გადაცემა "პრაიმშოუ"-ში ის ადამიანები იყვნენ სტუმრად, რომელთაც მძიმე ტრაგედიები გადაიტანეს ცხოვრებაში და უახლოესი ადამიანები დაკარგეს. მათ შორის იყო თაკო მთიულიშვილი, რომლის უსაყვარლესი ადამიანი, დიმა კურდღელია, 2025 წელს, მოულოდნელად, 19 წლის ასაკში გარდაიცვალა, ანევრიზმის დიაგნოზით.
- 2024 წლის 7 ოქტომბერი იყო, უნივერსიტეტის ეზო. 7 ოქტომბერი. ახალი გადასული ვიყავი ამ უნივერსიტეტში და ჩემი პირველი დღე იყო. ვნერვიულობდი, მეგობარი არ მყავდა არავინ, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი და პირველი ვინც გავიცანი და ვინც დავინახე, თავიდანვე იყო დიმა... დიმა რომ დავინახე, როგორიც ყოველთვის წარმომედგინა ჩემი მეორე ნახევარი, ისეთი იყო დიმა და ჩემს თავს შევუძახე, შენ თუ ახლა ამას არ გაიცნობ, არ ვიცი რას გიზამ-თქო და აუდიტორიაშიც ისე აღმოჩნდა, რომ ჩემს უკან იჯდა დიმა და მეთქი, ან ახლა ან არასდროს. მივუტრიალდი და დავიწყეთ საუბარი. ასე გავიცანი... ძაან მარტივად შევედით კომუნიკაციაში და იმის მერე აღარ გაგვიწყვეტია ყოველდღიური ურთიერთობა...
ის არ იყო მხოლოდ შეყვარებული, ის იყო ჩემთვის საუკეთესო მეგობარი, რომლისთვისაც შემეძლო მეთქვა ყველაფერი. თვითონ ხუმრობდა ხოლმე, რაც გინდა მითხარი, ყველაფერში დაგეხმარები, ყველაფერს მოგისმენო და მართლა ასეთი იყო. მისი მეგობრებიც სულ მაგას ამბობენ, რომ ყველას დამხმარე იყო, ყველაზე პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და ყოველთვის დაგიდგებოდა გვერდში.
...13 თებერვლის ღამე იყო, უკვე 14 უნდა დამდგარიყო და ორივე ვმეცადინეობდით, გამოცდები გვქონდა და ვგეგმავდით, რომ მეორე დღეს დავწერდი მე გამოცდას და შემდეგ წავიდოდით სადმე, გავისეირნებდით ვალენტინობის დღეზე. ის თურმე თავის ოჯახში, დასთან ერთად განიხილავდა, რა უნდა ეჩუქებინა ჩემთვის, ოღონდ მე არ ვიცოდი ამის შესახებ... რომ გახდა 12, ველოდები, როდის მომწერს, როდის მომილოცავს და არ ჩანს... მერე ჩვენი საერთო მეგობარი და მწერს... რატომღაც მგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მითხრა-მეთქი... არ ვიცი რატომ მეგონა, რატომ გადავწყვიტე, ეს მეთქვა. და მერე უკვე ტელეფონზე იყო ზარი...
თავიდან ანევრიზმის დიაგნოზი არ იყო დასმული და გვეგონა, უბრალოდ დაეცა და ასე გარდაიცვალა, მაგრამ მერე გაირკვა...
გაცნობის დღიდან, რამდენიმე დღეში ახსენა პირველად გარდაცვალება და მერე რომ დავახლოვდით, სულ ამბობდა, რომ "აი, მე რომ მოვკვდები, იტირებ? აი, ჩემი ძმაკაცები მაგას ნახავენ, როგორ იტირებ, როგორ დამიტირებ". ძალიან ბევრჯერ ახსენებდა, "ჯერ პირველი მე უნდა წავიდე"-ო და არ ვიცი, რატომ ახსენებდა..

სხვათა შორის, სულ სტკიოდა თავი. ჰოდა, თურმე მარტო მე ვიცოდი ამის შესახებ და დღემდე ვდარდობ მაგაზე, იმიტომ, რომ მე სულ ვთხოვდი, წასულიყო ექიმთან, გაესინჯათ და მპასუხობდა, რომ ამის წამალი არ არის, "მე როგორც მტკივა თავი, ამას წამალი არ შველის". და დღემდე ნანობ, რომ არ დავაძალე, სახლში არ ვუთხარი მის მშობლებს და არ ვიცი... ხანდახან ჩემ თავს ვადანაშაულებ ამაშიც.
მე სულ მგონია, რომ დიმა არის ჩვენ გარშემო, თავისიი საყვარელი ადამიანების გარშემო და სულ ველაპარაკები, სადაც არ უნდა ვიყო. განსაკუთრებით, საფლავზე რომ მივდივარ, იქ ველაპარაკები.. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა სად ვარ. მგონია, რომ სულ ესმის ჩემი და სულ ჩემ გვერდით არის.