შობადობის ხელშეწყობის მიზნით რუსეთი, სოციალურ პროგრამებსა და ახალ-ახალ ინიციატივებს ააქტიურებს. არასრულწლოვანი ორსულების, სტუდენტი დედებისა და მრავალშვილიანი დედების ფინანსური წახალისების შემდეგ ბებია-ბაბუების ჯერიც დადგა. ბებიებსა და ბაბუებს შვილიშვილების მოვლაში სახელმწიფო ხელფასს გადაუხდის. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება რუსეთის კიროვის ოლქის ხელმძღვანელობამ მიიღო, რომელიც მოსახლეობის შემცირებისა და დაბალი შობადობის პრობლემას წლებია ებრძვის.
ამჯერად ასეთი რამ მოიფიქრეს — ბებია-ბაბუებს, რომლებიც შვილიშვების მოვლას საკუთარ თავზე აიღებენ, ანაზღაურებას გადაუხდიან. თუმცა პროგრამას რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა აქვს.
პირველ რიგში, ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ბავშვი ოჯახის პირველი შვილია. მეორე ან მესამე შვილზე ეს შეღავათი აღარ გავრცელდება. გარდა ამისა, ბებია ან ბაბუა თანხას მხოლოდ მანამდე მიიღებს, სანამ ბავშვი სამ წელს არ მიაღწევს.
გადასახდელი თანხა დედის ასაკზეა დამოკიდებული. თუ ბავშვის დედა 24 წელზე ნაკლებისაა, ბებია-ბაბუას დაახლოებით 600 დოლარის ექვივალენტი რუბლის მიღება შეეძლება. თუ დედა 25 წელზე მეტისაა, თანხა 500 დოლარამდე შემცირდება.
პროგრამა შეეხება იმ ოჯახებს, სადაც ბავშვი 2026 წლის 1 ივლისიდან 2028 წლის 31 დეკემბრამდე დაიბადება. ამ შემთხვევაში ბებია ან ბაბუა ოფიციალურად აიღებს შვილიშვზე ზრუნვის შვებულებას. შესაბამისად, მშობლები დეკრეტულ შვებულებაში ვეღარ გავლენ, რადგან ბავშვის მოვლის ფუნქციას ბებია-ბაბუა შეასრულებს.
კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ოჯახის ყველა წევრი — მშობლები, ბავშვი და ბებია-ბაბუა — კიროვის ოლქში უნდა ცხოვრობდნენ. ამასთან, მშობლები ან სრულ განაკვეთზე უნდა სწავლობდნენ, ან მუშაობდნენ, ან ბიზნესს მართავდნენ და მინიმალური ხელფასის 1.5-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. პროგრამის ავტორების ჩანაფიქრია, რომ ახალგაზრდები შვილებსაც გააჩენენ და სამსახურებსაც შეინარჩუნებენ.
კანონი რეგიონის გუბერნატორისინიციატივით შეიმუშავეს. ხელისუფლების განმარტებით, პროგრამის მიზანი ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერაა, რათა ბავშვის გაჩენის გამო სწავლასა და კარიერაზე უარის თქმა აღარ მოუწიოთ.
გუბერნატორის თქმით, ბევრი 60 წლამდე ადამიანი უკვე მზადაა პენსიაზე გასვლისა და შვილიშვილებზე ზრუნვისთვის, თუმცა ფინანსური საჭიროებების გამო მუშაობის გაგრძელება უწევთ. მისი აზრით, ეს პროგრამა ახალგაზრდა ქალებსაც დაეხმარება, რომლებიც ხშირად შვილის გაჩენას კარიერული პაუზის შიშის გამო აჭიანურებენ.
კანონის მიღებამდე რეგიონში სპეციალური კვლევებიც ჩატარდა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბევრი ბებია და ბაბუა მზად არის შვილიშვზე ზრუნვისთვის დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს. ახალგაზრდებმა კი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ფინანსური არასტაბილურობა და საკუთარი საცხოვრებლის არქონა დაასახელეს.
გუბერნატორის თქმით, თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ოჯახი ხშირად „საბოლოო მიზანს“ წარმოადგენს — ისინი ჯერ განათლებას, კარიერას და ბინის შეძენას ცდილობენ, შემდეგ კი ოჯახის შექმნაზე ფიქრობენ. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი პროგრამა ამ მიდგომის შეცვლას შეუწყობს ხელს.