დანაშაული სასჯელის გარეშე - მას საუკეთესო მეგობრის ქმართან ფარული რომანი ჰქონდა, რამაც საბოლოოდ მკვლელობამდე მიიყვანა - მშობლები

დანაშაული სასჯელის გარეშე - მას საუკეთესო მეგობრის ქმართან ფარული რომანი ჰქონდა, რამაც საბოლოოდ მკვლელობამდე მიიყვანა

2026-05-18 12:50:18+04:00

1980 წლის 13 ივნისს, პარასკევს მომხდარმა ამბავმა ტეხასის მშვიდი ქალაქის, უაილის მოსახლეობაში ნამდვილი რეზონანსი გამოიწვია. აკრძალული სიყვარულისა და ყალბი მეგობრობის ისტორია კი არაერთი კინოსცენარის საფუძვლად იქცა.

1970-იან წლებში პატარა უაილი ნამდვილ "სიმშვიდის ოაზისად" ითვლებოდა. ხმაურიანი მეგაპოლისებიდან ტეხასის ველებზე გაშენებულ თვალწარმტაც, სოფლის ტიპის დასახლებაში გადასახლებას ხალხი მთელი ქვეყნიდან ცდილობდა. ბევრი ამბობდა, რომ თავს სახლში - სიმშვიდესა და სიმარტოვეში სწორედ იქ გრძნობდა. ყველაფერი შესანიშნავად იყო, სანამ 1980 წლის 13 ივნისის ღამეს ამ მშვენიერი ქალაქის მცხოვრებლებმა არ შეიტყვეს, რომ მათ გვერდით მკვლელი ცხოვრობდა, რომელმაც ორი შვილის დედა სიცოცხლეს გამოასალმა.

1978 წლის ზაფხულში კენდი მონტგომერის ცხოვრება "წარსულად" და "მომავლად" გაიყო. ადგილობრივ ეკლესიასთან ქალი ფრენბურთს თამაშობდა, რა დროსაც თავისი მეგობრის, ბეტის მეუღლეს - ალანს შემთხვევით შეეჯახა. რთული სათქმელია, თუ რამ მიიზიდა იგი ამ მამაკაცში. გამელოტებული თავი, უფერული ჯემპრი და ტომრისებური შარვალი ალან გორს "სექს-სიმბოლოს" იარლიყს ნამდვილად ვერ მიაკერებდა. კენდისს, სავარაუდოდ, მისი ბუნებრივი ქარიზმა, გონება, საერთო შეხედულებები, იუმორის გრძნობა, ბავშვებისადმი სიყვარული და ეკლესიის კეთილდღეობისთვის ერთობლივი შრომა ხიბლავდა.

მოედანზე მომხდარი იმ შეხვედრის შემდეგ მონტგომერი მიხვდა, რომ მამაკაცზე ფიქრს თავს ვერ ანებებდა. მან მათი შემთხვევითი შეხვედრების გახსენება დაიწყო და შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ ალანიც, შესაძლოა, მასთან დაახლოების წინააღმდეგი არ ყოფილიყო. მამაკაცი მას სხვა მრევლზე მეტად ეკონტაქტებოდა, მის ფრენბურთის უნარებზე ხუმრობდა და დროდადრო ეშმაკურად თვალსაც უკრავდა, თითქოს მათ საერთო საიდუმლო აკავშირებდათ. ზოგჯერ, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ისინი საუბარში ისე ერთობოდნენ, რომ ვერც კი ამჩნევდნენ, როგორ რჩებოდნენ ავტოსადგომზე საკუთარ მანქანებთან მარტონი.

მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავება კენდიმ ვეღარ შეძლო, ოცნების მამაკაცთან დალაპარაკება გადაწყვიტა და საკუთარ გრძნობებში გულწრფელად გამოუტყდა. ერთ დღესაც, როდესაც მას მანქანაში ჩაუჯდა, ქალმა საყვარელ მამაკაცს უთხრა:

"გესმის? შენზე ბევრს ვფიქრობ და ეს მოსვენებას მიკარგავს. არ ვიცი, ამას რა ვუყო. ამაზე ფიქრით კი უკვე დავიღალე, ამიტომაც გადავწყვიტე, გამოგიტყდე".

სათქმელი დაასრულა თუ არა, მანქანიდან ელვის სისწრაფით გადმოხტა, კარი გაიჯახუნა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა.

kendi-montgomeri-1-1779095222.jpeg
კენდი მონტგომერი

აღსარებამ ალანში არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია. ერთი მხრივ, კენდის პირდაპირობამ იგი შეაშინა, მეორეს მხრივ კი - მსგავსი რამ ხიბლავდა. ხვდებოდა, რომ მასთან ერთად თავს ყოველთვის კარგად და მხიარულად გრძნობდა, თუმცა იმის გაფიქრება, თუ სადამდე შეიძლებოდა ამ ურთიერთობას მიეყვანა, შიშს ჰგვრიდა. სახლში ხომ ცოლი ელოდებოდა...

მეუღლე, ბეტი პომროი, გორმა უნივერსიტეტში გაიცნო. იმ დროს, როდესაც მას ბევრი კურსელი ეარშიყებოდა, ქალი მხოლოდ ერთი ადამიანის - თავისი მათემატიკის მასწავლებლის ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ეს ადამიანი სწორედ ალანი იყო, რომელმაც გოგონას ხელი გამოსაშვები საღამოს დასრულებისთანავე სთხოვა.

1970-იან წლებში მეუღლეები უაილიში გადასახლდნენ. სწორედ მაშინ შეეძინათ პირველი შვილიც. მამაკაცმა მუშაობა თავდაცვის კონგლომერატ Rockwell International-ში დაიწყო, მისი მეუღლე კი ადგილობრივ სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სამსახურში ძალიან იტვირთებოდა, ბეტის მეორე შვილის გაჩენის უდიდესი სურვილი ჰქონდა - მის ქმარი კი ამ იდეით აღფრთოვანებული არ ყოფილა.

ოჯახის დაგეგმვაზე ფოკუსირებული, მუდამ დაღლილი და განაწყენებული ბეტის ფონზე, სიცოცხლით სავსე, მხიარული და აქტიური კენდი სიმსუბუქისა და გაგების ნამდვილ სხივად მოსჩანდა. რაც უფრო უსიხარულოდ ესახებოდა ალანს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მომავალი, მით უფრო ძლიერად იზიდავდა ის ქალი, რომელთანაც ოჯახის არსებობა საერთოდ ავიწყდებოდა.

406x600-1-adc739dc9260283c9f92ea5c259388e4485x717-0xkxfymq5y-5449285215215645887-1757745094-1779134898.jpg
ბეტი და ალანი შვილებით

ქალის აღსარებაზე მამაკაცმა მთელი კვირა იფიქრა და მიხვდა, რომ გრძნობისთვის იმავეთი პასუხის გასაცემად მზად იყო. მან კენდის დაურეკა.

შეხვედრისას მონტგომერიმ ალანს პირდაპირ ჰკითხა: "რას იტყოდი, ფარული რომანი რომ შემოგთავაზო?" მამაკაცი დაიბნა და რაღაც გაურკვეველი ჩაიბუტბუტა - ბეტის ორსულობაზე, შექმნილი გარემოებების უმართებულობასა და იმ ფიცზე, რომელიც მათ ერთხელ ერთმანეთს მისცეს. როდესაც, თითქოს, ყველაფერი გადაწყდა და კენდიმ გორთან დამშვიდობება იჩქარა - განაცხადა, რომ მისი ოჯახის დანგრევა არ სურდა, თუმცა არც საკუთარი გრძნობების რცხვენოდა. ალანმა მას მოულოდნელად ხელი სტაცა, თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად აკოცა.

  • პეტ მონტგომერიმ, რომელიც Texas Instruments-ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ინჟინერ-ელექტრიკოსი იყო, კენდი უილერი ცოლად 1970-იანი წლების დასაწყისში შეირთო. ქალი იმ რადიოლოკაციური ტექნიკოსის შვილი გახლდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში, ოჯახთან ერთად ბაზიდან ბაზაზე გადადიოდა. კენდი ასეთ მომთაბარე ცხოვრებას მიჩვეული იყო. მის თვალწინ პეიზაჟები და სახეები მუდმივად იცვლებოდა, რის გამოც ნებისმიერ პირობებთან ადაპტაცია ისწავლა. ქერათმიან გოგონას, რომელსაც გადამდები სიცილი ჰქონდა, მამაკაცების ყურადღება არასდროს აკლდა.
kendi-montgomeri-8-1779095273.jpg
კენდი მონტგომერი

1977 წელს უაილიში გადასახლების შემდეგ, კენდი და პეტი ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ოჯახს ყველაფერი ჰქონდა, თუმცა მეუღლეებს შორის ურთიერთობა სწრაფი ტემპით უფსკრულისკენ მიექანებოდა. კენდი ქმარს მუდმივად უჩიოდა, რომ მისგან სიყვარულსა და მხარდაჭერას ვერ იღებდა, ვნება კი მათ კავშირში საერთოდ უცხო ხილად ქცეულიყო. პეტს ეს არ ესმოდა... სწორედ ამიტომ, მისი 29 წლის იუბილეზე ალანის ზარი ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა. მამაკაცმა მას შეხვედრა და იმ თემაზე დალაპარაკება შესთავაზა, რომელიც მრავალწერტილით დასრულდა...

რესტორანში მსხდომი კენდი და ალანი კვლავ ძველი, კეთილი მეგობრებივით საუბრობდნენ. ერთი საათის განმავლობაში ისინი ბეტისა და პეტზე - თავიანთ მეორე ნახევრებზე - ლაპარაკობდნენ, შვილების სასკოლო წარმატებებს აზიარებდნენ, საეკლესიო საქმეებზე ჭორაობდნენ - ერთი სიტყვით, იმ მომენტის გადადებას წარმატებით ახერხებდნენ, როდესაც მათი შეხვედრის მთავარ თემას უნდა შეხებოდნენ. მხოლოდ მაშინ, როდესაც დესერტი მიართვეს, ალანი გამოტყდა: "მსგავსი რომანი ადრე არასდროს მქონია".

"არც მე", - უპასუხა კენდიმ.

ისინი ერთმანეთს გამოუტყდნენ, რომ მხილების პერსპექტივა აშინებდათ, ძლიერი გრძნობების მიუხედავად კი, საკუთარი ოჯახების დასანგრევად მზად არ იყვნენ.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საყვარლები ერთმანეთს ხშირად ურეკავდნენ, რათა არა მხოლოდ ურთიერთობით დამტკბარიყვნენ, არამედ მომავალი რომანის ყველა რისკიც გაეთვალათ. სასიყვარულო კავშირი საგულდაგულოდ დაიგეგმა და მკაცრი წესების სიაც კი შეიქმნა:

  • თუ რომელიმე ჩვენგანს რომანის დასრულება მოუნდება - მიზეზის მიუხედავად, წერტილს ვსვამთ და ერთმანეთს კითხვებს არ ვუსვამთ;
  • თუ რომელიმე ჩვენგანი ემოციურად ზედმეტად ჩაებმება, რომანი დასრულდება;
  • თუ რომანი ჩვენგან ისეთ რისკებზე წასვლას მოითხოვს, რაც ვინმეს ზიანს მიაყენებს, ურთიერთობას წერტილს დავუსვამთ;
  • ყველა ხარჯი - საკვები, სასტუმროს ნომერი და საწვავი შუაზე გაიყოფა.

კენდისა და ალანს შეხვედრების განრიგის შედგენაც არ დავიწყებიათ. ისინი შეთანხმდნენ, რომ მამაკაცის ორსაათიანი შესვენების დროს, სამშაბათობით ან ხუთშაბათობით, ორ კვირაში ერთხელ შეხვედროდნენ, როდესაც მათი კანონიერი მეუღლეები სამსახურში, შვილები კი სასწავლებელში იქნებოდნენ.

პირველი აკრძალული პაემნის დღეს კენდიმ მზადება დილიდანვე დაიწყო. მან რომანტიკული სადილი მოამზადა და საჭირო ნივთები ცალკე ჩანთაში აკურატულად ჩააწყო. სასტუმროს ნომერი დაჯავშნა და სტუმარს მოუთმენლად ელოდა. შეხვედრა ზუსტად ისე დასრულდა, როგორც წინასწარ დაგეგმეს.

ალანი და კენდი ყოველკვირეულად ხვდებოდნენ. ზაფხული და ბეტის მშობიარობის თარიღი ახლოვდებოდა. ალანი ძალიან ნერვიულობდა, უმართებულოდ ეჩვენებოდა, თუკი მის ცოლს მშობიარობა დაეწყებოდა, თავად კი ამ დროს საყვარელთან იქნებოდა. ამიტომ, 1979 წლის ივნისის დასაწყისში, ალანმა ქალს რომანის "დაპაუზება" შესთავაზა, რაზეც კენდი დათანხმდა. როგორც კი მეორე პატარა მოევლინა ქვეყნიერებას, მეუღლეები, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, დაახლოვდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლედ.

beti-gori-1779095304.jpg
ბეტი გორი

მალევე კაცმა კენდის ახალი შეხვედრა დაუნიშნა, თუმცა ყველაფერი უკვე სხვანაირად იყო... ალანი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რადგან ცოლს მის საუკეთესო მეგობართან ღალატობდა. ამის შესახებ კენდისსაც უთხრა. კენდიმ ბევრი იტირა, თუმცა საყვარელს უთხრა, რომ ათავისუფლებდა და შეეძლო, საკუთარ ოჯახს დაბრუნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, მას სულ სხვა გეგმა ჰქონდა.

13 ივნისს, დაახლოებით შუადღისას, კენდი ბეტისთან ბავშვების საქმეების განსახილველად მივიდა. ალანის მეუღლემ სტუმარს მისაღებ ოთახში, ერთ ფინჯან ჩაიზე გასვლა შესთავაზა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი საოჯახო საქმეებზე საუბრობდნენ, თუმცა ჰაერში რაღაც დაძაბულობა ტრიალებდა. ბეტი ოდნავ დისტანცირებული და არამეგობრული ჩანდა, თუმცა კენდიმ ყველაფერი მეგობრის დაღლილობას მიაწერა. როდესაც იგი წასვლას აპირებდა, ბეტიმ მოულოდნელად ჰკითხა: "კენდი, ალანთან რომანი გაქვს?"

ამ კითხვის გაგონებას მონტგომერი ნამდვილად არ ელოდა. მკვეთრ პასუხს - "არა, რა თქმა უნდა", მომდევნო რეპლიკა მოჰყვა: "მაგრამ გქონდა, ასე არ არის?" კენდიმ ეშმაკობა აღარ დაიწყო და გულწრფელად აღიარა: "დიახ, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო..."

პასუხის გაგონებაზე ბეტი სკამიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა. როდესაც კარში კვლავ გამოჩნდა, ხელში ცული ეჭირა. მან გაუბედავად წარმოთქვა: "მისი ნახვა აღარ შეგეფერება". კენდი საკუჭნაოს კართან მდგარ ბეტისთან მივიდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა, რომ ძალიან წუხდა.

უეცრად ბეტი გაბრაზდა, კენდის ხელი ჰკრა და თავს დაესხა. ქალებმა სასტიკი ბრძოლა მოაწყვეს, თუმცა ამ ბრძოლაში კენდიმ "გაიმარჯვა". მან მეგობარს ცივი იარაღი გამოსტაცა და არაერთი ჭრილობა მიაყენა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა სხეულზე 41 ღრმა ჭრილობა დაითვალეს...

kendis-1779095529.jpg

დანაშაულის ადგილზე პირველი ალანის კოლეგა მივიდა, რომელსაც მივლინებაში მყოფმა, შეშფოთებულმა ქმარმა ცოლის მონახულება სთხოვა, რადგან იგი ტელეფონს მთელი დღე არ პასუხობდა. სახლში შესულმა მამაკაცმა ქალის ცხედარი აღმოაჩინა, მეორე ოთახში კი ბავშვი ტიროდა. მან პირველ რიგში იფიქრა, რომ ოჯახში სასტიკი მანიაკი შეიჭრა.

თუმცა მალე პოლიციამ განცხადება გაავრცელა: ეს საქმე კენდი მონტგომერის - მიმზიდველი და პატიოსანი ქალის, მოსიყვარულე დედისა და ეკლესიის მრევლის წევრის ჩადენილი იყო. საკუთარ ყურებს არავინ უჯერებდა. სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა კენდის ჰკითხა: "ამ სახლში რომ მიხვედით, ბეტის მოკვლის განზრახვა გქონდათ?"

kendi-montgomeri-10-1779095709.jpg
კენდი მონტგომერი ქმართან ერთად

"არა", - გულწრფელად აღიარა მან. აღნიშნა, რომ საერთოდ არაფერი ახსოვდა. მისმა გულსაკლავმა ჩვენებამ თანაგრძნობა გამოიწვია. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც ქალი თავს იცავდა და მონტგომერი უდანაშაულოდ ცნეს...

პროცესის დასრულების შემდეგ ქალი ჯორჯიაში გადასახლდა, მეუღლემ კი, რომელიც მას სასამართლოში თავგანწირვით იცავდა, მალე განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი. კენდიმ მეუღლის გვარზე უარი თქვა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მუშაობა ფსიქოთერაპევტად დაიწყო...