რა სიმპტომები ახასიათებს ნაწლავის კიბოს და რა შეცდომებს უშვებენ დიაგნოზის დასმამდე ყველაზე ხშირად - სპეციალისტი განმარტავს - მშობლები

რა სიმპტომები ახასიათებს ნაწლავის კიბოს და რა შეცდომებს უშვებენ დიაგნოზის დასმამდე ყველაზე ხშირად - სპეციალისტი განმარტავს

2026-05-15 12:30:24+04:00

აბდომინური ქირურგი, ბესო მეტონიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ნაწლავის კიბოს შესახებ საუბრობს და ასახელებს იმ საყურადღებო სიმპტომებს, რომლებიც ადამიანებს არ უნდა გამორჩეთ:

- მსოფლიოში კოლორექტული კიბო, ანუ სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიაა. ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონამდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. აქედან უმრავლეს, თითქმის, 90% შემთხვევაში, დიაგნოზს 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს უსვამენ. თუმცა, დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც შეიმჩნევა. სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლით მას მეორე ადგილი უკავია.

უმრავლეს შემთხვევებში დაავადების დიაგნოზს გვიან სვამენ. ამის გამო მკურნალობის პროცესი რთულდება და გამოსავალიც უფრო ნაკლებ საიმედოა.

- რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში შემთხვევები, როცა პაციენტი სხვა დიაგნოზს მკურნალობს, რეალურად კი სიმსივნე აქვს?

- ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება. ეს ცუდი რეალობაა, რადგან ამ დაავადებას სხვა პათოლოგიების მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს.

- ჩამოვთვალოთ ის სიმპტომები, რომლებიც ნაწლავის კიბოს დროს ვლინდება.

- პირველ რიგში, ეს სწორი ნაწლავიდან სისხლიანი გამონადენია. ასევე საყურადღებოა ყაბზობისა და ფაღარათის გახანგრძლივებული მონაცვლეობა, მუცლის შებერილობა, ტკივილი და წონის კლება. ამ ნიშნების არსებობა ონკოლოგიას აპრიორი არ ნიშნავს, თუმცა ექიმთან ვიზიტის მიზეზი აუცილებლად უნდა გახდეს.

სიმპტომატიკა აქ ძირითადად ყოველთვის გამოიკვეთება, თუმცა მთავარია, პაციენტმა საფრთხე დროულად დაინახოს. დაავადება ყოველთვის ხმაურით არ მოდის, ხშირად ის ჩუმად ვითარდება. სამწუხაროდ, პაციენტები კვირებისა და თვეების განმავლობაში სხვა დაავადებების გამო თვითმკურნალობას იტარებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჰემოროიდული დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან „დისბაქტერიოზი" აწუხებთ.

ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კოლორექტული კიბო ადვილად პრევენცირებად და განკურნებად პათოლოგიებს მიეკუთვნება, თუ მას საწყის ეტაპზე აღმოვაჩენთ. მკურნალობის მოცულობა და პროგნოზი სწორედ დროზეა დამოკიდებული. საწყის ეტაპზე შესაძლოა მხოლოდ მცირე ენდოსკოპიური ჩარევა დაგვჭირდეს. დაგვიანებულ შემთხვევებში კი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ქირურგიული ოპერაციები ერთად გამოიყენება.

დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში მრავალი მიმართულების ექიმი მონაწილეობს. პაციენტს უტარდება ენდოსკოპიური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ამის შემდეგ მკურნალობაში მულტიდისციპლინური ჯგუფი ერთვება. დაავადებასთან ბრძოლის ეტაპზე ქირურგიულ ონკოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ექიმები ყოველთვის ვცდილობთ, რომ უკეთეს შედეგს ნაკლები ტრავმით მივაღწიოთ. თუმცა, თუ პაციენტს მუცლის ღრუზე სხვა ოპერაციები აქვს გაკეთებული, შეხორცებები აღენიშნება ან სიმსივნე სხვა სტრუქტურებშია შეჭრილი, უპირატესობას ტრადიციულ, ღია ქირურგიას ვანიჭებთ.

თავისთავად ტერმინი „მცირე ინვაზია" იმას მოიცავს, რომ ოპერაცია მცირე განაკვეთიდან კეთდება. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მცირე ინვაზიურ და ღია ოპერაციებს შორის არანაირი ონკოლოგიური კომპრომისი არ არსებობს. აბსოლუტურად იგივე მოცულობის სამუშაო სრულდება, თუმცა განაკვეთების ზომა გაცილებით მცირეა. შესაბამისად, პაციენტების შემთხვევაში რეაბილიტაციის დაწყება ბევრად უფრო ადრე ხდება.

მეთოდი ნაკლებ მედიკამენტს, ასევე თრომბოემბოლიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების პრევენციას გულისხმობს. ეს ყველაფერი კი პაციენტის დროულ გააქტიურებას და ჯანსაღი ცხოვრების რიტმში მის სწრაფად ჩადგომას უზრუნველყოფს.

- ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს, თუ რა არის ის მთავარი შეცდომა, რომელიც ჯანმრთელობის სადარაჯოზე არ უნდა დავუშვათ. რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

- მე ვიტყოდი, რომ საკუთარ ორგანიზმს უნდა მოვუსმინოთ. ის ყოველთვის გარკვეულ ნიშნებს გვაძლევს, რათა დროულ დიაგნოზამდე მივიდეთ. ამის შემდეგ მკურნალობის პროცესში პროფესიონალების გუნდი ერთვება.

ქირურგიული ონკოლოგია მხოლოდ სიმსივნეების კვეთას აღარ ნიშნავს. ეს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე მორგებული მედიცინაა, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში ხორციელდება.

საგანგაშო ინფორმაცია პროცედურაზე, რომელსაც ქალები ხშირად მიმართავენ - სიმსივნურ პროცესებს უწყობს ხელს, ზოგჯერ ახასიათებს თმის გაძლიერებული ცვენა, ალერგია, თვალების გაღიზიანება, ღებინება
ძალიან ცხელი საკვებისა და სასმლის სისტემატურად მიღებამ შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს - კლინიკური ონკოლოგის გაფრთხილება
რომელ კლინიკებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი და რომელი კვლევით შეაფასებენ თქვენს ფილტვებს
შეკითხვები ძუძუს ჯანმრთელობაზე, რომლებსაც თითქმის ყველა ქალი სვამს და გამოცდილი მამოლოგის პასუხები