თბილისის რომელ უბნებში შეიძლება შეხვდეთ შხამიან გველებს: "კორპუსების სადარბაზოებში თუ ეზოებში გიურზას მოხვედრის შემთხვევები გვაქვს ხოლმე" - მშობლები

თბილისის რომელ უბნებში შეიძლება შეხვდეთ შხამიან გველებს: "კორპუსების სადარბაზოებში თუ ეზოებში გიურზას მოხვედრის შემთხვევები გვაქვს ხოლმე"

2026-05-25 10:36:45+04:00

ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი "დილის LIVE" საუბრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გველმა გვიკბინა და რამდენად ამართლებს ის ხალხური საშუალებები, რომლებიც წლებია, საზოგადოებაშია გავრცელებული:

- ამინდი არეულია, მაგრამ ქვეწარმავლებმა, თავისთავად, უკვე გაიღვიძეს, რადგან ახლა ასეთი პერიოდია. ​რაც შეეხება იმას, თუ რამდენად საპანიკოდ გვაქვს საქმე, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ყოველწლიურად ასე ხდება. ჩვენც, გადაცემას რომ ვიწყებთ ხოლმე, ყოველთვის იმით ვიწყებთ, რომ მოსახლეობაში რაღაც შიში არსებობს. თუმცა, ამის საფუძველი რეალურად არ გვაქვს, ვინაიდან მსგავსი სიტუაცია მილიონობით წლების განმავლობაში იყო. ქვეწარმავლები, მოგეხსენებათ, ძალიან ძველი არსებები არიან და ისინი ამ მიწაზე ყოველთვის ცხოვრობდნენ, დღესაც ასეა. უბრალოდ, ეს ურბანული სივრცე ბუნებრივ არეალშია შეჭრილი და, აქედან გამომდინარე, ქვეწარმავალსა და ადამიანს შორის ეს კონფლიქტი უფრო გამძაფრდა და უფრო ხშირი გახდა. ​ამ ყველაფერს, თავისთავად, სოციალური ქსელიც ეხმარება.

მაგალითად, 20 წლის წინ, როცა იგივე პრობლემა იყო, ინფორმაცია ასე არ ვრცელდებოდა და, აქედან გამომდინარე, ამ კუთხით შედარებით სიწყნარე შეინიშნებოდა. რაც უფრო დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობისთვისაც ეს ამბავი, თავისთავად, მეტად ცნობადი გახდა და გველის "პრობლემაც" უფრო ატაცებულია. ​

დღევანდელ სიტუაციას რაც შეეხება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით გრილი გაზაფხული გვაქვს, ქვეწარმავლებმა, თავისთავად, გაიღვიძეს. ისინი ნებისმიერ კარგ ამინდს აქტიურობისთვის იყენებენ. ზამთრის ძილში ყოფნის პერიოდის შემდეგ, მათ კვება და სითბო სჭირდებათ, თანაც ახლა გამრავლების პერიოდია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მზის გამონათება მათთვის შვებაა და აქტიურობას ეგრევე იწყებენ. ​ეს პერიოდი აპრილიდან დაიწყო, მარტი მაინც შედარებით გრილი იყო. წლების წინ, დაახლოებით 5-6 წლის წინ, აქტიურობა მარტის 15 რიცხვიდან იწყებოდა ხოლმე. თუმცა, ალბათ, კლიმატურმა პირობებმა სიტუაცია ცოტათი შეცვალა. მარტი ძალიან ცივია ხოლმე, თოვლია და ასე შემდეგ. აპრილიც ძალიან არეული გახდა და ქვეწარმავალთა გამოღვიძება სადღაც აპრილის დასაწყისიდან, პირველი კვირებიდან დაიწყო. მას შემდეგ კი ისინი ხალხშიც, ურბანულ სივრცეებში თუ სკვერებში გამოჩნდნენ.

​- ურბანულ სივრცეებში რომელ ქვეწარმავლებსაც ვხვდებით, ისინი შხამიანები არიან? ზოგადად, საქართველოში შხამიან გველებს ვხვდებით? ​

-კი, რა თქმა უნდა. საქართველოში შხამიანი გველები, რა თქმა უნდა, გავრცელებულები არიან. ესენი გველგესლას წარმომადგენლები, მათ შორის გიურზა გახლავთ. გველგესლებს - კავკასიურ გველგესლას, ცხვირრქოსანსა და სხვებს - ძირითადად მთის ზონებში ვხვდებით. ისინი დაბლობიდან დაწყებული დაახლოებით 3000 მეტრამდე სიმაღლეზე ბევრგან შეგვხვდება. თბილისთან ყველაზე ახლოს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გიურზაა. ​თბილისის მუნიციპალიტეტში, კოჯრის, მსხალდიდისა და წყულეთის მიმართულებით, ცხვირრქოსან გველგესლას ვხვდებით. თუმცა, ის ზონა უფრო ბუნებრივი არეალი და ველური ბუნებაა, რის გამოც იქაური ხალხი გველის არსებობას მიჩვეულია. აი, რაც შეეხება გიურზას, ეს გველი საქართველოში თავისთავად ყველაზე საშიშია. ის უფრო ჟღერადია და ყველამ იცის, რომ თუ გიურზაა, რაღაც საშიშია, ხალხს მისი ეშინია. მაგრამ, ეს მაინც ასე არ არის. გიურზა კი, შხამიანია, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს მასიური გველია, რომლის ნაკბენიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს. ​

- საცხოვრებელ სახლშიც ქვეწარმავლებს ძალიან ხშირად ვხვდებით, მათ შორის თბილისში გიურზაც დაფიქსირებულა. როგორ უნდა ავარიდოთ ჩვენი საცხოვრებელი სახლი ამ საფრთხეს. რა იწვევს და რა უყვარს გველს ისეთი, რაც მას სახლში ან საცხოვრებელ გარემოში შემოსასვლელად იზიდავს? ​

- ისეთ სიტუაციაში, სადაც გველების გავრცელების არეალია, თავის დაცვა ჩვეულებრივი მეთოდებით ძალიან რთულია, ვინაიდან რაიმე ისეთი ქმედითი პრეპარატები ან ბიოლოგიური საშუალებები, რომლებიც გამოყენების შემდეგ დაგვიცავს, არ არსებობს. გოგირდის დაწვა ეფექტური არ არის, სამწუხაროდ, მათ არანაირი ეფექტი არ აქვთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეზოს მოვლა, მწვანე საფარისა და ბუჩქნარების ისე გაკრეჭაა, რომ ღერო გამოჩნდეს და მთავარი განტოტვა ზევით დარჩეს. ტერიტორიაზე მასალები, ნარჩენები და მსგავსი ნივთები არ უნდა ეყაროს და მღრღნელები არ უნდა გვყავდეს, რადგან თაგვი თუ არის, ის გველს, როგორც საკვები, იზიდავს. მერე, თუ შემოვიდა, იქ აღარ გაჩერდება, რადგან თავშესაფარი არ უნდა ჰქონდეს. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ქმედებებია საჭირო. ღობე კი ყველაზე კარგი საშუალებაა, ოღონდ ისეთი, რომელზეც გველი ვერ გადავა - კარგად გალესილი ან ისეთი ზედაპირის მქონე, რომელზეც მოჭიდება გველს არ ექნება.

​რაც შეეხება თბილისში გიურზას მოხვედრის თემას, მისი გავრცელების არეალი თბილისთან ძალიან ახლოსაა. ყველაზე ახლოს ლილოდან დაწყებული, აეროპორტი, ალექსეევკა, აფრიკა, ფონიჭალა, ორთაჭალა, კრწანისი და შინდისი - აი ეს ზონები ბუნებრივად გიურზასა და სხვადასხვა გველის გავრცელების არეალი გახლავთ. აქედან გამომდინარე, რადგან ეს უბნები ბუნებრივ არეალთან ახლოს მდებარეობს, ურბანულ სივრცეში, კორპუსების სადარბაზოებში თუ ეზოებში გიურზას მოხვედრის შემთხვევები გვაქვს ხოლმე.

- როგორ ვიქცევით ასეთ დროს?

- თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არსებობს, რომელიც მსგავს შემთხვევებზე რეაგირებს და მოქალაქეებს ეხმარება. სხვა სიტუაციებში ასეთი სამსახურები არ ფუნქციონირებს. მე კომპანია "ორკინის" წარმომადგენელი ვარ და იქ ამ მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ჩვენ ამხელა მასშტაბები არ გვაქვს, რის გამოც მხოლოდ კერძო ბიზნესებს ვემსახურებით. ​იქ ქვეწარმავლებთან დაკავშირებით დახმარების გაწევა ძალიან რთულია, მაგრამ ერთადერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ გველის დანახვისას მისი მიმართულებით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეთ. მით უმეტეს, თუ ვიცით, რომ იმ ტერიტორიაზე გიურზა ბინადრობს. მისი მიმართულებით არ უნდა გადავადგილდეთ, არ უნდა ვეცადოთ მის დაჭერას, მოკვლას ან შეწუხებას, რადგან, სტატისტიკურადაც, დაკბენის შემთხვევები ზუსტად ასეთ დროს ხდება.

ძირითად შემთხვევაში, ქვეწარმავალი ადამიანის დანახვისთანავე გარბის, გიურზა იქნება ეს თუ სხვა სახეობა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ის სახლში გვხვდება. ასეთ დროს რთულია იმის თქმა, რომ უბრალოდ არ შევაწუხოთ, რადგან, როდესაც ის ოთახში, სარდაფში ან ადამიანის აქტივობის ზონაშია, თავისთავად საფრთხეს წარმოადგენს. ასეთ სიტუაციაში, ვისაც არ ეშინია, გარკვეული ზომები უნდა მიიღოს.

-​ იმ შემთხვევაში, თუ გველმა გვიკბინა, რა არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი? ხალხური მეთოდით შხამის გამოწოვა ან წყლით ჩამობანა რამდენად მართებულია? ​

- ნაკბენი რამდენიმე სახისაა. არაშხამიანი გველის კბენა რეალურად არანაირ გართულებას არ იწვევს. გარკვეული სახეობის გველებს დუვერნოის ორგანო აქვთ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კბენის შემთხვევაში მოქმედებს. ზოგიერთ სახეობას, მაგალითად, წყლის ანკარას, ღეჭვა ახასიათებს. ამ პროცესში ის ანესთეზიის მსგავს სითხეს გამოყოფს, რათა თევზის გაჩერება შეძლოს, რადგან მისი დაჭერა ძალიან რთულია. თუმცა, ამ ნერწყვის გამოსაყოფად და ჩვენს ორგანიზმში მოსახვედრად მან ძალიან დიდხანს უნდა ღეჭოს. თუ ამ სითხის მიმართ ალერგია არ გვაქვს, ეს ორგანიზმზე არანაირ ეფექტს არ ახდენს. ​ალერგიის არსებობის შემთხვევაში, გარკვეული პროცესების დაწყებას მაშინვე ვიგრძნობთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს სერიოზული არაფერია. თანაც, ამისთვის დიდი დროა საჭირო. კბენისას გველს დიდხანს ვერავინ გააჩერებს, ქვეწარმავალი ადამიანს კბენისთანავე ეგრევე უშვებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გველი შხამიანია, ან თუნდაც სხვა სახეობისაა (რომელთა კბენაც გიურზასთან შედარებით იმდენად საშიში არ არის და პატარა მკურნალობით გვარდება), პირველ რიგში 112-ში უნდა დავრეკოთ. ​დაკბენის შემდეგ მშვიდ მდგომარეობაში უნდა დავსხდეთ ან დავწვეთ, ფეხები კი იატაკზე ან მიწაზე უნდა გვედოს და ექიმებს ასე დაველოდოთ. ამ დროს დიდი რაოდენობით სითხე უნდა მივიღოთ - იგულისხმება არაალკოჰოლური და უკოფეინო სასმელები.

ამ პერიოდში, თუ შაქრიანი დიაბეტი არ გვაქვს, დექსამეტაზონის მიღებაც შეიძლება. ზოგიერთი ექიმი ამ პრეპარატს იმის გამო, რომ ჰორმონებს შეიცავს, ეჭვით უყურებს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანისას გველის კბენის შემთხვევაში დექსამეტაზონს აუცილებლად გვიკეთებენ. ასევე, თუ დაბალი წნევა არ გვაქვს, შარდმდენს ვიყენებთ, რადგან მიღებული დიდი რაოდენობით სითხე ორგანიზმიდან უნდა გამოვიდეს. წყალი შხამის ნეიტრალიზაციაში გვეხმარება. ​ამასობაში, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავიდოთ ლახტი, არ უნდა დავისეროთ, არ უნდა დავიწვათ ნაკბენი ადგილი და არც ხელის ან თითის მოჭრა უნდა ვეცადოთ (მსგავსი შემთხვევები ადრე ფიქსირდებოდა).

შხამის ამოწოვა იმდენად უმნიშვნელო მოქმედებაა, რომ იმ რისკად არ ღირს, რაც პირის ღრუში არსებული პატარა დაზიანებიდან შხამის სისხლში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს. ეს გავრცელებული შეხედულებები მითებია, რომლებმაც შეიძლება ჯანმრთელობას უფრო მეტად ავნოს. ​ყველაზე საშიში, რაც შეიძლება ძალიან იშვიათად განვითარდეს, ანაფილაქსიური შოკია - ისეთივე, როგორიც კრაზანის ან ფუტკრის კბენისას ემართებათ ხოლმე ადამიანებს. ასეთ დროს მხოლოდ ადრენალინი შველის, თუმცა მისი გამოყენებისას უმჯობესია ექიმის რეკომენდაციით ვიხელმძღვანელოთ. ​რაც შეეხება რძის მიღებას, ის ორგანიზმს არც ვნებს და არც რამით ეხმარება, თუმცა თავად გველი რძეს საერთოდ არ სვამს, ამასაც აუცილებლად დავაყოლებ. აი, ეს არის ის მოკლე რჩევები, რომლებიც გველის დაკბენისას უნდა გავითვალისწინოთ.