სოციუმიდან მოდის... მე სიმარტოვეში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ პარტნიორი არ გყავდეს, მაგრამ ის, რომ აუცილებლად ერთ ჭერქვეშ უნდა იცხოვროთ — ეს არ ვიცი. მე, მაგალითად, არ მხიბლავს თანაცხოვრება საერთოდ. ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება პარტნიორი არ მყავდეს, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრების სურვილი არ მაქვს, არ მომწონს. მომწონს ეს რაღაცნაირი ურთიერთობები, შეიძლება ძალიან ხანგრძლივიც იყოს და ძალიან ბევრი წელიც გაგრძელდეს, მაგრამ უნდა ვაღიარო: რატომ უნდა მოვიტყუო და რატომ უნდა მოვატყუო სხვა ადამიანი? თანაცხოვრება არ მომწონს. სიმარტოვისაც არ მეშინია, იმიტომ რომ სიმარტოვეს არ ვეძახი მე ამას — ვეძახი განმარტოებას საკუთარ თავთან.
6 წლის მერე ხორცს არ ვჭამ... კანს ვუვლი რუტინულად, არასდროს ვირუჯები... ცხვირი გამიტყდა და ორჯერ გავიკეთე... - ნანკა კალატოზიშვილი თავის მოვლაზე