გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:
- ამ კვირასაც სინოპტიკური სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება, რამდენიმე გრადუსით დაკლება, წვიმა, ელჭექია მოსალოდნელი და სეტყვაც შესაძლებელია, ხოლო ელჭექის დროს - ქარის გაძლიერებაც.
დღეს დედაქალაქში დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა +21-დან +23 გრადუსამდე მოიმატებს. ხვალ, 19 მაისს, შესაძლებელია დღის განმავლობაში ღრუბლიანობამ მოიმატოს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტემპერატურის 1-2 გრადუსით დაკლებაზე იმოქმედებს, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება და დასავლეთის მიმართულების ქარი, განსაკუთრებით ქალაქის გარეუბნებში, ცოტა გაძლიერდება. რაც შეეხება 20 მაისს, დედაქალაქში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და შესაძლებელია +24-დან +26 გრადუსამდე გათბეს. უკვე 21 მაისს, აქ მთელი დღის განმავლობაში, დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ამ წვიმას შესაძლებელია ელჭექიც დაერთოს და ეს უკვე ტემპერატურის კვლავ რამდენიმე გრადუსით დაკლებაზე იმოქმედებს.
რაც შეეხება უკვე კვირის მეორე ნახევარს, ეს არის 22, 23, 24 მაისი, აქ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დედაქალაქში ხანმოკლე ხასიათის წვიმა-ელჭექებითაა ნავარაუდევი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21-დან +23 გრადუსამდე დარჩება.
დღეს, 18 მაისს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, სეტყვის შესაძლებლობის ალბათობა დაბალია. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18-დან +23 გრადუსამდე მოიმატებს და ზოგან დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. ქარი, როგორც დედაქალაქში, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც ნარჩუნდება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია გაძლიერდეს, ცოტათი მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ და ჩრდილო რაიონებში ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ელჭექი იყოს. სეტყვის შესაძლებლობაცაა. უკვე 20 მაისს გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ქარი ჩადგება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +24-დან +26 გრადუსამდე მოიმატებს. 21 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი. სეტყვის ალბათობაც მაღალია. რაც შეეხება უკვე კვირის ბოლოს, ვერ ვიტყვით, რომ მდგრადი ამინდი იქნება, 22, 23, 24 მაისს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევრებში, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექია მოსალოდნელი, სეტყვაც შესაძლებელია და ელჭექის დროსაც აგრეთვე ქარის გაძლიერებაა ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა დაახლოებით +18, +20 გრადუსია, რაც აღმოსავლეთთან შედარებით ნაკლებია და 19-ში შესაძლებელია, რომ უმეტეს რაიონში გაწვიმდეს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ეს ჰაერის ტემპერატურაზე იმოქმედებს, მაქსიმალური ტემპერატურა +17, +19 იქნება. 20 მაისს დასავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, +24, +27 გრადუსიც შესაძლებელია. რაც შეეხება 21 მაისს, დღის პირველ ნახევარში შეიძლება დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით იყოს, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +24, +26 გრადუსი შენარჩუნდება. უკვე 22 მაისსაც, დიდი ალბათობით, ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, ამიტომ ტემპერატურა მოასწრებს ან იგივე +24, +26 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო 23 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, იქ ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება +25-დან +30 გრადუსამდეც კი მოიმატოს. 24 მაისს, კვირის ბოლოს, დღის მეორე ნახევარში, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექითაა მოსალოდნელი.