ზაფხულის სიცხეში ორგანიზმის გახურება და გაუწყლოება მხოლოდ დისკომფორტს არ იწვევს — ის ჯანმრთელობისთვისაც სერიოზული საფრთხეა. ადამიანის სხეულის დაახლოებით 70% წყლისგან შედგება და სითხის 6-8%-ის დაკარგვამაც კი შეიძლება სისუსტე, თავბრუსხვევა და გონების დაკარგვაც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ცხელ ამინდებში მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ორგანიზმს დამატებით ატენიანებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ საუკეთესო არჩევანი ახალი ხილი და ბოსტნეულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თერმული დამუშავების — ხარშვის, შეწვისა თუ გამოცხობის — შემდეგ პროდუქტებში წყლის შემცველობა მცირდება, ამიტომ მათი უმი სახით მიღება უფრო სასარგებლოა.
საზამთრო ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია და ორგანიზმის დატენიანებაში შესანიშნავად ეხმარება. ის 91%-ით წყლისგან შედგება. ამასთანავე, შეიცავს ლიკოპენს — ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელსაც ანტისიმსივნური თვისებებიც აქვს.
საზამთრო გემრიელია როგორც ცალკე, ისე სმუზებში, ხილის სალათებსა და კოქტეილებში.
კიტრი იდეალური საზაფხულო წასახემსებელია. ის დაახლოებით 96.7%-ით წყლისგან შედგება, რაც საზამთროზეც კი მეტია.
კიტრს ხშირად ამატებენ სალათებს, სენდვიჩებსა და მწვანე კოქტეილებს. ბევრ ქვეყანაში მას ჰუმუსთან და ტკბილ წიწაკასთან ერთადაც მიირთმევენ.
მარწყვი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, მოცხარი და სხვა კენკრა არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ორგანიზმს აგრილებს და სითხითაც ამარაგებს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს მარწყვი და მოცვი.
კენკრის დამატება შესაძლებელია წყალში, იოგურტში, წვენებში, სმუზებში, დესერტებსა და სალათებში.
გრეიფრუტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც სიცხეში წონის დაკლებასაც ცდილობს. ის ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და სისხლში შაქრის მაჩვენებლების სტაბილიზებას.
გრეიფრუტი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე, ისე სალათებსა და წვენებში დამატებული.
პომიდორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია. ის კერძებს მეტ წვნიანობას ანიჭებს და ამასთანავე სასარგებლოა ძვლების, გულისა და სისხლძარღვებისთვის. ასევე, შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
პომიდორი თითქმის ყველა ბოსტნეულის სალათში გამოიყენება.
სახლში მომზადებული სორბეტი სიცხეში ორგანიზმის გაგრილებისა და სითხის შევსების კარგი საშუალებაა. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მაღაზიაში შეძენისას ნაკლებშაქრიანი ვარიანტები ავირჩიოთ, თუმცა საუკეთესო მაინც სახლში მომზადებულია.
მის მოსამზადებლად საკმარისია გაყინული ხილი და იოგურტი ან რძე ბლენდერში დააბლენდეროთ.
ნიახური დიდი რაოდენობით წყალს, ასევე ფოლიუმის მჟავას, ბოჭკოსა და ვიტამინებს შეიცავს. ის კუჭის მჟავიანობის შემცირებასა და გულძმარვის შემსუბუქებაშიც ეხმარება.
ნიახურს ხშირად სალათებში ამატებენ ან სხვადასხვა სოუსთან ერთად მიირთმევენ.
ბულგარული წიწაკის ყველა ფერი სასარგებლოა, თუმცა მწვანე წიწაკა დაახლოებით 93.9% წყალს შეიცავს. გარდა ამისა, მდიდარია C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით.
ის ხელს უწყობს სისხლძარღვების გაძლიერებას და თრომბების წარმოქმნის პრევენციას.
ისპანახი 91.4%-ით წყლისგან შედგება. ასევე შეიცავს კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, ბოჭკოსა და E ვიტამინს, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.
ისპანახი კარგად ერწყმის როგორც სალათებს, ისე სენდვიჩებსა და სხვა კერძებს.
მინი სტაფილო უფრო მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი სტაფილო — დაახლოებით 90.4%-ს. ამასთანავე, მდიდარია ბეტა-კაროტინით, C ვიტამინითა და სასარგებლო მინერალებით.
მისი ტკბილი გემო განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ და კარგი წასახემსებელია ცხელ დღეებში.