"მე მყავს წმინდანი მეუღლე... მის გარეშე არც ოთხი შვილი მეყოლებოდა და არც ოჯახი მექნებოდა... ამ ადამიანმა საკუთარი თავი მთლიანად წაშალა და ოჯახს მიუძღვნა..." - თეა დარჩია - მშობლები

"მე მყავს წმინდანი მეუღლე... მის გარეშე არც ოთხი შვილი მეყოლებოდა და არც ოჯახი მექნებოდა... ამ ადამიანმა საკუთარი თავი მთლიანად წაშალა და ოჯახს მიუძღვნა..." - თეა დარჩია

2026-05-20 00:43:43+04:00

მოცეკვავე, ქორეოგრაფი, 4 შვილის დედა თეა დარჩიასტუდია პირველს სტუმრობდა და ეკა ჩხეიძესთან გულახდილად ისაუბრა პროფესიაზე, რომელსაც ცხოვრება მიუძღვნა, საყვარელ ოჯახზე, განსაცდელებზე, რწმენაზე.

რატომ მოუწია სცენის, სუხიშვილების დატოვება, სადაც 30 წელი გაატარა?

- აღთქმა დავდე, არ შემეძლო, რომ დამერღვია.. მეოთხე შვილზე რომ დავფეხმძიმდი, მე-12 კვირაზე მითხრეს, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი ჰქონდა. ერთი კვირა გავშეშდი, ნამდვილი გაძეგლება დამემართა — არც ცრემლი მდიოდა, არ ვიცოდი, რა მექნა. მაგრამ ერთი კი ვიცოდი, რომ ეს ბავშვი უნდა გაჩენილიყო.

ცხრა თვე ყველა გარშემო მეუბნებოდა: „რა ძალა გედგა? სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, რად გინდოდა ეს პრობლემა, რატომ აიკიდე ძალით?“ რაღაც მომენტში დავმშვიდდი, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ექოსკოპია, ყველა სისხლის ანალიზი — ერთჯერადი, ორჯერადი, სამჯერადი, ოთხჯერადი ტესტები — გერმანიაში გაგზავნითაც კი, 80%-ით დაუნის სინდრომს აჩვენებდა და 20%-ზე ვერაფერს ამბობდნენ.

გულში რომ იტყვი: „ღმერთო, ოღონდ ყველაფერი კარგად იყოს და რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ცხოვრებაში, იმას დავთმობ. ნება შენი იყოს, მაგრამ ჩემგან ამ მსხვერპლს გავიღებ“ — ასე ვიყავი...

გაბრიელი გაჩნდა ოთხი კილო და 600 გრამი, 15 წუთში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი — 10-დან 10 ქულა აიღო...

...ეს შეცდომა იყო? მე ვთვლი, რომ შეცდომა არ იყო. შეიძლება იყო კიდეც, არ ვიცი… მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ გამოცდილებას, ამ გამოცდას, ამ სტრესს, ამ ნერვიულობას — ცხრა თვე ცოტა ხომ არ არის — გავუძელი მხოლოდ ღმერთის რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

მადლობა ღმერთს ამისთვის...

გაბრიელი რომ გამიჩინეს და გულზე დამაწვინეს, პედიატრი შემოვიდა. ბავშვს რომ დახედა, ისტერიული ტირილი აუტყდა. მე ახალნამშობიარები ვარ, ვეკითხები — „რა გჭირს?“ და მეუბნება: „ზუსტად იგივე დიაგნოზი მქონდა, რაც შენ. მე ვერ გავუძელი და აბორტი გავიკეთე“... ისე ტიროდა, იქით მე ვამშვიდებდი...

მოკლედ, ყველაფერი ნებაა უფლის და ღმერთის წყალობა.ღმერთმა იცოდა, როგორ მიყვარდა ის საქმე, რასაც სუხიშვილების აკადემიურ ანსამბლში ცეკვა ჰქვია...

ღმერთთან ერთად შეუძლებელს შეძლებ, მარტო ადამიანი არაფრის მაქნისი არ არის. მარტო ცოდოა ადამიანი.

ამ გადაწყვეტილებაში ძალიან დამეხმარა მეუფე დიმიტრი შოლაშვილი — გვერდში დამიდგა. მითხრა: „თეა, როგორიც არ უნდა გაჩნდეს, თუ პრობლემა იქნება, მე გაგიზრდი“... ეს იმხელა ძალა იყო.

ასევე იღუმენია სიდონია დარჩია… ჩემი იოანეც და გაბრიელიც იქ გავზარდე — სიმშვიდეში, სიყვარულში და ბედნიერებაში ვიყავი...

შვილები

...მადლობა ღმერთს. უკვე ბებიაც ვარ.

სულ ვამბობდი, ცუდი დედა ვარ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არც ისე ცუდი დედა ვარ — უბრალოდ, სხვანაირი დედა ვარ.

სამ წლამდე გადაფოფინებული, ისტერიული დედა ვარ, მერე კი თითქოს ვუშვებ შვილებს და როგორც ტოლს და სწორს, ისე ვექცევი.

არ შემიძლია სხვანაირად. რადგან ჩემი შვილია, ვერ ვუკირკიტებ. უბრალოდ რჩევას ვაძლევ, ვეხმარები, გვერდში ვუდგავარ, მაგრამ ჩაფრენილი დედა არ ვარ. შვილი შენი საკუთრება არ არის. შვილი ცალკე პლანეტაა — ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უნდა მისცე, თუ ამის მადლი გაქვს. მერე კი მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყო, რომ კარგ ადამიანად გაიზარდოს — კეთილად, კაცთმოყვარედ, ლამაზი სულის პატრონად.

მეუღლე

მადლობა ღმერთს და მადლობა ჩემს მეუღლეს... მე მყავს წმინდანი მეუღლე ოფიციალურად. საოცარი ადამიანი, რომლის გარეშეც მე 'მე' არ ვიქნებოდი არც ერთ ვერსიაში. არც ოთხი შვილი მეყოლებოდა და არც ოჯახი მექნებოდა.საოცარი მეუღლე მყავს — ელგუჯა მათიაშვილი. ამ ადამიანმა საკუთარი თავი მთლიანად წაშალა და ოჯახს მიუძღვნა...

ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, არის და ალბათ იქნება კიდეც. მე მასში დავინახე ადამიანი, რომელიც შეძლებდა ყოფილიყო ჩემი ქმარი... ეგოისტური ნათქვამი... მე არ ვარ იოლი ადამიანი — ფანატიკურად შეყვარებული ვარ ჩემს პროფესიაზე. ვერ დავთმობდი პროფესიას მეუღლის გამო, რომელიც ერთ დღეს გამომიცხადებდა: „აღარ იცეკვო“.

ალბათ დღემდე ოჯახი არ მექნებოდა.ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა — კარგი შვილებიც, ოჯახიც და ყველაფერი კარგი.

თვეების განმავლობაში მიწევდა ოჯახის დატოვება, გასტროლებზე ყოფნა, აქაც 24-საათიანი რეპეტიციები, კონცერტები… სულ ამ საქმეში ვიყავი. მთელი ეს ტვირთი გუჯამ იტვირთა.დედაჩემი რომ ცოცხალი იყო, ისიც მეხმარებოდა, ჩემი დებიც, მაგრამ 100%-ით — გუჯა.

დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის...

35 წლის წინ... - თეა დარჩიას საარქივო ფოტო მეუღლესთან ერთად და ოჯახური კადრები
მადლობა ღმერთს, ამ ოთხი ბრილიანტისთვის - თეა დარჩიას ფოტო შვილებთან ერთად და კადრები ცნობილი მოცეკვავის ოჯახური არქივიდან