ბავშვი დახურულ მანქანაში სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეა: "ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ძლიერი სიცხის ან ამოწეული შუშების შემთხვევაში ხდება" - მშობლები

ბავშვი დახურულ მანქანაში სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეა: "ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ძლიერი სიცხის ან ამოწეული შუშების შემთხვევაში ხდება"

2026-05-19 09:30:32+04:00

ზაფხული გვიახლოვდება და უკვე ტემპერატურამაც საგრძნობლად მოიმატა. ამ სეზონზე აქტუალური რჩება საფრთხე - ბავშვი გახურებულ მანქანაში. ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ანიმალიური სიცხეების დროს ხდება. სულაც არა, საკმაოდ დაბალი გრადუსიც კი დახურულ მანქანაში ბავშვს სასიცოცხლო რისკებს უქმნის.

სიცხეში ავტომობილი ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად შეიძლება გადაიქცეს. ექიმები და უსაფრთხოების სპეციალისტები გაფრთხილებენ, რომ თბილ ამინდშიც კი, დახურული მანქანის სალონში ტემპერატურა ძალიან სწრაფად იზრდება და სიცოცხლისთვის საშიშ ნიშნულს აღწევს.

ფანჯრის ოდნავ ან ნახევრამდე ჩამოწევაც მანქანას უსაფრთხოს არ ხდის. ნაწილობრივ ღია ფანჯრიან მანქანაში ჰაერი მაინც ძალიან სწრაფად ცხელდება, განსაკუთრებით მზეზე გაჩერებისას. კვლევები აჩვენებს, რომ ფანჯრების ჩამოწევა ტემპერატურას მხოლოდ მცირედით ამცირებს, მაგრამ სალონი მაინც შეიძლება რამდენიმე წუთში სიცოცხლისთვის საშიშად გახურდეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ შედარებით გრილ ზაფხულის დღეშიც კი, როცა გარეთ დაახლოებით 19-24°C ტემპერატურაა და ამინდი ნაწილობრივ მოღრუბლულია, დახურულ მანქანაში ტემპერატურა 40-52°C-მდე შეიძლება ავიდეს.

ბავშვები სიცხის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან, რადგან მათი ორგანიზმი სხეულის ტემპერატურას ზრდასრულებთან შედარებით უფრო ცუდად არეგულირებს. ამიტომ, ისეთი ზომებიც კი, როგორიცაა ჩრდილში გაჩერება, ფანჯრის ოდნავ ჩამოწევა, ფარდები ან დაბურული მინები, ბავშვს რეალურად ვერ იცავს.

სპეციალისტების თქმით, დაახლოებით 19°C ტემპერატურის პირობებში, მანქანაში დარჩენილი ბავშვი უკვე ერთ საათში იწყებს ძლიერ ოფლიანობას, წყურვილსა და დისკომფორტს. დაახლოებით საათნახევარში სხეულის ტემპერატურა შეიძლება 38-39°C-მდე გაიზარდოს, გახშირდეს პულსი, გაწითლდეს კანი, ხოლო ეპილეფსიის მქონე ბავშვებში კრუნჩხვებიც განვითარდეს.

თუ ბავშვი ასეთ გარემოში უფრო დიდხანს დარჩება, მდგომარეობა კრიტიკული ხდება. დაახლოებით ორსაათნახევარში სხეულის ტემპერატურა 40°C-მდე ადის, იწყება გაუწყლოება, სისუსტე, ღებინება, ქოშინი, გონების დაკარგვა და სხვა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

მუქი ფერის ავტომობილში პროცესი კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება, რადგან ასეთი მანქანა მზეზე მეტად ცხელდება. ექიმები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე სიმპტომები ერთ საათზე ნაკლებ დროშიც შეიძლება განვითარდეს.

როდესაც გარეთ დაახლოებით 24°C ტემპერატურაა, რისკი კიდევ უფრო იზრდება. ასეთ პირობებში ბავშვი უკვე 35-40 წუთში იწყებს ძლიერ ოფლიანობას და წყურვილის შეგრძნებას. დაახლოებით ერთ საათში ჩნდება გადახურების აშკარა ნიშნები — კანის გაწითლება, გულისცემის აჩქარება, სისუსტე. მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების არევა, ჰალუცინაციები და ბოდვა, რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფანჯრების დაბურვა, მზისგან დამცავი ფარდები ან ფანჯრის მცირედით ჩამოწევა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. შესაძლოა ეს ტემპერატურის მატებას ოდნავ ანელებდეს, მაგრამ მანქანის სალონი მაინც ძალიან სწრაფად ცხელდება.

საერთაშორისო სამედიცინო რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვის მანქანაში მარტო დატოვება უსაფრთხო არასოდეს არის — არც რამდენიმე წუთით. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ჩვილებს, მცირეწლოვან ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და შინაურ ცხოველებსაც.

გადახურების მთავარი ნიშნებია ძლიერი ოფლიანობა, კანის გაწითლება, წყურვილი, სისუსტე, აჩქარებული გულისცემა, ძილიანობა, დაბნეულობა, ღებინება და გონების დაკარგვა. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სითბური დარტყმა — მდგომარეობა, რომელიც სიცოცხლისთვის პირდაპირ საშიშია.

თუ შეამჩნევთ ბავშვს ან ცხოველს გახურებულ მანქანაში, სპეციალისტები ურჩევენ, დაუყოვნებლივ გამოიძახოთ გადაუდებელი დახმარება. სანამ დახმარება მოვა, მნიშვნელოვანია ბავშვის გრილ გარემოში გადაყვანა, ზედმეტი ტანსაცმლის მოხსნა და სხეულის გაგრილების მცდელობა, თუმცა ძალიან ცივი წყლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ექიმები მშობლებს კიდევ ერთხელ ახსენებენ: მანქანა ზაფხულში ძალიან სწრაფად იქცევა დახურულ „ღუმელად“, ამიტომ ბავშვი ავტომობილში მარტო არასოდეს უნდა დარჩეს — არც ჩრდილში, არც ღია ფანჯრებით და არც მცირე დროით.

2 წლის ბავშვი სიცხეში მანქანაში დატოვა ჩაკეტილი, თავად კი ლუდს სვამდა და თამაშობდა - გოგონა დაიღუპა. მამისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, მაგრამ...
მამამ ბავშვი ჩაკეტილ მანქანაში დატოვა და თავად გასართობად წავიდა... პატარა გამვლელმა გადაარჩინა სიკვდილს... - ნუ დატოვებთ ბავშვს ჩაკეტილ მანქანაში!