ესთეტიკურ მედიცინას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიმართავს. თუმცა შედეგებსა და გართულებებზე ბევრს სწორი ინფორმაცია არ აქვს. დერმატოლოგმა ნინო ნიშნიანიძემ სწორედ ასეთ გართულებებზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, გარკვეულმა პროცედურებმა შეიძლება სიბრმავეც გამოიწვიოს.
"ძალიან რთული გართულებები აქვს ესთეტიკურ-ინექციურ პროცედურებს. ყველაზე სავალალო – სიბრმავეა.... ფილერის გაკეთების დროს შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს. ეს არის ცხვირის კორექციის დროს, სახის ე.წ. საცრემლე ღარის შევსების დროს, წარბებს შორისი ე.წ. მრისხანების ნაოჭის შევსების დროს. შემავსებლები ერთ-ერთ დიდ გართულებას ამას გვაძლევს- სიბრმავეს. ჯერჯერობით ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით. აქედან ორი მოხვდა ჩემთან და ყველაფერი კარგად დავამთავრეთ, დროული იყო და აღდგა. იმ ორზე ვერ აღდგა, იმიტომ რომ ძალიან გვიან მოგმართეს.
მეორე გართულებაა ნეკროზები. ანუ, ლპება ფაქტობრივად ქსოვილი, ისევ ფილერს ეხება ეს შემთხვევა, მაგრამ თუ დროულად მიმართავ... ასევე ფილერებს ახასიათებს ძლიერი შეშუპება. თუ არასწორად მოვათავსეთ ფილერი, ლიმფოდრენაჟული სისტემა ირღვევა და ყოველთვის, აი, თითქოს ლოთი კაცივით იღვიძებს პაციენტი, შეშუპებული არის მთლიანი სახე.
...არის პრეპარატის პრობლემაც, იმიტომ რომ ბაზარზე შემოდის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში და ამას იყენებენ ჩვენი კოლეგები, სამწუხაროდ, და ხვდებიან ძლიერი ალერგიული პრობლემების წინაშე, და შემდგომში იმისი მართვა უჭირთ. ეს არის ანაფილაქსიური შოკიც, ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციები, რომელიც საკმაოდ სერიოზულია.
ასევე, დღესდღეობით ბაზარზე ძალიან აქტუალურია – ეს არის პოლირძემჟავები, რომელსაც ახასიათებს გრანულაციური პრობლემები. თითქოს ჩაქვავებული ადგილები ჩნდება იმის ნაცვლად, რომ ლიფტინგი გამოვიწვიოთ. გროვდება ეს შეყვანილი ნივთიერება კანქვეშ, არ ხდება კოლაგენის სტიმულაცია, არასწორად გაზავებულის ან არასწორად შეყვანილი მედიკამენტის გამო, ან ერთ ადგილას დიდი დოზით შეყვანისას, როცა არ გადანაწილდა სხვაგან. მაგრდება იქ შეყვანილი ნივთიერება... ჩამომძიმებული ქსოვილები ბევრ პრობლემას გვიქმნის.
ბოტოქსის გართულებებიდან აღსანიშნავია ფტოზი. ...ჩამოშვებული, ჩამოვარდნილი სახე. შეიძლება ბოტოქსი გავიკეთოთ და ჩვენი წარბები ჩამოეშვას, თვალის ჭრილი ცოტა შემცირდეს, რაც მხედველობაში გვიშლის", - ამბობს ნინო ნიშნიანიძე.
იხილეთ სრული გადაცემა: