32 წლის ჯანეტ მორისონი პირველი ქალია, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა იმ რელიგიური სექტის შესახებ, რომელიც მრავალცოლიანობას ქადაგებს. თავად ჯანეტი ამმ სეტაში დაიბადა და გაიზარდა. მისი ისტორია გამოცემა Metro-მ გაავრცელა.
ჯანეტის სექტა მორმონიზმის ფუნდამენტალისტურ განშტოებას (უკანასკნელი დღეების წმინდანთა ფუნდამენტალისტური ეკლესია FLDS) ეკუთვნის, რომელიც მრავალცოლიანობითა და მკაცრი აკრძალვებით არის ცნობილი. FLDS ოფიციალური მორმონული ეკლესიისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. მთავარი მორმონული ეკლესია მრავალცოლიანობას მე-19 საუკუნის ბოლოს ოფიციალურად გაემიჯნა, თუმცა FLDS-ის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს პრაქტიკა კვლავ „ღვთის ნებაა“ და უნდა გაგრძელდეს.
სექტა ძირითადად ცხოვრობს იზოლირებულ დასახლებებში, განსაკუთრებით აშშ-ის იუტისა და არიზონას შტატებში. ყოფილი წევრების მონაყოლითა და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციაში მკაცრად კონტროლდება ყოველდღიური ცხოვრება — ჩაცმულობა, განათლება, ურთიერთობები და ქორწინება. ქალებს ხშირად გრძელი, ერთფეროვანი კაბების ტარება უწევთ, ხოლო ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც გარე სამყაროსთან კონტაქტი შეზღუდულია.

ჯანეტის თქმით, მისი მამა ოთხ ქალზე იყო დაქორწინებული და ყველა მათგანი მის დედად ითვლებოდა. ოჯახში საერთო ჯამში 44 და-ძმა იზრდებოდა. ისინი ერთ დიდ სახლში ცხოვრობდნენ და ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ კაცის ერთ-ერთი ცოლი ყოფნა პრივილეგია იყო.
ქალი ამბობს, რომ სექტაში გოგონებს საკუთარი არჩევანის უფლება პრაქტიკულად არ ჰქონდათ. მათ ეკრძალებოდათ პაემნები, ურთიერთობები და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ქორწინებები ხშირად წინასწარი შეთანხმებით წყდებოდა.
„ბავშვობიდან გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ღმერთის გეგმა და ქალისთვის ყველაზე დიდი დანიშნულება ქმრის მორჩილება და შვილების გაჩენა იყო,“ — იხსენებს ჯანეტი.
მისი თქმით, დროთა განმავლობაში სულ უფრო ხშირად ესმოდა სხვა ქალებისგან, რომ მრავალცოლიან ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობდნენ. ბევრი ჩიოდა, რომ ქმრების ყურადღებას ვერ იღებდნენ და მუდმივი ღალატის განცდა ჰქონდათ.
„მეგობრები და დები მიყვებოდნენ, რომ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ქმრები მუდმივად ღალატობდნენ, რადგან სიყვარულისა და ყურადღების გაზიარება რამდენიმე ცოლს შორის უწევდათ,“ — ამბობს ქალი.

სწორედ ამან უბიძგა დაფიქრებულიყო სექტიდან წასვლაზე.
20 წლის ასაკში ჯანეტმა საბოლოოდ დატოვა სექტა. მისი თქმით, სწორედ მაშინ იგრძნო პირველად თავისუფლება.
„მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარი ცხოვრების კონტროლი,“ — ამბობს ის.
მისი მონაყოლის მიხედვით, მოგვიანებით სექტა დედამ და რამდენიმე დამაც დატოვეს, თუმცა ძმების უმეტესობა კვლავ ეკლესიაში დარჩა.
FLDS წლების განმავლობაში არაერთი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი, უორენ ჯეფსი, 2011 წელს არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ძალადობისა და იძულებითი ქორწინებების ორგანიზებისთვის გაასამართლეს. სასამართლო პროცესების წყალობით, სექტის შიდა წესებმა და იქ არსებულ კონტროლის სისტემამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ყოფილი წევრები ამბობენ, რომ სექტიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანებს ხშირად ურთულდებათ საზოგადოებაში ადაპტაცია, რადგან მთელი ცხოვრება იზოლირებულ გარემოში აქვთ გატარებული. ბევრს არ აქვს მიღებული სრულფასოვანი განათლება და არ იცის, როგორ დაიწყოს დამოუკიდებელი ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ბევრი ყოფილი წევრი ამბობს, რომ თავისუფლების მიღების შემდეგ უკან დაბრუნება აღარ სურს.
რა არის ცნობილი FLDS სექტაზე
Fundamentalist Church of Jesus Christ of Latter-Day Saints1930-იან წლებში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მორმონულმა ეკლესიამ (LDS) უარი თქვა მრავალცოლიანობაზე (პოლიგამიაზე), რათა იუტას შტატს აშშ-ის შემადგენლობაში შესვლის უფლება მიეღო. FLDS-ის წევრები კი მიიჩნევენ, რომ მრავალცოლიანობა აუცილებელი პირობაა სამოთხის უმაღლეს საფეხურზე მოსახვედრად.
სექტაში გოგონებს არ აქვთ პარტნიორის არჩევის უფლება. ქორწინებებს განკარგავს სექტის ლიდერი, რომელსაც „წინასწარმეტყველს“ უწოდებენ. სწორედ ის წყვეტს, რომელი ქალი რომელ მამაკაცს მიეკუთვნოს. ხშირად ხდებოდა არასრულწლოვანი გოგონების იძულებითი ქორწინება ბევრად უფროს მამაკაცებთან.

სექტის ყველაზე ცნობილი და სკანდალური ლიდერია ვორენ ჯეფსი. მან კონტროლი დაამყარა ათასობით მიმდევარზე, ჰყავდა ათეულობით ცოლი (მათ შორის არასრულწლოვნებიც). 2006 წელს ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ყველაზე ძებნილ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა. 2011 წელს ჯეფსს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუხლებით, თუმცა ის ციხიდანაც კი ცდილობდა სექტის მართვას ტელეფონითა და წერილებით.
სექტის წევრები ძირითადად ცხოვრობენ იზოლირებულ ქალაქებში (მაგალითად, ჰილდეილი იუტაში და კოლორადო-სიტი არიზონაში).
ჩაცმულობა: ქალებს აცვიათ მე-19 საუკუნის სტილის, გრძელი, ე.წ. პრერიის კაბები (Prerie dresses), რომლებიც სრულად ფარავს სხეულს კისრიდან კოჭებამდე. აქვთ სპეციფიკური, მაღლად დავარცხნილი თმა. შორდებიან ყოველგვარ თანამედროვე მოდას.
აკრძალვები: სექტაში აკრძალულია ინტერნეტი, ტელევიზია, გარე სამყაროსთან კონტაქტი, წიგნების კითხვა (გარდა სექტის ლიტერატურისა). ბავშვები დადიან სექტის შიდა სკოლებში, სადაც განათლება მინიმალურია და ორიენტირებულია მხოლოდ მორჩილებაზე.
„დაკარგული ბიჭები“: სექტაში არსებობს სასტიკი პრაქტიკა — ვინაიდან ერთ მამაკაცს ბევრი ცოლი ჰყავს, ახალგაზრდა ბიჭების დეფიციტი იქმნება კონკურენციაში. ამიტომ, სექტის ლიდერები მოზარდ ბიჭებს ხშირად უმნიშვნელო მიზეზების გამო რიცხავენ და აძევებენ სექტიდან, რათა უფროს მამაკაცებს მეტი ქალი დარჩეთ. ამ ბიჭებს „დაკარგულ ბიჭებს“ უწოდებენ.