სჭირდება თუ არა ბავშვს ყოველდღე წვნიანი? - რა არის მთავარი ყოველდღიურ კვებაში - მშობლები

სჭირდება თუ არა ბავშვს ყოველდღე წვნიანი? - რა არის მთავარი ყოველდღიურ კვებაში

2026-05-25 09:55:17+04:00

ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ ცხელი წვნიანის გარეშე სადილი სრულფასოვანი არ არის, თუმცა სპეციალისტები განმარტავენ, რომ წვნიანი სავალდებულო კერძი არ არის. ის მხოლოდ თბილი საკვების ერთ-ერთი ფორმაა და არ არსებობს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ბავშვმა აუცილებლად ყოველდღე უნდა მიირთვას. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად დაბალანსებულია ბავშვის რაციონი და იღებს თუ არა ის საკმარის ცილას, ვიტამინებსა და ბოჭკოს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჯანსაღი კვების თანამედროვე მიდგომების მიხედვით, მნიშვნელობა აქვს არა კერძის ფორმას, არამედ ინგრედიენტებს. ამიტომ დაბალანსებული შეიძლება იყოს როგორც წვნიანი, ისე ბოსტნეულით მომზადებული პასტა, პარკოსნები ან სხვა კერძები. მთავარი ისაა, რომ ბავშვს მრავალფეროვანი და სასარგებლო საკვები შესთავაზოთ და არ აიძულოთ კონკრეტული კერძის ჭამა.

რატომ არის ბოჭკო მნიშვნელოვანი?

ბოლო წლებში განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ ბოჭკოს მნიშვნელობაზე. ბოჭკო, ანუ საკვები ბოჭკოები, მცენარეული წარმოშობის ნახშირწყლებია, რომელსაც ორგანიზმი სრულად ვერ ინელებს. მიუხედავად ამისა, ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოჭკოს ის ნაწილი, რომელიც მსხვილ ნაწლავამდე აღწევს, სასარგებლო ბაქტერიებისთვის საკვებად იქცევა და ნაწლავური მიკროფლორის ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

არსებობს ბოჭკოს ორი ძირითადი ტიპი — ხსნადი და უხსნადი. ხსნადი ბოჭკო წყალში იხსნება, კუჭში გელის მსგავს მასას წარმოქმნის და მონელებას ანელებს, რაც სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს ეხმარება. მას შეიცავს შვრია, ლობიო, ვაშლი, ბანანი, ციტრუსები და სხვა პროდუქტები. უხსნადი ბოჭკო კი ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს, ხელს უწყობს საკვების გადაადგილებას და შეკრულობის პრევენციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი ძირითადი წყაროა მთლიანი მარცვლეული, თხილეული, პარკოსნები და ბოსტნეული.

რა სარგებელი აქვს ბოჭკოს?

სპეციალისტების თქმით, საკმარისი რაოდენობის ბოჭკო ამცირებს შეკრულობის რისკს და ხელს უწყობს ნაწლავების გამართულ მუშაობას. ასევე, რადგან ბოჭკო სასარგებლო ბაქტერიების „საკვებია“, ის ნაწლავური მიკროფლორის ჯანმრთელობის შენარჩუნებას ეხმარება. კვლევები აჩვენებს, რომ ბოჭკოთი მდიდარი კვება შესაძლოა ამცირებდეს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკსაც.

ბოჭკო ასევე მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის — ის გლუკოზის სწრაფ შეწოვას აფერხებს, რის გამოც ადამიანი უფრო დიდხანს გრძნობს დანაყრებას და ნაკლებად არის მიდრეკილი ზედმეტი კვებისკენ. სწორედ ამიტომ, ბოჭკოთი მდიდარი რაციონი დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტისა და ჭარბი წონის პრევენციასთან.

გარდა ამისა, ხსნადი ბოჭკო ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებას და დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები ასევე შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს არტერიული წნევისა და ანთებითი პროცესების კონტროლში.

რომელი პროდუქტებია ბოჭკოს კარგი წყარო?

ბოჭკოს დიდი რაოდენობით შეიცავს მთლიანი მარცვლეული, შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ბულგური, ცეხვილი ფქვილის პური და მაკარონი, ასევე ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, თხილეული და თესლები.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გადამუშავებული პროდუქტები ნაკლებ ბოჭკოს შეიცავს. მაგალითად, თეთრი პური ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე მთლიანი მარცვლეულის პური, რადგან დამუშავების პროცესში მარცვლეულის გარსი — ანუ ბოჭკოთი მდიდარი ნაწილი — იშლება. ბოჭკოს რაოდენობა მცირდება წვენის გამოწურვის დროსაც.

რამდენი ბოჭკო სჭირდება ბავშვს?

ბოჭკოს საჭირო რაოდენობა ასაკისა და სქესის მიხედვით იცვლება. დაახლოებით:

  • 1-3 წლის ბავშვებს დღეში 19 გრამი ბოჭკო სჭირდებათ;
  • 4-8 წლის ასაკში — დაახლოებით 25 გრამი;
  • 9-13 წლის ბიჭებს — დაახლოებით 31 გრამი, გოგოებს — 26 გრამი;
  • 14-19 წლის ბიჭებს — დაახლოებით 38 გრამი, გოგოებს — 26 გრამი.

როგორ გავუზარდოთ ბავშვს ბოჭკოს მიღება?

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ნორმების მიღწევა ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან ბავშვებს ხშირად სწორედ ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები არ უყვართ. ამიტომ რეკომენდებულია მათი რაციონში ეტაპობრივად დამატება. მაგალითად, სასარგებლოა ხილის სმუზები, ბოსტნეულის დამატება სხვადასხვა სოუსში, თეთრი პურის ნაცვლად მთლიანი მარცვლეულის პურის გამოყენება და საუზმეზე მთლიანი მარცვლეულის ფანტელების შეთავაზება.

სპეციალისტები ასევე აფრთხილებენ მშობლებს, რომ ბოჭკოს რაოდენობის სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მუცლის შებერილობა და გაზები გამოიწვიოს, ამიტომ ცვლილებები თანდათან უნდა მოხდეს.

ანთების საწინააღმდეგო წვნიანი ნატა გაგუასგან - ერთდროულად წამალიცაა და გასტრონომიული შედევრიც
რა შემთხვევაში არ არის წვნიანების ხშირი მიღება რეკომენდებული და მართლაც სასარგებლოა თუ არა ბოსტნეულისა და ხორცის ნახარში - ნუტრიციოლოგი განმარტავს