როგორ უნდა მივულოცოთ ახლობლებს დავითობა, თამარობა, ნინოობა და სხვა წმინდანთა სახელებთან დაკავშირებული დღესასწაულები - განმარტავს მოძრვარი - მშობლები

როგორ უნდა მივულოცოთ ახლობლებს დავითობა, თამარობა, ნინოობა და სხვა წმინდანთა სახელებთან დაკავშირებული დღესასწაულები - განმარტავს მოძრვარი

2026-05-16 15:46:31+04:00

წმინდანთა ხსენების დღეები ქრისტიანული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოში კი უამრავი ბავშვი თუ ზრდასრული სწორედ წმინდანთა სახელის მატარებელია. როგორ უნდა გამოვხატოთ ამ დღეებისადმი ჯეროვანი პატივისცემა და როგორ მივულოცოთ წმინდანთა მოსახელეებს დავითობა, თამარობა, ნინოობა და სხვა სახელობითი დღესასწაულები? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- მამაო, როგორ და როდის ჩაეყარა საფუძველი წმინდანთა ხსენების ტრადიციას?

- ქრისტიანობის პირველივე საუკუნეში, როგორც კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თავი გასწირეს ქრისტესთვის, სარწმუნოებისათვის, მაგალისად სტეფანე პირველმოწამე, მოციქული იაკობ ზებედესი, ქრისტეს მიმდევრები იკრიბებოდნენ და იხსენიებდნენ მათ.

პირველი საუკუნეების შემდეგ მოწამეებს თანდათან დაემატნენ ღირსი მამები, დედები, აღმსარებლები და სხვა მოღვაწეები. წმინდანთა რიცხვი საუკუნეების განმავლობაში მუდმივად იზრდება, რადგან არ არსებობს ეპოქა, რომელშიც წმინდანები არ ცხოვრობენ. ცხადია, წმინდანთა მოხსენიების დღეებიც ამის მიხედვით იზრდება.

- წმინდანთა ხსენების დღეები, უმეტეს შემთხვევაში, მათი ამქვეყნიური აღსრულების დღეებია. რატომ ვდღესასწაულობთ მათი გარდაცვალების დღეს?

- მაგალითად ავიღოთ ღვთისმშობლის მიძინება - მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი მიწიერი ცხოვრების დასასრულია, ეკლესია მას უდიდეს დღესასწაულად აღიქვამს და ზეიმობს. ასევეა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემთხვევაშიც, თუმცა ამ დღეს მკაცრი მარხვაა დაწესებული, საეკლესიო მსახურება .მაინც საზეიმო და სადღესასწაულოა.

წმინდანის გარდაცვალების დღე არის მისი მიწიდან ზეცაში გადასახლების, უფალთან დამკვიდრების დღე. თუ ჩვენ ადამიანის ამქვეყნიურ, ხორციელ შობას ვზეიმობთ, მით უფრო მეტად უნდა ვდღესასწაულობდეთ მის გადასვლას უკეთეს მდგომარეობაში - ზეციურ სამყაროში.

- საეკლესიო დღესასწაულები რანგების მიხედვითაა დაყოფილი, რა სხვაობაა საეკლესიო რანგსა და ხალხურ თაყვანისცემას შორის?

- საეკლესიო ღვთისმსახურებაში არსებობს იერარქია, რომელსაც რანგები ეწოდება. რანგით ყველაზე დიდი და უპირატესი არის მეექვსე რანგი - საუფლო დღესასწაულები, რომლებიც უშუალოდ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეძღვნება. მათ მომდევნო საფეხურებზე კი ის დღესასწაულები დგას, რომელთა დროსაც სრულდება ღამისთევის მსახურება და იკურთხება პური.

რადგან მსახურების წესები (ტიპიკონები) მონასტრებში იქმნებოდა, იქ მოღვაწე მამების ხსენებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ხშირად უფრო მაღალ რანგშია აყვანილი. მაგალითად, საბა განწმენდილისა და ექვთიმე ათონელის ხსენების დღეები ლიტურგიკულად ძალიან მაღალ საფეხურზე დგას. ასევე თავიდანვე გამორჩეული იყო სამი მღვდელმთავრის - ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის საერთო ხსენება, რაც წმინდანთა დღესასწაულებს შორის (თუ არ ჩავთვლით ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის დღეებს) საეკლესიო თვალსაზრისით ყველაზე დიდია. ამ წმინდანთა განსაკუთრებულ ავტორიტეტზე ქართულ ყოფაში ისიც მეტყველებს, რომ მათი სახელები - ბასილი, გრიგოლი და იოანე - საქართველოში ძალიან პოპულარული იყო.

ზოგჯერ კი წმინდანის თაყვანისცემის მასშტაბს ხალხის განსაკუთრებული სიყვარული განსაზღვრავს. მაგალითად, წმინდა ბარბარეს მსახურება საეკლესიო წესით მაღალი რანგის არ არის, თუმცა ხალხი მას საქართველოში გამორჩეული ზეიმით აღნიშნავს.

- საინტერესოა, რატომ ვდღესასწაულობთ ზოგიერთი წმინდანის, მაგალითად გიორგობას, ნიკოლოზობას, ნინოობას, ბარბარობას გამორჩეულად? ვიცით, რომ ეს წმინდანები ქართველები არ იყვნენ…

- ეს დამოკიდებულია იმ ისტორიულ მისიაზე, რაც მათ ერის წინაშე შეასრულეს, და იმაზე, თუ რამდენად დაუკავშირდა მათი პიროვნება ეროვნულ ხასიათს.

წმინდა ნინო არის ქართველთა განმანათლებელი. პირველმქადაგებლებმა - ანდრია პირველწოდებულმა და მატათა მოციქულმა - საქართველოში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იქადაგეს, თუმცა მაშინ ქრისტიანობამ მასობრივი გავრცელება ვერ პოვა და ხალხმა დროთა განმავლობაში ეს სწავლება ნაწილობრივ მიივიწყა. წმინდა ნინოს დროს კი ქრისტიანობა მასობრივად მიიღეს, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და სწორედ ამის გამო მისი ღვაწლის დავიწყება არ მოხდა.

რაც შეეხება წმინდა გიორგის, ის წმინდა ნინოს ნათესავი იყო - ერთ- ერთი წყაროს მიხედვით, ბიძაშვილიც კი. სავარაუდოა, რომ წმინდა გიორგის შესახებ ცოდნა და მისი ხსენება საქართველოში თავად წმინდა ნინომ შემოიტანა. მეორე მხრივ, წმინდა გიორგი თავისი ცხოვრების წესით იდეალურად „ჩაჯდა“ ქართულ ხასიათში: ის იყო თავგამოდებული ქრისტიანი და ამავდროულად, უშიშარი მეომარი. ქართველებისთვის ეს თვისებები ყველაზე მეტად იყო მოსაწონი, რის გამოც იგი განსაკუთრებით შეიყვარეს და საკუთარი ერის მფარველადაც გამოაცხადეს.

წმინდა ნიკოლოზი კი პირველ ცნობილ მღვდელმთავართა შორის ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ბევრი თეოლოგიური ნაშრომი არ არის ჩვენამდე მოღწეული (განსხვავებით ბასილი დიდისა თუ იოანე ოქროპირისგან), მისი პიროვნული მაგალითი, ქველმოქმედება და სასწაულები ყოველთვის იწვევდა განსაკუთრებულ პატივისცემას, რამაც იგი ქართველი მრევლისთვის ერთ- ერთ ყველაზე საყვარელ წმინდანად აქცია.

ამასვე ემატება გეოგრაფიული ფაქტორი, წმინდა ნაწილების არსებობა ან წმინდანის სახელობის ტაძრები და მონასტრები. მაგალითად, წმინდა მოწამეების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენება საეკლესიო რანგით მთელი საქართველოსთვის ერთია, მაგრამ რადგან ისინი წარმოშობით იმერეთიდან იყვნენ და იქ განისვენებს მათი წმინდა ნეშტი, იმერეთში ხალხი მათ დღესასწაულს განსაკუთრებით დიდი მასშტაბით აღნიშნავს.

- ზოგიერთ ქართულ დღესასწაულზე, განსაკუთრებით წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაულებზე დღემდეა შემორჩენილი შინაური ცხოველებისა თუ ფრინველების შეწირვისა და დაკვლის ტრადიცია. რამდენად თავსდება ეს ქრისტიანულ სწავლებასთან და საიდან მოდის ეს წესი?

- ეს ხალხური ტრადიცია, რომელსაც ქრისტიანულ სწავლებასთან საერთო არაფერი აქვს და თავისი არსით უფრო წარმართულ ელფერს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს დღესასწაულები ქრისტიანულია, მათ გარშემო დამკვიდრებული მსხვერპლშეწირვის რიტუალები რწმენის არასწორი გაგების შედეგია.

ამ ტრადიციების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა კომუნისტურმა პერიოდმა. საბჭოთა ეპოქაში, როდესაც ეკლესია იდევნებოდა და ხალხს მღვდელმსახურებთან წვდომა აღარ ჰქონდა, საეკლესიო სწავლება მიივიწყეს. ადამიანებმა თავად, როგორც ესმოდათ, ისე დაიწყეს დღესასწაულების აღნიშვნა.

ქრისტიანობა არის საკუთარი სულის, საკუთარი თავის მიძღვნა ღვთისადმი და არა საკლავების კვლა. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, როდესაც მოსეს სჯულით ცხოველური მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო, დავით წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ ღმერთს არ სჭირდება ზვარაკები: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცჰყოს“. მას შემდეგ კი, რაც ქრისტეს ჯვარცმით ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა სამუდამოდ გაუქმდა, რაც იყო წინასახე მაცხოვრის კაცობრიობისთვის ჯვარზე შეწირვისა, ქრისტიანობა ჩვენგან აღარანაირი პირუტყვის შეწირვას არ ითხოვს. ტაძრების მიდამოებში ცხოველების რიტუალური დაკვლა სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.

ღმერთს ჩვენგან მხოლოდ სინანული, სიყვარული და სულიერი სიწმინდე სჭირდება.

- როგორ აღვნიშნოთ წმინდანთა თუ საუფლო დღესასწაულები, რა არის ყველაზე მთავარი და უპირატესი?

- ნებისმიერი საეკლესიო დღესასწაულის დროს ყველაზე მთავარი და არსებითი ტაძარში, მსახურებაზე დასწრებაა. ადამიანი იმ დღეს იყოს წირვაზე და ეზიაროს ქრისტეს საიდუმლოს. დანარჩენი ყველაფერი - იქნება ეს სადღესასწაულო სუფრის გაშლა, სტუმრების მიღება, მეგობრებისთვის სიტყვიერად მილოცვა თუ სხვა ტრადიციები - მეორეხარისხოვანია, თუმცა არ გვეკრძალება. თუ მთავარი, წირვაზე დასწრება და ევქარისტიაში მონაწილეობა არ არის, ყველა სხვა ქმედება აზრს კარგავს და უბრალო ფორმალობად იქცევა.

სამწუხაროდ, დღეს ხშირად ვხედავთ სრულიად საპირისპირო სურათს, როდესაც ადამიანები გადართულნი არიან არა იმაზე, თუ როგორ შეხვდნენ დღესასწაულს ტაძარში, არამედ იმაზე, როგორ გამართონ მდიდრული სუფრა და როგორ უმასპინძლონ სტუმრებს.

ეს პრობლემა ახალი არ არის; მაგალითად, ნეტარმა ავგუსტინემ თავის დროზე საერთოდ აკრძალა ე.წ. „აღაპები“ - სიყვარულის სუფრები, რომლებსაც ქრისტიანები წმინდანთა ხსენების დღეებში აწყობდნენ. მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ეს შეკრებები ხშირად გადადიოდა ნაყროვანებაში, რაც დღესასწაულის მიმართ პატივისცემას აკნინებს.

ქრისტიანი საერათოდ უნდა ერიდებოდეს დათრობას, მაგრამ დღესასწაულის დღეს უზომო ჭამა- სმა და ღრეობა ამ წმინდა დღის შეურაცხყოფაა. ნამდვილი ქრისტიანული ქმედება არის დღესასწაულის სულიერი სიხარულის ტაძარში გაზიარება, ხოლო სუფრა მხოლოდ ამ სიხარულის მოკრძალებული გაგრძელება უნდა იყოს და არა მისი ჩამნაცვლებელი კულტი.

- ბოლო პერიოდში დღესასწაულების მილოცვის ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ფორმა ე.წ. „გიფებით“ მილოცვა გახდა. როგორ უნდა შევხედოთ ამ ტენდენციას. არის თუ არა სულიერი სხვაობაა ამგვარი ფორმით მილოცვასა და სიტყვიერ მილოცვას შორის?

- დღესასწაულის მილოცვა ადამიანს ნებისმიერი ფორმით შეუძლია და თავისთავად ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, როდესაც საქმე ტექნოლოგიურ ფუნქციებს ეხება - როგორიც არის, მაგალითად, ერთი ხელის დაჭერით „გიფის“ ყველა მეგობართან ერთდროულად გაგზავნა - მილოცვის არსი მთლიანად იცვლება.

როდესაც ადამიანს საერთო გრაფიკულ გამოსახულებას უგზავნი, ეს უფრო მოვალეობის მოხდას ჰგავს. ასეთ დროს იკარგება პიროვნული დამოკიდებულება. ფაქტობრივად, გამგზავნმა შეიძლება ზუსტად არც კი იცოდეს, კონკრეტულად ვის გაუგზავნა ეს შეტყობინება, რადგან ფუნქციამ ყველა მონიშნულ მეგობარს ერთდრულად გაუგზავნა.

გაცილებით უმჯობესია, თუ ადამიანს დღესასწაულს სიტყვიერად, თუნდაც მოკლე ტექსტით მივულოცავთ. ქრისტიანული სიყვარული და პატივისცემა ცოცხალია და იგი ყოველთვის სჯობს სიტყვებით გამოვხატოთ, რადგან ნამდვილი კავშირი ადამიანებს შორის მექანიკური ღილაკებით კი არ მყარდება, არამედ გულწრფელი, პიროვნული ყურადღებით.

- ბოლო დროს ასევე დამკვიდრდა ტრადიცია, როდესაც ადამიანები სოციალურ ქსელში საჯარო პოსტით ულოცავენ დღესასწაულს…

- საჯარო პოსტით დღესასწაულის მილოცვა ძალიან კარგი, თბილი და ლამაზი ტრადიციაა. სიყვარული ამ ფორმით ყოველთვის შეგვიძლია გამოვხატოთ.

- არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული, საეკლესიო ფორმა, რომლითაც ადამიანმა სხვას დღესასწაული ან წმინდანის ხსენების დღე უნდა მიულოცოს, და რაზე უნდა გაკეთდეს ამ დროს მთავარი აქცენტი?

- რაიმე განსაკუთრებული, მილოცვის ფორმა ეკლესიის მიერ დადგენილი არ არის. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

დღესასწაულის მილოცვა შეგვიძლია ზუსტად ისეთი სიტყვებით, როგორითაც თავად გვსურს - მთავარია, ეს სიტყვები გამოხატავდეს ჩვენს გულწრფელ, კეთილ სურვილებს.

ცხადია, როდესაც საქმე წმინდანის ხსენების დღეს ეხება, პირველ რიგში, აქცენტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს იმ წმინდანის მფარველობაზე, რომლის დღესასწაულიც არის. მილოცვისას სასურველია ადამიანს ვუსურვოთ სწორედ ამ კონკრეტული წმინდანის შეწევნა, მისი ლოცვითი მფარველობა და მის მიერ დატოვებული სულიერი მაგალითის მიბაძვა.

- როგორ უნდა მიულოცოს ნათლიამ ნათლულს დღესასწაულები, რა სულიერი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აკისრია მას ნათლულის წინაშე და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ერთად ყოფნა ტაძარში დღესასწაულების დროს?

- ნათლიისა და ნათლულის ურთიერთობა არ არის უბრალო ფორმალობა; ეს არის უდიდესი სულიერი პასუხისმგებლობა. ნათლია პირდაპირ ვალდებულია, განუწყვეტლივ იზრუნოს ნათლულის სულიერ განვითარებასა და მის ქრისტიანულ აღზრდაზე. ეს წინამძღვრობა, ცხადია, მთელი ცხოვრება გრძელდება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვობაში - მანამ, სანამ ნათლული სრულწლოვანი გახდება.

ზრუნვა, რა თქმა უნდა სადღესასწაულო დღეებშიც უნდა გამოვლინდეს. შეეხმიანოს ნათლულს და მიულოცოს. კარგია თუ მხოლოდ დისტანციური მილოცით და საჩუქრის გაგზავნით არ შემოიფარგლება. სასურველია, ერთად მიაშურონ ტაძარს, ერთად დაესწრონ წირვა- ლოცვას და ერთად ეზიარონ.

როდესაც პატარა ასაკიდანვე ხედავს ნათლული, რომ ნათლია მის გვერდითაა ეკლესიაში, მას სწორი ქრისტიანული მაგალითი ეძლევა. სწორედ ტაძარში ერთად ყოფნით, ერთობლივი ლოცვითა და ცოცხალი ურთიერთობით ასრულებს ნათლია თავის უმთავრეს მოვალეობას.

- თუკი საეკლესიო დღესასწაული ან რომელიმე წმინდანის ხსენების დღე მარხვის პერიოდს ემთხვევა, როგორ უნდა დააბალანსოს ადამიანმა სადღესასწაულო განწყობა და მარხვის წესები?

- მარხვა ხელს არ უშლის სადღესასწაულო განწყობას.დღესასწაულის აღნიშვნა მარხვის პერიოდშიც სრულიად შესაძლებელია, რადგან ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა ჭამა- სმაზე კი არა, სულიერ სიხარულზეა დაფუძნებული.

რაც შეეხება სუფრას, მარხვა იქნება თუ ხსნილი, ქრისტიანის ცხოვრებაში ჭამა- სმა ყოველთვის ზომიერი უნდა იყოს. მარხვის პერიოდში სადღესასწაულო სუფრა, უბრალოდ, სამარხვო კერძებით მზადდება, თუმცა აქაც უმთავრესია ზომიერების დაცვა, რათა სამარხვო ტრაპეზიც კი არ გადაიქცეს ნაყროვანებაში. შესაბამისად, როდესაც ადამიანი პირველ ადგილზე ტაძარს, ლოცვასა და ზიარებას აყენებს, ხოლო მიწიერ ტრაპეზში ზომიერებას ინარჩუნებს, მარხვა და დღესასწაული ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

შორენა მერკვილაძე

რომელი წმინდანების ხსენების დღეებია მაისში
რომელი წმინდანების ხსენების დღეებია ივნისში
რომელი წმინდანების ხსენების დღეებია ივლისში

როგორ უნდა აღნიშნონ დავითობა დავითების მშობლებმა და რა საჩუქარი გავუკეთოთ მათ - პასუხობს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე