სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ სეზონური ხილის შერჩევისას, რატომაა აუცილებელი მარწყვისა და საზამთროს კარგად გარეცხვა და რამდენი ხნის განმავლობაში შეგვიძლია, გაყინული ხილის შენახვა:
- მიუხედავად იმისა, რომ ხილს და, მათ შორის, ბოსტნეულსაც სეზონი აღარ გააჩნია და ნებისმიერ დროს ნებისმიერი ხილისა თუ ბოსტნეულის მიღება შეგვიძლია, მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ხილიცა და ბოსტნეულიც, შესაბამის სეზონზე, ბუნებრივ დროს როდესაც მოდის, ყველაზე გემრიელი და ყველაზე უვნებელი სწორედ იმ პერიოდშია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მისი დამწიფება, გაზრდა და ფორმირება ბუნებრივად მოხდა. დღეს ბაზარზე, მაგალითად, ძალიან ლამაზი ხილი გვხვდება, რომლის პირველი ეფექტიც ჩვენი ვიზუალურად მიზიდვაა, თუმცა შეიძლება ვიყიდოთ, სახლში მოვიტანოთ და გემო საერთოდ არ ჰქონდეს.
ეს ხშირ შემთხვევაში საშიში არ არის, თუ, მაგალითად, მისი წარმოების დროს იმ ნივთიერებების მეტისმეტად გამოყენება არ მოხდა, რომლებიც მას სჭირდება. მაგალითად, პესტიციდების, სასუქების და ასე შემდეგ.
იმის ფიზიკურად გარჩევა, რომ, მაგალითად, დიდი რაოდენობით პესტიციდები ან სასუქები არის თუ არა გამოყენებული, ცოტა რთულია. ერთადერთი, ვიზუალურად უნდა დავაკვირდეთ და თუ რომელიმე ხილი მის ბუნებრივ მდგომარეობასთან შედარებით ძალიან დიდია, ეს უკვე ერთი ნიშანია იმისა, რომ გაზრდის მიზნით, უფრო მეტი სასუქი და მინერალია გამოყენებული. ეს არის ერთი ნიშანი, რომლითაც ჩვენ, როგორც მომხმარებლები, შეიძლება მივხვდეთ. სხვა არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია, რომ ვიზუალურად 100%-ით დავადგინოთ, მასში ეს დანამატები დიდი რაოდენობით არის თუ არა გამოყენებული. ამის დასკვნის დადება მხოლოდ ლაბორატორიას შეუძლია.
- მარწყვი, ზოგადად, ცოტა სათუთი პროდუქტია, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, რადგან ფაქიზი სტრუქტურა გააჩნია, ამიტომ სოდით მისი გარეცხვა არ შეიძლება. სოდა ტუტე ხსნარია და მარწყვის სტრუქტურას აზიანებს. პირველ რიგში, როდესაც სახლში მოვიტანთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამდინარე ცივ წყალში უნდა გავრეცხოთ და თუ სახლში, მაგალითად, ლიმონმჟავა, ძმარმჟავა ან მარილწყალხსნარი გვაქვს, შეგვიძლია გავაკეთოთ და ამ მარწყვს გადავავლოთ, ან მასში დაახლოებით ორი წუთით გავაჩეროთ. თუმცა სპეციალიზებული სადეზინფექციო ხსნარებიც არსებობს და შეგვიძლია იმაშიც გავრეცხოთ.
მაგალითად - ერთი კოვზი ძმარი ერთ ლიტრ წყალში შეგვიძლია განვაზავოთ და მარწყვი ამაში გავავლოთ და გავრეცხოთ.
მარწყვს მიწასთან აქვს შეხება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება, სხვადასხვა პათოგენით იყოს დაბინძურებული და, ამიტომ, მისი სრულყოფილი გარეცხვა ძალიან მნიშვნელოვანია.
- საზამთრო ფორმირების დაწყებიდან დამწიფებამდე, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიწაზე დევს, შეიძლება პათოგენები აიღოს. როდესაც ამ დაბინძურების სრულყოფილად გარეცხვა და მოცილება ვერ ხდება, გაჭრის პროცესში, დანის საშუალებით, ეს დაბინძურება შეიძლება შიგნითა ზედაპირზე გადავიდეს და ამან ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. საზამთროს სეზონი ჩემთვის ივლისიდან იწყება, როდესაც ის საქართველოშიც შემოდის.
- მარწყვის დიდი ხნით შენახვა თუ გვსურს, ძალიან კარგი მეთოდი არსებობს, რომელსაც მეც ხშირად ვიყენებ: როდესაც მარწყვს გავრეცხავთ, ის უნდა შევამშრალოთ, რომ ნაკლები ტენი ჰქონდეს, რაიმე ლანგარზე ცალ-ცალკე დავალაგოთ და გავყინოთ. შემდეგ, როდესაც გაიყინება, უკვე კონტეინერში გადავიტანთ და საყინულე მაცივარში შევინახავთ. ასე უკვე თითოეული მარცვალი ცალ-ცალკეა გაყინული და სტრუქტურა უფრო მეტად აქვს შენარჩუნებული.
მისი გამოყენება ზამთარშიც შეგვიძლია. მეც ზუსტად ასე ვაკეთებ ხოლმე და ამ გემოს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.
- არა. არც გაყინვა და არც პლუს განყოფილებაში მოთავსება ბაქტერიებს არ ანადგურებს. უბრალოდ, გაყინვის დროს ბაქტერიები იძინებენ, ასე ვთქვათ, გამრავლების უნარი აღარ აქვთ და თუ არ მრავლდებიან, საშიშებიც არ არიან. როდესაც რაიმე ნებისმიერ პროდუქტს გამოიღებთ და თუ მასში არსებობდა ბაქტერია, ისევ იიგივე რაოდენობის იქნება და მერე უკვე ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნების შემდეგ დაიწყებენ გამრავლებას. გაყინვა ვერ კლავს ბაქტერიებს.
- ბევრი არ არის, უბრალოდ, როდესაც წინასწარ კრეფენ, მალევე შეიძლება, რეალიზაციაში გამოტანა და ხილი ვერ ასწრებს ბოლომდე დამწიფებას, მისი გემოვნური თვისებების, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებას და შეიძლება მართლა რაღაც ხილი ვიყიდოთ, საერთოდ არ ჰქონდეს გემო. ეს სწორედ იმას მიუთითებს, რომ არ არის დასრულებული სიმწიფის პროცესი.
ზოგადად, ბუნებრივი პირობები ყველაფერს აკეთებს თავისით და არ სჭირდება ადამიანის ჩარევა. როდესაც ბუნებრივად მწიფდება, ის იღებს თავის სასარგებლო კომპონენტებსაც, სიმწიფის პროცესიც ბოლომდე მიდის და ეს ყოველთვის ყველაზე კარგია.
- გაყინული ხილი, მარწყვი რომ ავიღოთ, შეგვიძლია ცივადაც გამოვიყენოთ ან დავაბლენდეროთ, გააჩნია, როგორ ვიყენებთ, რადგან ამას რაღაც განსაკუთრებული წესის დაცვა არ სჭირდება. არ სჭირდება, იმიტომ რომ ბოლომდე თუ გალღვა, ასეთი ხილისთვის სტრუქტურულად შეიძლება უფრო უარესიც იყოს. ამიტომ, ასეთი წესის დაცვა მას არ სჭირდება. ხილის შენახვისთვის ყველაზე კარგი მეთოდი არის გაყინვა და ჩირად შენახვა. შეიძლება, შაქრითაც შევინახოთ, იმიტომ რომ შაქარი კონსერვანტია და უხანგრძლივებს მას შენახვის პირობებს, მაგრამ დამატებული შაქარი არაფერში ვარგა... ამიტომაცაა, რომ ჩირად შენახვა და გაყინვა ხილისთვის ყველაზე კარგი მეთოდია მისი შენახვისთვის, ვიდრე მურაბად ან კომპოტად გადაქცევა.
- დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში შეგვიძლია, გამოვიყენოთ ხილი. მაგრამ, ხილს გააჩნია. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ხილს ნაკლები წყლის შემცველობა აქვს. თუ ხილს ძალიან დიდი რაოდენობით წყალი აქვს, რაღაც დროის განმავლობაში და მერე როდესაც გავალღობთ, ის შეიძლება სტრუქტურულად დაიშალოს. მაგალითისთვის, ზაფხულში რომ გავყინოთ რაღაც ხილი, ზამთარშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.