კარიერის კონსულტანტი, HR პროფესიონალთა ასოციაციის სენატის წევრი, ირინა ქორიძე, გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური იქნება:
- დღეს მსოფლიო შრომის ბაზარზე ისეთი სერიოზული ცვლილებებისა და გლობალური გარდაქმნების მოწმენი ვართ, რომლებიც პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხდება. გარკვეული პროფესიები იკარგება, გარკვეული ახალი პროფესიები კი შემოდის, მაგრამ უფრო მეტად შეიძლება ითქვას, რომ პროფესიების გაქრობის ნაცვლად, მათი გარდაქმნა ხდება. რა თქმა უნდა, გაქრობითაც ქრება, მაგრამ ახლა ძირითადად პროფესიების ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და ეს ახალი პროფესიები თავს იყრის ისეთი მიმართულებების გარშემო, როგორებიც ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ეკონომიკაა. ბოლო, ძალიან სანდო საერთაშორისო კვლევები გვეუბნება, რომ 2030 წლისთვის ძალიან ბევრი პროფესია სწორედ ამ აღნიშნულ მიმართულებებში ტრანსფორმირდება. შესაბამისად, მზარდი მოთხოვნილება პირველ რიგში ხელოვნურ ინტელექტსა და ახალ ტექნოლოგიებზე იქნება, ვინაიდან ორგანიზაციები, ფაქტობრივად, პირდაპირ მიდიან მათ გამოყენებასა და გაციფრულებაზე. აქედან გამომდინარე, აქ ძალიან დიდი მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე, აიტი-სპეციალისტებსა და პროგრამისტებზე გაჩნდება.
მეორე მიმართულებად შეიძლება მონაცემები დასახელდეს. ორგანიზაციები გადაწყვეტილებებს უკვე მონაცემებზე დაყრდნობით, ბაზრის ტენდენციების შესწავლისა და მომხმარებლის ქცევის საფუძველზე იღებენ, რის გამოც მოთხოვნა მონაცემთა ანალიტიკოსების პროფესიაზე გაიზრდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად ჯანმრთელობის სისტემის მთლიანი ცვლილებაც გამოიკვეთა. აქაც გაციფრულება ხდება და ახალი ტექნოლოგიები გამოიყენება. ამ მიმართულებით ისეთი ციფრული, ახალი სამედიცინო ბარათების დანერგვა მოხდება, რაც მოთხოვნას საგრძნობლად გაზრდის. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ რადგან მსოფლიო გლობალურად გადადის ამ ციფრულ ტექნოლოგიებზე და დიდი ინფრასტრუქტურები იქმნება, ამ ყველაფერს დაცვა სჭირდება. შესაბამისად, მოთხოვნა კიბერუსაფრთხოებასა და ამ მიმართულების სპეციალობებზეც მოიმატებს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მწვანე, განახლებადი ენერგიები და მწვანე ეკონომიკა. დადასტურებული კვლევების საფუძველზე, აქაც იზრდება მოთხოვნა გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარებისა და განახლებადი ენერგიების ექსპერტებზე. აი, ეს არის ძირითადად ის მიმართულებები, რომლებზეც მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა, მოთხოვნა როგორც არ უნდა გაიზარდოს, ბაზარი როგორც არ უნდა შეიცვალოს და რა ახალი პროფესიებიც არ უნდა გამოჩნდეს, ეს ყველაფერი აუცილებლად პირდაპირ კავშირში იქნება სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან, ახალ ტექნოლოგიებსა და გაციფრულებასთან.