მსახიობი, ტელეწამყვანი ლევან ხურცია და იურისტი მარიამ კუბლაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საკუთარი ოჯახის, ურთიერთობებისა და "ვეფხისტყაოსნის" დადგმასთან დაკავშირებულ გამოხმაურებაზე საუბრობენ:
ლევან ხურცია: - სიყვარული, რომელიც ურთიერთობაში შენთვის ახსნადი გახდება, იქ უკვე გახუნება იწყება. როდესაც ეს ურთიერთობა ახსნადი არ არის - ხალხსაც უკვირს ხანდახან, ჩვენ ერთად არასოდეს არ ვჩნდებით, ფიზიკურად ვერ დავდივართ და კაფე-რესტორანში ერთად, რამდენი ხანია, არ ვყოფილვართ, ჩემთვის სწორედ ეს არის - ურთიერთობა ახსნადი არ უნდა გახდეს, მაგრამ რაღაც ისეთი უნდა ხდებოდეს, რაც გიზიდავს.
მარიამ კუბლაშვილი: - ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გარემოება უნდა დაითმინო, ბევრი რამ უნდა ისწავლო და ადამიანს უნდა იცნობდე. ანუ, სიყვარულს წყლის დასხმა და სხვადასხვა ასპექტში მოვლა სჭირდება. მთელი ამ წლების განმავლობაში გარკვეული შრომაა, რომ ამ ყველაფერს უნდა მოუარო და გაუფრთხილდე.
ლევან ხურცია: - მართლა ძალიან, ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე მივედით, რომ არ გვცალია, არ გვცალია, არ გვცალია, მაგრამ როცა გვცალია, მხოლოდ მისით ვართ დაკავებული. როცა ბავშვთანაა, თვითონაც სულ ცდილობს, რომ ტელეფონიც კი არ ეჭიროს ხოლმე, მაგრამ ხანდახან ისეთი ზარი შემოსდის, რომ ყველა ვარიანტში უნდა უპასუხოს…
ლევან ხურცია: - აი, აქ ახლა მე სწორედ მარიამის მხარდაჭერაზე მინდა ვისაუბრო. რეპეტიციების გამო... მე სახლში, ფაქტობრივად, არ ვიყავი. არც ბავშვი მეხებოდა, არც სახლის რაღაც პრობლემები და ყოფითი საქმეები, იმიტომ, რომ იმ პერიოდში, ბოლო ორი-სამი კვირა, როდესაც ამ ყველაფერზე ვიყავით გადასულები, ყველაფერი მან მოაგვარა. სპექტაკლზე რომ მოვიდა - ჩემი და თინათინის სცენაზეა საუბარი, მოკლედ, რომელიც იმ ფოტოების გამო არასწორად გაიგეს... სხვათა შორის, ვინც ეს ფოტოები თავიდან გაავრცელა, რა ცუდი რამ გააკეთა. ტელევიზიებმაც გააკეთეს ეს და იმ ტელევიზიების ფოტოები მერე უფრო მეტად გადაზიარდა, ხალხიც ამას აჰყვა. თეატრში ხომ ყველა ვერ მოდის, არა? ის ხომ იმ ფოტოს ნახულობს. ეს ფოტო მეც რომ მენახა, რაღაც მომენტში, შეიძლება მეთქვა, რომ ცოტა ისეთია, არა?
შეიძლება მეც მეფიქრა, რომ ეს მთლად კარგი არ არის, მაგრამ ელემენტარულად ვიტყოდი, რომ ხმას ვერ ამოვიღებ, იმიტომ, რომ სცენაზე რა ხდება, არ ვიცი. მაგრამ ხალხმა... არ ვიცი, ალბათ ეს არ გაიაზრა, ან გააზრება არ უნდოდა. ეს მათი პრობლემაა, მე არავის ვეხები. მაგრამ მარიამმა სპექტაკლი რომ ნახა, პირველი მოვიდა, თინათინის როლის შემსრულებელს ჩაეხუტა, მიულოცა, მოგვილოცა და იცი, როგორი შეგრძნებაა? ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი მარიამია. როდესაც მისგან მხარდაჭერას ვგრძნობ, მერე აღარ მაინტერესებს, ვინ რას დაწერს, რას იტყვის ან როგორ იტყვის. მე ჩემი რეჟისორის აზრი მაინტერესებს, ბატონ რობერტ სტურუას ვგულისხმობ, რომლის დიდ ადამიანობასა და გენიოსობაზეც ახლა არ ვილაპარაკებ. სცენაზე რომ ვდგავარ, ჩემი მეუღლის აზრი და იმ ადამიანების აზრი მაინტერესებს, ვინც სპექტაკლი ნახა. ვინც არ ნახა და რაღაცას წერს, ამ ხალხს სად გამოვეკიდო და მათ აზრზე რატომ ვიფიქრო... წერონ, იყვნენ, რა ვქნა?!