ზაფხული კიტრისა და პომიდვრის სეზონია. ცხელ ამინდებში ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ამ სალათზე აკეთებს არჩევანს, თუმცა გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამ ორი ბოსტნეული ცალ-ცალკე ჭამა უფრო სასარგებლოა, რადგან რომ კიტრი და პომიდორი ერთმანეთის სასარგებლო თვისებებს „ანეიტრალებენ“.
თუმცა ნუტრიციოლოგების განმარტებით, ეს მოსაზრება ცოტა გადაჭარბებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფერმენტები და C ვიტამინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, ეს პროცესი ძალიან ხანმოკლეა და ვიტამინის მნიშვნელოვან დაკარგვას არ იწვევს.
თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კიტრისა და პომიდვრის სალათი ისეთი სასარგებლოც არ არის, როგორც ბევრს ჰგონია. სალათში ბევრი წყალია, მაგრამ შედარებით ცოტა უჯრედისი და საკვები ნივთიერებები. შედეგად, ის კუჭს ავსებს, თუმცა დანაყრების შეგრძნებას დიდხანს არ ტოვებს.
მაგალითად, 100 გრამ პომიდორში დაახლოებით 1,2–1,5 გრამი უჯრედისია, ხოლო 100 გრამ კიტრში — მხოლოდ 0,5–0,7 გრამი. ანუ 400-გრამიანი სალათიც კი ორგანიზმს დაახლოებით 5 გრამ უჯრედისს აწვდის, მაშინ როცა ზრდასრულ ადამიანს დღეში მინიმუმ 25–30 გრამი სჭირდება.
სპეციალისტები გვირჩევენ - კიტრი-პომიდვრის სალათი რომ უფრო ნოყიერი და სასარგებლო გახდეს, მას რაიმე სახის სხვა ბოსტნეული უნდა დავუმატოთ - კომბოსტო, ავოკადო, სტაფილო, ჭარხალი, ასევე ჩიას, სელის ან მზესუმზირის თესლი და თხილეული, ზეითუნის ზეთი, წითელი ხახვი.
გთავაზობთ რეცეპტს:
მწვანე სალათი კიტრით, ავოკადოთი და ქათმით
ინგრედიენტები:
- 2 ცალიკიტრი
- 1 ცალი ვოკადო
- 100 გრამი ქათმის ფილე
- 100 გრამი დაკონსერვებული სიმინდი
- ნახევარი წითელი ხახვი
- 2 სუფრის კოვზი extra virgin ზეითუნის ზეთი
- 2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
- 2 მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- ქათმის ფილე თქვენთვის სასურველი მეთოდით მოამზადეთ — მოხარშეთ ან შეწვით. შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით.
- კიტრი კარგად გარეცხეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით. წითელი ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით, ავოკადო კი თხელ ნაჭრებად.
- ღრმა ჯამში აურიეთ ხახვი, ავოკადო, კიტრი, ქათმის ნაჭრები და დაკონსერვებული სიმინდი.
- ცალკე მოამზადეთ სოუსი — აურიეთ ლაიმის წვენი და ზეითუნის ზეთი. მიღებული სოუსი სალათს მოასხით, დაამატეთ მარილი და კარგად მოურიეთ.
სპეციალისტების თქმით, ასეთი კომბინაცია უფრო მეტ ცილას, სასარგებლო ცხიმსა და უჯრედისს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის ბევრად სასარგებლოა.