ყველაფერი რაც თანამედროვე ფსიქოლოგიის შესახებ უნდა იცოდე, როგორც პაციენტმა და როგორც სპეციალისტმა - მშობლები

ყველაფერი რაც თანამედროვე ფსიქოლოგიის შესახებ უნდა იცოდე, როგორც პაციენტმა და როგორც სპეციალისტმა

2026-05-15 17:27:44+04:00

ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, ყოველთვის ადამიანის ბუნების ამოხსნას ცდილობდა, თუმცა ციფრულმა ეპოქამ ამ პროცესს სრულიად ახალი მასშტაბი შესძინა. დღეს, როდესაც ალგორითმები ჩვენს ნაცვლად წინასწარმეტყველებენ ქცევას, ცხადი ხდება, რომ ფსიქოთერაპიული სივრცე და ზოგადად, მიდგომებიც იცვლება. თანამედროვე ფსიქოლოგია სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც პაციენტს, ისე სპეციალისტს. ამ ტრანსფორმაციის არსსა და გამოწვევებზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჭუმბურიძე, ვრცელ და სიღრმისეულ ხედვას გვიზიარებს:

„ფსიქოლოგია მეცნიერებაა, რომელიც ადამიანების ქცევას სწავლობს. უფრო ზუსტად, ის ცდილობს ახსნას და იწინასწარმეტყველოს ადამიანების ქცევა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ქცევის წინასწარმეტყველება გამარტივდა. რაც უფრო მრავალფეროვანი მონაცემი გვაქვს, მით უფრო უკეთ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ რას გააკეთებს ადამიანი. ხელოვნური ინტელექტიც ზუსტად ასე მუშაობს - დიდ ენობრივ მოდელებს, რომელთა შორისაც ChatGPT, Gemini და Claude-ია, ძალიან დიდ მონაცემებზე აქვთ წვდომა, და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ახერხებენ თქვენთან საუბარს, იმდენად გამართულად, რომ შეიძლება გეგონოთ თითქოს მეორე მხარეს სხვა ადამიანი ზის, რომელიც ძალიან კარგად გიცნობთ. ისინი მაღალი სიზუსტით წინასწარმეტყველებენ თქვენთვის ნათქვამ ყოველ შემდეგ სიტყვას.

რა თქმა უნდა, ციფრულ ეპოქაში გამარტივდა მონაცემების შეგროვებაც. მაგალითად, ჭკვიან მაჯის საათს საკმაოდ ზუსტად შეუძლია დააფიქსიროს თქვენი გულისცემა და სხვა აქტივობები. როდესაც საჯარო გამოსვლის წინ შფოთავთ, შეიძლება საათმა გკითხოთ კიდეც, რომ თქვენი ამჟამინდელი, უძრავი მდგომარეობისთვის გულისცემა ზედმეტად მაღალია. ხომ ყველაფერი რიგზეა? აქამდე, ადამიანისთვის უნდა გვეკითხა რას გრძნობს ხოლმე საჯარო გამოსვლებისას. ახლა, ეს მონაცემი უფრო ზუსტია, და თანაც ხელმისაწვდომი.

საინტერესოა კოვიდის დროს მომხდარი ცვლილებებიც. სოციალური დისტანციის გამო, თერაპიამ ონლაინ გადაინაცვლა. უეცრად თერაპევტი და კლიენტი ერთმანეთს მონიტორიდან ესაუბრებოდნენ. ის რასაც დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ, და ის რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო, უეცრად აუცილებლობად იქცა და ტექნოლოგიებმა ეს შესაძლებელი გახადა.

კვლავ ხელოვნურ ინტელექტს რომ მივუბრუნდეთ, უეცრად გაჩნდა ვიღაც მოსაუბრე, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ღამის სამ საათზე კოშმარული სიზმრიდან გაღვიძების დროსაც კი. თქვენ მას ესაუბრებით, და ის გისმენთ. გისმენთ ისე, როგორც თითქმის არავის სხვას არ მოუსმენია. გესაუბრებათ ისე, თითქოს დიდი ხნის მეგობარია. რჩევებს გაძლევთ და ამისთვის ძალიან მყარ არგუმენტებს იყენებს. მოკლედ, სასიამოვნოა მასთან საუბარი...

თუმცა, აქ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს უნდა მიექცეს ყურადღება. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი სწორედ ამაზეა გათვლილი. ის ისე უნდა გესაუბროთ, რომ მასთან საუბარში რაც შეიძლება მეტი დრო დახარჯოთ. შესაბამისად ხელოვნური ინტელექტის ბოტების პირველი ამოცანა, კომპანიისათვის მოგების მოტანაა და არა თქვენი კარგად ყოფნა. აქვე მეორე ფაქტიც უნდა გაითვალისწინოთ - მიმოწერის მეორე მხარეს ძალიან დახვეწილი სტატისტიკური მოდელი დგას, და არა ადამიანი. ეს სტატისტიკური მოდელი კი მუშაობისთვის იყენებს იმ მონაცემებს, რომელზეც დაატრენინგეს. ამ მასალას შორისაა მხატვრული ტექსტები, თუ ადამიანების მიერ ფორუმებსა თუ სხვადასხვა ონლაინ სივრცეში დაწერილი პოსტები და კომენტარები.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თანამედროვე ფსიქოლოგია იცვლება, და ეს ცვლილებები საინტერესოა. ხელოვნური ინტელექტი დღეს ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს კლინიკურ ფსიქოლოგს, მაგრამ ნამდვილად შეძლებს მის გარკვეულ დახმარებას. თუმცა, ამისთვის სპეციალურ მონაცემებზე დატრენინგებული მოდელი იქნება საჭირო. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიებს, მაგალითისთვის საკმაოდ საინტერესოა ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენება სხვადასხვა ტიპის შიშებთან საბრძოლველად. წარმოიდგინეთ რომ გეშინიათ ჩაკეტილი სივრცის. იკეთებთ სათვალეს, რომელშიც ეშვება პროგრამა და უეცრად ლიფტში ხართ, ან თვითმფრინავის კაბინაში. დანარჩენს უკვე თქვენთან ერთად, რეალურ სივრცეში მყოფი ფსიქოლოგი მიხედავს, თუმცა, კვლევების თანახმად, ეს სათვალეები საკმაოდ კარგ შედეგს გვაძლევს.

რომ შევაჯამოთ, თანამედროვე ფსიქოლოგებისთვის მნიშვნელოვანია უკეთ გაერკვნენ ტექნოლოგიებში და ნახონ რა სიახლეა, რადგან სრულიად მარტივმა გამოგონებამაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს დარგს. რაც შეეხება თანამედროვე კლიენტს, მათ ვურჩევდი რომ კვლავ ფსიქოლოგს მიმართონ და ფრთხილად იყვნენ ხელოვნური ინტელექტის მიერ მიცემულ რჩევებთან“.

ამ ახალ რეალობაში, სადაც მეცნიერება და მაღალი ტექნოლოგიები ერთმანეთს განუყოფლად ერწყმის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც არა მხოლოდ კლასიკური ფსიქოლოგიური განათლება ექნებათ, არამედ ციფრული ინსტრუმენტების მართვის უნარიც. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გვთავაზობს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, რომელიც სრულად თანამედროვე მიდგომებზეა გათვლილი. პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ იმ ცოდნას, რომელიც აუცილებელია AI-ს, დიდ მონაცემთა და ვირტუალური რეალობის ეპოქაში პროფესიული საქმიანობისთვის, რაც საბოლოო ჯამში ადამიანური კეთილდღეობისა და ტექნოლოგიური პროგრესის სინთეზსს უზრუნველყოფს.

R