სამხრეთ კორეაში 22 წლის ქალის საქმე დიდ სკანდალად იქცა. სეულის პოლიცია ახალგაზრდა ქალს სერიულ მკვლელობებში ეჭვმიტანილად მიიჩნევს. ოფიციალურად დადასტურებულია ორი გარდაცვლილი მამაკაცი, თუმცა გამომძიებლები ფიქრობენ, რომ შესაძლო მსხვერპლი ბევრად მეტი შეიძლება იყოს. საქმე განსაკუთრებით მას შემდეგ გახმაურდა, რაც სოციალურ ქსელებში ეჭვმიტანილის ფოტოები გავრცელდა და მისმა გარეგნობამ საზოგადოების ნაწილის უცნაური რეაქცია გამოიწვია — ზოგი მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ გოგო „ზედმეტად ლამაზია ციხისთვის“.
პირველი შემთხვევა 2026 წლის 29 იანვარს მოხდა. სეულის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელმა პოლიციას შეატყობინა, რომ ნომერში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი არ იღვიძებდა. ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს. დაახლოებით 12 დღის შემდეგ ანალოგიური შემთხვევა კიდევ ერთ სასტუმროში მოხდა — კვლავ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
მალევე პოლიციამ 22 წლის გოგო დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მან სოციალურ ქსელში მორიგი სელფი გამოაქვეყნა. დაკითხვისას გოგო ამტკიცებდა, რომ მამაკაცებს მხოლოდ დამამშვიდებელ საშუალებას აძლევდა და მათი დაძინება უნდოდა. მისი თქმით, არ იცოდა, რომ ამას სიკვდილი შეიძლებოდა გამოეწვია. მოგვიანებით, როდესაც გამოძიებამ დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვა, ბრალდებებს მკვლელობის მუხლიც დაემატა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შემთხვევები სასტუმროებში პირველი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში გოგომ საკუთარ შეყვარებულს სასმელი მისცა, რომელიც, მისი თქმით, დაღლილობას ხსნიდა. დაახლოებით 20 წუთში ბიჭმა გონება დაკარგა და მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოვიდა გონს. მოგვიანებით მან პოლიციას მიმართა.

გამომძიებლების ინფორმაციით, ამის შემდეგ გოგო ინტერნეტში, მათ შორის ChatGPT-ში, ინტერესდებოდა, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა საძილე საშუალებებისა და ალკოჰოლის შერევას და შეიძლებოდა თუ არა ეს სასიკვდილო ყოფილიყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ შემდეგ შემთხვევებში მან უკვე უფრო მაღალი დოზები გამოიყენა.
ერთ-ერთ შემთხვევაში გოგომ მამაკაცი სასტუმროში მიიყვანა და სასმელში დამამშვიდებელი საშუალება შეურია. მოგვიანებით ანალოგიური შემთხვევა კიდევ განმეორდა. სპეციალისტების თქმით, დროთა განმავლობაში ის სულ უფრო იზოლირებულ ადგილებს არჩევდა და თავდაპირველისგან განსხვავებით, სასწრაფოს გამოძახებაზეც უარს ამბობდა.
გოგოს შესახებ საჯაროდ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ის 22 წლისაა, არ მუშაობდა და ნაცნობებს ეუბნებოდა, თითქოს მოდის ფაკულტეტზე სწავლობდა. სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად თითქმის ერთნაირ სელფებს აქვეყნებდა.
საქმემ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მომხმარებლებმა მისი ანგარიში იპოვეს. რამდენიმე დღეში მისი გამომწერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და კომენტარებში ბევრი წერდა, რომ გოგოს გარეგნობა სასამართლომაც უნდა გაითვალისწინოს. ნაწილი პირდაპირ ამტკიცებდა, რომ „ასეთი ლამაზი ადამიანი დამნაშავე ვერ იქნება“.

გამომძიებლები ახლა იმ მამაკაცებს ამოწმებენ, რომლებსაც გოგო ბოლო თვეებში შეხვდა. პოლიციის ყურადღება მიიქცია რამდენიმე საეჭვო შემთხვევამაც — მამაკაცები, რომლებმაც მასთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგეს ან ცუდად გახდნენ.
ერთ-ერთმა მამაკაცმა ჟურნალისტებს უამბო, რომ გოგოსთან მთელი დღე გაატარა, რესტორნებსა და კარაოკე-ბარებში დადიოდნენ და ყველა ხარჯს თავად იხდიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგომ სწორედ იმ პერიოდში იყიდა იგივე საშუალება, რომელიც შემდეგ დანაშაულებში ფიგურირებდა.
საქმეს კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილთა ოჯახების ბრალდებები. მათი თქმით, პოლიციამ ეჭვმიტანილი სათვალთვალო კამერების დახმარებით უფრო ადრე ამოიცნო, თუმცა დროულად არ დააკავა. ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ პირველი შემთხვევის შემდეგ რეაგირება რომ მომხდარიყო, მეორე მსხვერპლი გადარჩებოდა.