ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი,მარი მალაზონია,გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია" იმ პროდუქტების შესახებ საუბრობს, რომლებიც ორგანიზმში ანთებით პროცესებს უწყობს ხელს.
„პროდუქტები, რომელიც ანთებასაც უწყობს ხელს და ამავე დროს გამოშრობასაც საბგერი იოგების. ეს გახლავთ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის, მაგალითად, ჩიფსები, კრეკერები, მიწისთხილი და ასე შემდეგ. ეს პროდუქტები სერიოზულად არ მიგვაჩნია ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანთა უმრავლესობა მას სასუსნავად, წასახემსებლად იყენებს და ეს პროდუქტები ძალიან ხშირად არც კვებაში არის ხოლმე განხილული, ანუ საკვებად დაჯერად არ განიხილება და არც დამაზიანებლად, მაღალი რისკის მქონე პროდუქტებს შორის. არადა, სწორედ ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით, უკონტროლოდ, სისტემატურად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ, სწორედ ამ პროდუქტების შემადგენლობიდან გამომდინარე, ანთებაც გაღრმავდეს და გამოშრობაც, აი ამ ლორწოვანი, დამარილიებული ზედაპირების გამო, ადვილად გამოვლინდეს, როგორც ჩახლეჩილი ხმა.“ - ამბობს მარი მალაზონია.
რაც შეეხება ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებს, მარი მალაზონია ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემასაც შეეხო:
"კვების რაციონში ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პროდუქტების ჩართვა ყოველთვის გვჭირდება ისე, რომ ანთების ხელშემწყობი პროცესებიც გავითვალისწინოთ. საკვებს შეუძლია დამხმარე ფუნქცია შეასრულოს იმისათვის, რომ ანთება დავძლიოთ. ასეთ შემთხვევაში, ყოველდღიურ რაციონში მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის გამოყენება, ნედლი სახით, ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა. ასევე, რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომლებიც ომეგა 3-ითაა მდიდარი. ომეგა 3 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანთება გაანელოს, თრომბოზის რისკი შეამციროს. ამიტომაც, თევზსა და ზღვის პროდუქტებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. C ვიტამინის შემცველი პროდუქტებიდან განსაკუთრებით მდიდარი ციტრუსებია და ისინი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევიან. იმიტომ, რომ მათ, როგორც ანტიოქსიდანტებს, განსაკუთრებული თვისებები აქვთ. მნიშვნელოვანია ცხიმოვანი და უნიკალური ცილოვანი შემადგენლობა, რომელიც სხვადასხვა სახის თხილეულს აქვს. ასევე, ორგანიზმის მიკრობიომისა და მიკრობიოტას გაწონასწორებაც გასათვალისწინებელია და ფერმენტირებული რძის ნაწარმი ამის საუკეთესო წყარო გახლავთ. წყლის ბალანსის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ანთების ჩასაქრობად შეიძლება დასახელებულ პროდუქტებთან ერთად ისეთი მცენარეული სახის კომპონენტები გამოვიყენოთ, როგორებიცაა მარცვლეული და ბურღულეული და სხვადასხვა სახის თესლი. ამ პროდუქტებში არსებული ნივთიერებები, ურთიერთშეთანხმებით, ერთი მხრივ, თავისთავად ამცირებს ანთების განვითარების რისკს. უკვე არსებული ანთების შემთხვევაში კი, მისი გაღრმავების შესაძლებლობას ამცირებს და მისი უკეთ მართვისთვის საუკეთესო ინსტრუმენტია", - აღნიშნავს მარი მალაზონია.