ავღანეთში თალიბანის რეჟიმმა ახალი საოჯახო კანონი გამოსცა, რომელიც ქორწინების, განქორწინებისა და მცირეწლოვანთა ქორწინების საკითხებს არეგულირებს. ამ ნაბიჯმა უფლებადამცველებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მწვავე აღშფოთება გამოიწვია.
31 მუხლისგან შემდგარი დოკუმენტი, სახელწოდებით „მეუღლეთა განცალკევების პრინციპები“ (დეკრეტი №18), პირადად თალიბანის უზენაესმა ლიდერმა, ჰიბატულა ახუნძადამ დაამტკიცა. კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდა რეჟიმის იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო მაცნეში. ის დეტალურად განსაზღვრავს წესებს ბავშვთა ქორწინების, დაკარგული ქმრების, იძულებითი განქორწინების, რელიგიიდან განდგომისა (აპოსტასია) და ღალატის ბრალდებების შესახებ.
წინა ხელისუფლებისდროინდელი კანონი, რომელიც გოგონებისთვის ქორწინების მინიმალურ ასაკად 16 წელს ადგენდა, საბოლოოდ გაუქმდა. ახალი კანონით, ქორწინება დასაშვებია სქესობრივი მომწიფების (პუბერტატის) მიღწევისთანავე (რაც ხშირად 9 წლიდან იწყება).
ახალი რეგულაციის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი დებულება არასრულწლოვანი გოგონების თანხმობის საკითხს ეხება. კანონის თანახმად, თუ სქესობრივი მომწიფების ასაკს მიღწეულ „ქალიშვილ გოგონას" ათხოვებენ, მისი დუმილი ავტომატურად განიმარტება, როგორც ქორწინებაზე თანხმობა.
კანონში მკაფიოდ არის გამიჯნული, რომ ეს წესი არ ვრცელდება ბიჭებზე ან განათხოვარ ან დაქვრივებულ ქალებზე — მათ შემთხვევაში დუმილი თანხმობად ვერ ჩაითვლება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს პუნქტი გოგონებს თავდაცვის უკანასკნელ იურიდიულ მექანიზმსაც კი ართმევს, რადგან ტრადიციულ და რეპრესიულ გარემოში შიშის გამო გაჩუმება ახლა კანონიერ თანხმობად იქნება კოდიფიცირებული.

დოკუმენტი ასევე ეყრდნობა ისლამურ სამართალში არსებულ კონცეფციას, რომელსაც „ხიარ ალ-ბულუღი“ (არჩევანის უფლება სქესობრივი მომწიფებისას) ეწოდება. ეს პრინციპი თეორიულად აძლევს უფლებას ბავშვობაში დაქორწინებულ პირს, ზრდასრულობის ასაკის მიღწევისას მოითხოვოს ქორწინების გაუქმება. თუმცა, თალიბანის ახალი დეკრეტის მე-5 მუხლი ამ უფლებას პრაქტიკულად აუქმებს.
ახალი წესების მიხედვით:
თუ მცირეწლოვანი გოგონას ქორწინება მამამ ან მამის მხრიდან ბაბუამ დაგეგმა და შეასრულა, ეს ქორწინება აბსოლუტურად სავალდებულოა. გოგონას არ აქვს უფლება ზრდასრულობისას მისი გაუქმება მოითხოვოს.
თუ ქორწინება ოჯახის სხვა წევრებმა (მაგალითად, ძმამ ან ბიძამ) მოაწყვეს, გოგონას შეუძლია გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თალიბანის სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ქმარი „სოციალური სტატუსით შეუფერებელია“ ან მასზე გაცემული მზითვი იყო შეუსაბამოდ მცირე.
კანონი ოჯახის უფროს მამაკაცებს ანიჭებს შეუზღუდავ, ტირანიულ კონტროლს ბავშვების ბედზე. მამის მიერ ორგანიზებული ქორწინება ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ ერთ უკიდურეს შემთხვევაში — თუ დამტკიცდება, რომ მამა ქორწინების გაფორმების მომენტში იყო ფსიქიკურად შეურაცხადი ან „ცნობილი თავისი მორალური გახრწნილობით“.

ოჯახის ახალი სამართლის კოდექსი არის თალიბანის იმ ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან სრულ ამოშლას.
2021 წლის აგვისტოში, ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დღიდან, თალიბანმა ეტაპობრივად გააუქმა წინა ხელისუფლების ყველა სამოქალაქო კანონი. მათ აკრძალეს გოგონების განათლება მეექვსე კლასის ზემოთ, დაბლოკეს ქალების წვდომა უნივერსიტეტებზე და აუკრძალათ მათ მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საჯარო სექტორში. ქალებს ასევე ეკრძალებათ პარკებში, სპორტულ დარბაზებში სიარული და მამაკაცი მეურვის (მაჰრამის) გარეშე შორ მანძილზე მოგზაურობა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Girls Not Brides“ მიუთითებს, რომ ეკონომიკური კოლაფსისა და შიმშილის ფონზე, ავღანეთში ოჯახები ისედაც იძულებულნი იყვნენ გაეყიდათ მცირეწლოვანი გოგონები გადარჩენისთვის. თალიბანის ახალი დეკრეტი კი ამ ტრაგიკულ პრაქტიკას ოფიციალურ, სახელმწიფოებრივ დაცვას უქმნის.
ექსპერტების განცხადებით, ეს ახალი დეკრეტი კიდევ უფრო დააშორებს თალიბანის რეჟიმს საერთაშორისო აღიარებას და გააღრმავებს ქვეყნის ჰუმანიტარულ კრიზისს.