რამდენიმე დღის წინ "ბოშათა მეფის", ტაისონ ფიურის უფროსი ქალიშვილი, 16 წლის ვენესუელა, 19 წლის მოყვარულ მოკრივეზე, ნოა პრაისზე დაქორწინდა. როგორც ამბობენ, მამამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შვილსა და მის ქმარს ეს დღე სამუდამოდ დამახსოვრებოდათ. სოციალური ქსელის მომხმარებლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წყვილს წინ ფუფუნებით სავსე ცხოვრება ელოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. სულ მალე ვენესუელა მშობლების ძვირადღირებული მამულიდან ფურგონის ტიპის პატარა სახლში გადაბარგდება.
ცვლილებათა მასშტაბის აღსაქმელად, თავად ქორწილის მიმდინარეობის შეფასებაც კმარა. ცერემონია მენის კუნძულზე, წმინდა იოანეს სამეფო სამლოცველოში გაიმართა. ეს არის ადგილი, სადაც კანონმდებლობა, მშობლების თანხმობის შემთხვევაში, ქორწინებას 16 წლის ასაკიდანაც უშვებს. ვენესუელას უზარმაზარი შლეიფის მქონე, მაქმანებიანი, მდიდრული "ქალთევზას" სტილის კაბა ეცვა, სტუმრების განწყობაზე კი თავად პიტერ ანდრე ზრუნავდა, რომელმაც ჰიტი "Mysterious Girl" შეასრულა.
ზეიმის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი სიმღერა "My Girl"-ის ფონზე მამა-შვილის ცეკვა აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, ტაისონი, როდესაც ქალიშვილს საკურთხევლისკენ აცილებდა, ემოციებს ძლივს იკავებდა.
დღესასწაულიდან სულ რაღაც ერთ დღეში, ვენესუელამ საკუთარი "საოჯახო ბუდის" შესახებ გავრცელებული სიახლით თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. მან "ტიკტოკზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავისი ახალი ბინა აჩვენა. ეს არც მდიდრული აპარტამენტებია და არც ის სახლი, რომელიც მისმა მშობლებმა მენის კუნძულზე ახლახან შეიძინეს.
ვენესუელამ თავის ახალ საცხოვრებელს "The Manor House" (მამულის სახლი) უწოდა, თუმცა ეს სახელი უფრო ირონიას ჰგავს. სინამდვილეში, იგი კომპანია "Carabuild"-ის წარმოების სტატიკურ ქარავანს (ტრაილერს) წარმოადგენს.
გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ სახლის ინტერიერი განსაკუთრებული მზრუნველობითაა მოწყობილი: კრემისფერი რბილი ხალიჩა, ოქროსფერი კანტებით გაფორმებული თეთრი კედლები, მარმარილოს ზედაპირები სამზარეულოში, თანამედროვე საშხაპე კაბინა და ცალკე მდგომი აბაზანაც კი. მისაღებ ოთახში დიდი ტელევიზორისთვის განკუთვნილი ადგილი და თანამედროვე ბუხარიცაა მოწყობილი. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: მდიდარი მშობლების მემკვიდრე, რომელიც ფუფუნებაში გაიზარდა, საცხოვრებლად პატარა ფურგონში გადადის.
"ჩვენი პირველი სახლი, ძალიან ვამაყობ ჩემი ნოათი", - ასე დაასათაურა ვენესუელამ კადრები.
ბევრისთვის ეს ნაბიჯი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება. მისი მამა, ტაისონ ფიური ხომ დაახლოებით 8 მილიონი ფუნტის ღირებულების მამულს ფლობს.
პასუხი ფიურის ოჯახის ბოშურ ტრადიციებში იმალება. ამ საკითხში ხშირად გაუგებრობა იჩენს ხოლმე თავს. ტაისონი უკვე მრავალი წელია, "ბოშათა მეფის" ფსევდონიმს ატარებს, თუმცა ეროვნებით ბრიტანელია. საქმე ისაა, რომ ინგლისში ბოშებად ირლანდიის იმ მკვიდრ მოსახლეობას მოიხსენიებენ, რომლებიც მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევენ. თავად ტაისონი პროფესიონალი მოკრივეა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ირლანდიელი მოგზაურების შთამომავალია. მისი მეუღლეც ბოშათა ოჯახიდანაა. როგორც ცნობილია, ისინიც 16 წლის ასაკში შეხვდნენ ერთმანეთს. წყვილს 6 შვილი ჰყავს. ერთ-ერთი კი ვენესუელაა.
"ვენესუელას სურს, რომ ცოლქმრული ცხოვრება მოგზაურთა ტრადიციულ სტილში დაიწყოს, ზუსტად ისე, როგორც ამას მისი მშობლები აკეთებდნენ. იგი დაბადებიდან ფუფუნებაში ცხოვრობდა, თუმცა მყუდრო სახლის ქარავანზე გასაცვლელად სრულიად მზადაა", - განაცხადა ინსაიდერმა.
ვენესუელას დედა, პერის ფიური, ქალიშვილის გადაწყვეტილებას სრულად უჭერს მხარს, ვინაიდან ახალგაზრდობაში თავადაც ქარავანში ცხოვრობდა, ტაისონზე დაქორწინების შემდეგ კი მის ავტოსახლში გადავიდა.
ფიურის ქალიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ სტარტს "მშობლებისთვის ხელი არაფერში შეუშლია" და იმ პერიოდს მოუთმენლად ელის, როდესაც საოჯახო საქმეებს თავად გაუძღვება, სანამ ნოა იმუშავებს. პრაისი, სიმამრის მსგავსად, კრივშია ჩართული, თუმცა, ჯერჯერობით - მოყვარულის დონეზე. იგი მანჩესტერის ლეგენდარულ დარბაზებში ვარჯიშობს და სახელი რინგზე აგრესიული სტილითა და მოუხერხებელი, მემარცხენე დგომით უკვე გაითქვა. ბიჭი არც ერთ შეჯიბრებას არ ტოვებს, სოციალურ ქსელში სპორტული დარბაზიდან კადრებს რეგულარულად აქვეყნებს და საქმეს მთელი სერიოზულობით ეკიდება. 19 წლის ასაკში მან რამდენიმე ახალგაზრდული ტურნირის მოგება უკვე მოასწრო და დიდების კრივშიც აქტიურად იმკვიდრებს თავის ადგილს.