რა უროლოგიური პრობლემებია სქესობრივი მომწიფების დროს, რაზე უნდა გაამახვილონ მშობლებმა ყურადღება და რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის სწორად დაცვა - თემაზე უროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა ჭანტურაია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:
- არის რაღაც ჩვევები, რომლებიც ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ, თორემ მერე ამის გაკეთება ძალიან ძნელია. პირის დაბანა, ხელის დაბანა, კბილების გამოხეხვა პატარა ბავშვს არ უხარია, მაგრამ ამის გაკეთება უნდა აიძულო, თორემ დროს კარგავს და რაღაცის კეთება ვის უხარია, ხომ?
იმავეს ვიტყოდი ჩუჩასთან მიმართებაშიც. შეიძლება სწორი ნათქვამი არ იყოს, რომ ხელი საერთოდ არ ახლო, თუმცა ეს მიდგომა ბოლომდე სწორად გაგებული არ არის. იგულისხმება, რომ არ უნდა იძალადონ, მაგრამ სადღაც სამი-ოთხი წლის ასაკისთვის ბიჭს ეს ყოველდღიურ ნორმად უნდა ჩაუჯდეს და ჩუჩა ყოველდღე უნდა გადაიწიოს. ხანდახან 14-15 წლის მოზარდებს ვნახულობ, რომლებისთვისაც ჩუჩაზე ხელის მოკიდება ლამის გაუპატიურების ტოლფასია. ამიტომ, ჯობია ეს სამი-ოთხი წლის ასაკში მოხდეს, რათა მისთვის ეს ყოველდღიურ რიტუალად იქცეს.
- თუ ჩუჩა არ იხსნება, ამ დროისთვის მისი გახსნა უკვე ჯობია, რადგან მისი გადაწევის გარეშე ჰიგიენის დაცვა გამორიცხულია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბავშვები ძალიან სუფთები არიან და ერთი-ორი დღე რომ არ დაბანო, არაფერი დაშავდება. თუმცა, სქესობრივი მომწიფებისთანავე უკვე ოფლის სუნი, სმეგმა და სხვადასხვა გამონაყოფები იწყება. ასე რომ, უხვი სმეგმის გამო, ყოველდღიური ჰიგიენა უკვე აუცილებელია. მაგრამ ამ ასაკში ბავშვი მშობელს აბაზანაში აღარ უშვებს და ამის გაკონტროლება ჭირს. ხანდახან ისეთ შემთხვევებს ვნახულობ, რომ მშობელს რცხვენია, თუმცა მეუბნება, რომ ბავშვი თავად იბანს. ამიტომ, ამ ჩვევის გამომუშავება ჯობია ცოტა უფრო იმ ასაკში მოხდეს, როცა ბავშვი თქვენთან თანამშრომლობს და გიჯერებთ. ეს ასაკი, რა თქმა უნდა, სამი-ოთხი წელია.
ოღონდ ეს არა ძალადობით, არამედ მალამოებით უნდა გაკეთდეს, რათა ჩუჩა თავისუფლად გადავიდეს და ბავშვს უროლოგთან ვიზიტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გაუჩნდეს. თორემ 16 წლის მოზარდი პირველად რომ მიიყვანო, ესეც ძალიან ცუდი ასაკია.
- საბედნიეროდ, ბავშვებში ეს პრობლემა იშვიათია. თუმცა, ამ დროს მოზარდობაც რისკ-ფაქტორად არ განიხილება. თუ ეს რისკ-ფაქტორი არსებობს, ის ბავშვობიდანვე იწყება, სხვა მხრივ კი ამაზე ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, ერთ კიდევ დელიკატურ და ძალიან აქტუალურ საკითხზე, რომელიც მშობლებს აგიჟებთ, ბოდიშის მოხდით ჩავეჭრები - ეს ბიჭების სასქესო ასოს ზომაა. მთელი პრობლემა ის არის, რომ ამაშიც მარტივი ინფორმაციაა დასანახი. სასქესო ორგანოები ჰორმონალურ სტატუსზე დამოკიდებული ორგანოებია, ასე რომ, ისინი ბავშვის ზრდასთან ერთად არ იზრდებიან. მშობლებს გული უწუხდებათ, რომ ბავშვი ტანად ასეთი დიდი გაიზარდა, თუმცა, ვიდრე ის ბავშვია, არაფერი გაიზრდება. ზრდა მხოლოდ პუბერტატის ასაკში ეწყება - ულვაში წამოუვა თუ არა, ყველაფერი თავის ადგილზე ერთბაშად გაიზრდება. ანუ ეს ინფორმაციაც იმისთვისაა საჭირო, რომ გული ნუ გაგისკდებათ, თუ ბავშვი ტანად იზრდება, ხოლო გენიტალიების ზომები მას არ მიჰყვება. ეს ნორმალურია, რადგან ის ბავშვია და ამ დროს ჰორმონალურად კასტრაციული სტატუსი აქვს. როგორც კი პუბერტატის ასაკში ჰორმონები წამოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაშინვე გაიზრდება და რაც საჭიროა, იმ ზომას დაეწევა.
- ყაბზობა და საშარდე ინფექციები ერთმანეთთან დაკავშირებულია, ასე რომ, მორეციდივე საშარდე ინფექციის მკურნალობისას ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ყაბზობის კონტროლია. შარდის შეუკავებლობა და ხშირი შარდვის სინდრომიც ხშირად ამას უკავშირდება, ანუ მიზეზი ყაბზობაა და არა უროლოგია. აქ როგორი მომენტია - ყაბზობის ერთ-ერთი მექანიზმი ანუ განმარტება ის არის, რომ ბავშვს კუჭის მოქმედება კი ყოველდღე აქვს, მაგრამ ერთი იმდენი ნაწლავში მაინც რჩება. ბავშვმა იცის, რომ კუჭში იყო, მაგრამ რაღაც კიდევ უნდა და ვერ ხვდება, რა. ჰგონია, რომ ეშარდება და ამიტომ წამდაუწუმ ტყუილად დარბის. ამ ორ პროცესს ერთი და იგივე ინერვაცია აქვს, ასე რომ, ამის გარჩევა მართლაც ძნელია. თან ბავშვმა იცის, რომ კუჭში უკვე გავიდა და ჰგონია, რომ მეტჯერ აღარ უნდა შევიდეს, იმ დღის გეგმა შესრულებული აქვს, მაგრამ რეალურად ასე არ არის.
როდესაც ამ დროს ოყნას გაუკეთებ, ასეთ პაციენტებს ვეუბნებით, რომ კუჭში გასვლის შემდეგ მოსინჯონ. თუ ოყნის შემდეგ, ერთი იმდენი კიდევ გავიდა, ესე იგი, პედიატრთან უნდა მივიდნენ, რადგან მაშინ უროლოგთან საქმე აღარ აქვთ. რა თქმა უნდა, ყაბზობა ინფექციების მომატებულ რისკთან, ასევე, დღისით შეუკავებლობისა და ხშირი შარდვის სინდრომთან არის დაკავშირებული. ღამით ყველაფერი წყდება, რადგან ინერვაცია კერტამდე აღარ მიდის და ღამით მშვენივრად არიან, დღისით კი წამდაუწუმ დარბიან. აი, ესეც იმის კლასიკური მაგალითია, რომ დილით ბევრს შარდავს, მერე კი - სულ ცოტ-ცოტას. ყაბზობას თუ მოვუხსნით, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოწესრიგდება.
თუ ბავშვი საპირფარეშოში გასვლას ხშირად ითხოვს, ჯერ უროლოგიური მიზეზი უნდა გამორიცხო, შემდეგ ყაბზობა და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მხოლოდ ამის მერე გადახვიდე. ჯერ ეს სამედიცინო მდგომარეობები უნდა შემოწმდეს და თუ მართლაც აღარაფერია და ყველაფერი წესრიგშია, მხოლოდ მაშინ... ბავშვები ამას ტყუილად არ აკეთებენ, მათ რაღაც უჭირთ, რაღაცაზე მიგვანიშნებენ და, შესაბამისად, რა პრობლემაც აქვს, იმის გასარკვევად ფსიქოლოგთან კონსულტაციაა საჭირო.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მომწიფებამდე არაფერი იზრდება. ბიჭის ასო მაქსიმუმ ექვსი სანტიმეტრია. ის ისედაც დაჭიმულია და თუ ბავშვი მსუქანია, შეიძლება საერთოდ არც ჩანდეს, რადგან ასო ძვალთანაა ფიქსირებული. ამიტომ, მსუქან ბავშვებში ის მით უმეტეს პატარა ჩანს, მაგრამ ეს თავისით უნდა ჩამოყალიბდეს და გაიზარდოს, ასე რომ, უნდა დაელოდონ.