იაკობ საფარაშვილი პირველი და ერთადერთი მოსწავლეა საქართველოდან, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უმაღლესი აკადემიური მიღწევის ოქროს ჯილდო და განათლების მინისტრის პერსონალური წერილი მიიღო. პრეზიდენტის ოქროს ჯილდოზე ნომინირება სკოლის დირექციის წარდგინებით ხდება. კრიტერიუმები კი საკმაოდ მკაცრია. მოსწავლეს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა ჰქონდეს. იაკობს კი სკოლის ნიშნებთან ერთად უმაღლესი ქულები აქვს საერთაშორისო გამოცდებშიც, მათ შორის კალკულუსში, ფიზიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში. სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ჯილდო ამერიკული პროგრამების ხელმძღვანელმა გადასცა.
"მე ვარ იაკობ საფარაშვილი, ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, მეთორმეტე კლასში. ეს ჯილდო გადაეცემათ მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ გამორჩეული აკადემიური მოსწრება, მაღალი შეფასებები საერთაშორისო გამოცდებზე, როგორიც არის მაგალითად AP გამოცდები (Advanced Placement) და ასევე აქტიურად არიან ჩართულები სკოლის ცხოვრებაში. როდესაც გავიგე, რომ ეს ჯილდო ავიღე, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და უდიდესი სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგან ეს არის ჩემი მრავალწლიანი შრომის დაფასება და ამავდროულად, ძალიან დიდი მოტივაცია მომავლისთვის.“ - ამბობს იაკობი.
აკადემიური მიღწევების გარდა, იაკობი გამომგონებელიცაა. მან შექმნა მიწისძვრის იმიტატორი და სპეციალური სენსორული სისტემა, რომელიც შენობების მდგრადობას საზღვრავს. მისი ეს ნამუშევარი ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მეთორმეტეკლასელი სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გეგმავს, სადაც საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებებს სიღრმისეულად შეისწავლის
ირმა კვაჭაძე (ამერიკული პროგრამების ხელმძღვანელობის წარმომადგენელი): „ეს ჯილდო არის უდიდესი პატივი ჩვენი სკოლისთვის, რადგან იაკობმა დაამტკიცა, რომ ქართველ მოსწავლეებს შეუძლიათ მიაღწიონ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ის ნამდვილად სამაგალითოა.“
„ეს მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს რეალურ დროში დავაკვირდეთ, თუ როგორ რეაგირებს სხვადასხვა კონსტრუქციის შენობა სეისმურ აქტივობაზე. სენსორები ზომავენ გადახრის კუთხეს და გვაძლევენ ზუსტ მონაცემებს, რაც დაგვეხმარება უფრო უსაფრთხო შენობების პროექტირებაში. ჩემი მიზანია მიღებული ცოდნა შემდგომში გამოვიყენო იმისთვის, რომ შევქმნა ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს და მარტივს გახდის. მინდა, რომ ჩემი ქვეყნის სახელი მსოფლიო მეცნიერებაში კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს.“ - ამბობს იაკობი.