რა ემუქრება ადამიანს, რომელიც ცრემლებს ხშირად იკავებს - რა მოსდევს ემოციების "გაყინვას" - მშობლები

რა ემუქრება ადამიანს, რომელიც ცრემლებს ხშირად იკავებს - რა მოსდევს ემოციების "გაყინვას"

2026-05-24 11:58:00+04:00

ბავშვობიდან ბევრს გვესმის ფრაზები — „ნუ ტირი“, „ასეთი სისულელის გამო როგორ ტირი“ ან „ცრემლებით ვერაფერს უშველი“. ხშირად სწორედ ამ სიტყვებით ვსწავლობთ ემოციების დამალვას და წლების განმავლობაში ვეჩვევით, რომ ტირილი სისუსტედ მივიჩნიოთ. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ცრემლების შეკავება ორგანიზმისთვის შეიძლება საზიანოც კი იყოს.

ფსიქოთერაპევტების აზრით, ცრემლებს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ. არსებობს ბაზალური ცრემლები, რომლებიც მუდმივად ატენიანებს და იცავს თვალის რქოვანას, რეფლექსური ცრემლები, რომლებიც თვალში მოხვედრილ მტვერსა და გამაღიზიანებელ ნივთიერებებს „რეცხავს“, და ემოციური ცრემლები, რომლებიც ძლიერი განცდების დროს ჩნდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ემოციური ტირილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ოქსიტოცინსა და ენდორფინებს, რაც შინაგან დაძაბულობას ამცირებს და ემოციური ტკივილის შემსუბუქებაში გვეხმარება.

ექიმის განმარტებით, როდესაც ადამიანი მუდმივად ცდილობს ცრემლების შეკავებას, სინამდვილეში საკუთარ ემოციებს თრგუნავს. ასეთ დროს აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა — ჩქარდება სუნთქვა და პულსი, კუნთები დაძაბულ მდგომარეობაში რჩება და ორგანიზმი სტრესის რეჟიმში გადადის. ერთჯერადად ეს სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ ადამიანი წლების განმავლობაში „არასდროს ტირის“, ეს შეიძლება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახოს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ემოციების მუდმივმა ჩახშობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უძილობა, შფოთვის გაძლიერება, მაღალი წნევა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და კუჭ-ნაწლავის დარღვევებიც კი. დაგროვილი ემოციები ხშირად გაღიზიანებად, აგრესიის შეტევებად ან პირიქით — ემოციურ „გაყინვად“ ვლინდება. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები სტრესისგან თავის დასაღწევად ალკოჰოლს, ზედმეტ ჭამას ან იზოლაციას მიმართავენ, რაც მომავალში დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების რისკს ზრდის.

ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ტირილი სისუსტე არ არის. განსაკუთრებით ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა მათი ემოციები არ უარყონ. თუ ბავშვს მუდმივად ეუბნებიან — „ნუ ტირი“, ის სწავლობს არა საკუთარი გრძნობების გააზრებას, არამედ მათ „გათიშვას“, რაც მომავალში ემოციური რეგულაციის პრობლემებს იწვევს.

სპეციალისტები ურჩევენ ადამიანებს, ემოციების ჩახშობის ნაცვლად ისწავლონ მათი უსაფრთხოდ გამოხატვა. ამაში შეიძლება დაეხმაროს სუნთქვითი პრაქტიკები, ფიზიკური აქტივობა, დღიურის წერა, ახლობელთან საუბარი ან უბრალოდ მშვიდ გარემოში ტირილის უფლების მიცემა საკუთარ თავზე. ზოგჯერ სწორედ ეს არის სტრესისა და მძიმე განცდების გადატანის ყველაზე ბუნებრივი გზა.

თუ ტირილი თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა, უმიზეზოდ ჩნდება ან პირიქით — მძიმე სიტუაციებშიც კი ადამიანი საერთოდ ვეღარ ტირის და ემოციებს ვერ გრძნობს, ექიმები ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქიატრთან კონსულტაციას ურჩევენ.

ბავშვი ცხოვრებაში სულ გამარჯვებული ვერ ივლის, წაგების მერე წამოდგომა უნდა ისწავლოს, ცუდ ემოციებს გაუძლოს და არ გატყდეს - როგორ გავაძლიეროთ ბავშვი ემოციურად
რაც არ უნდა კარგი მშობელი იყოთ, თქვენს შვილს მაინც ექნება ფსიქოლოგისთვის რაღაც მოსაყოლი... შეუძლებელია, ბავშვი ისე გაიზარდოს, რომ ერთხელ მაინც არ შეხვდეს ძლიერი სტრესი ან მძიმე ემოციები