"ეს საწყალი უშვილოა", "„ნათესავის ბავშვი გაზარდეთ" - ერთი დედის გამოცდილება, რომელმაც უშვილობის გზა გაიარა - მშობლები

"ეს საწყალი უშვილოა", "„ნათესავის ბავშვი გაზარდეთ" - ერთი დედის გამოცდილება, რომელმაც უშვილობის გზა გაიარა

2026-05-14 11:05:18+04:00

საქართველოში ძალიან ბევრი ქალი ებრძვის უშვილობას. სამედიცინო დიაგნოზის გარდა მათ უწევთ გამკლავება საზოგადოების განწყობასთან, უტაქტო კითხვებთან და რეპლიკებთან, რაც ამ ქალბატონებისთვის მთავარ პრობლემაზე არანაკლებ სტრესული და მძიმეა. სწორედ ამაზე წერს სოციალურ ქსელში ნინო კვარაცხელია:

„შვილი არ გეყოლება…“ ფრაზა, რომელმაც 12 წელი ტკივილში გამატარა.

ბევრმა მკითხა შვილოსნობაზე და მინდა, ვინც ახლა შემომიერთდით, ჩემი ისტორია თქვენ გაგიზიაროთ.

12 წელი ვისმენდი:„ეს უშვილოა…“ „ეს დედა ვერასოდეს გახდება…“ „ნათესავის ბავშვი გაზარდეთ…“

ისიც კი უთქვამთ:„უნაყოფო ხეს ჭრიანო…“

ვიღაცებისთვის ეს უბრალოდ სიტყვები იყო… ჩემთვის კი ღამეების ტირილი, დაცემული თვითშეფასება და ყოველი ახალი დღის შიში…

მინდა ერთხელ და ღიად ვისაუბრო იმაზე, რასაც 12 წელი გულში ვატარებდი. უშვილობა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ არის… ეს არის გრძელი გზა, სადაც ყოველ ნაბიჯზე ადამიანების დაუნდობელ დამოკიდებულებას ეჯახები.

„კი, ეს საწყალი უშვილოა…“ „ეს დედა ვერასოდეს გახდება…“

ეს სიტყვები ნემსივით გერჭობა გულში.

ხალხი საერთოდ არ ფიქრობს, რას გრძნობ იმ დროს.

ისეთებიც იყვნენ, „ჭკუას რომ მარიგებდნენ“ და მეუბნებოდნენ:

„არაუშავს, იქნებ ვინმე ნათესავმა გაგიჩინოს და ის გაზარდო…“

თითქოს დედობა ასეთი მარტივი იყოს…

ყველაზე მძიმე კი ექიმებისგან მოსმენილი უსამართლო დიაგნოზები იყო.

სახეზე აკრული ცივი ღიმილით, ყოველგვარი ემოციის გარეშე გეუბნებოდნენ:

„შვილი არ გეყოლება, მაგრამ არაუშავს, არსებობს სხვა გზებიც…“მათთვის ეს უბრალოდ მორიგი შემთხვევა იყო…ჩემთვის კი სამყაროს ჩამოქცევა.

იმდენად დამღალა სხვისმა ქილიკმა, რომ როცა მეკითხებოდნენ, მყავდა თუ არა შვილი, უკვე „კი“-ს ვეუბნებოდი… ოღონდ ეს სტრესი თავიდან ამერიდებინა…

დღეს კი, როცა სამი შვილის დედა ვარ, ისევ გამოჩნდნენ „მცოდნეები“ ირონიული კითხვებით:„განა რამდენი უნდა გააჩინო?“ „შენ 10-ზეც არ იტყვი უარს…“

დასკვნა ერთია:ხალხი ყოველთვის იპოვის სალაპარაკოს, რადგან ენას ძვალი არ აქვს.

უბრალოდ გთხოვთ…სადაც თქვენი საქმე არ არის, იქ ნუ ჩაყოფთ ცხვირს.და ვინც ახლა ამ გზას გადის — გთხოვ, არ დანებდე…

გათავისუფლდი ნეგატივისგან, გაასუფთავე გონება ზედმეტი ფიქრებისგან და გჯეროდეს, რომ სასწაულები მართლა ხდება.

ოდესღაც მეუბნებოდნენ:„შვილი არ გეყოლება…“

დღეს კი ჩემი სახლი სამი ბავშვის სიცილით არის სავსე" - წერს ნინო კვარაცხელია.

უშვილობის დროს 50% მამაკაცის ფაქტორია. სანამ ქალს გამოკვლევებს გავუკეთებთ, ყველაზე მარტივი და იაფი ტესტი მამაკაცის ანალიზია - მადონა ჯუღელი
როგორ გახდა უშვილო წყვილი 5-წლიანი მოლოდინის შემდეგ წაჩხურობის სასწაულის მომსწრე - მთელ საქართველოში ექიმებთან ყველგან ვიყავით. უკან არაფერზე დაგვიხევია, მაგრამ გზა მაინც უფალთან მიდის