მარტივი წესები, რომლებიც დიდ უბედურებას აგაცილებთ თავიდან - ღია ფანჯარა რომ ბავშვისთვის უსაფრთხო იყოს - მშობლები

მარტივი წესები, რომლებიც დიდ უბედურებას აგაცილებთ თავიდან - ფანჯრის გაღებისას რომ მშვიდად იყოთ

2026-05-26 10:23:04+04:00

მარტივი წესები, რომლებიც დიდ უბედურებას აგაცილებთ თავიდან - ფანჯრის გაღებისას რომ მშვიდად იყოთ

თბილი დღეების დაწყებასთან ერთად სახლში ფანჯრები სულ უფრო ხშირად იღება და სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილება. პატარა ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ზოგჯერ ერთი წამიც კი საკმარისია საფრთხის შესაქმნელად. არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომლის დაცვაც დიდ უბედურებას აგარიდებთ თავიდან.

ფანჯარასთან ახლოს არ დატოვოთ ავეჯი

ფანჯრებთან არ უნდა იდგეს ისეთი ავეჯი, რომელზეც ცნობისმოყვარე ბავშვი შეიძლება აძვრეს. ეს შეიძლება იყოს სკამი, სავარძელი, ტუმბო ან სხვა ნივთი, რომელიც ბავშვს ფანჯრამდე მისვლას გაუადვილებს.

ასევე მნიშვნელოვანია მუდმივად აკონტროლოთ, რომ ვინმემ შემთხვევით ისევ არ მიაჩოჩოს ავეჯი ფანჯარასთან.

მეტალოპლასტმასის ფანჯრები სრულად არ გამოაღოთ

თუ სახლში თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯრები გაქვთ, სპეციალისტები გვირჩევენ, ისინი ბოლომდე არასოდეს გამოაღოთ. მხოლოდ განიავების რეჟიმი გამოიყენეთ — როდესაც ფანჯრის ნაწილი ოდნავ არის გადმოხრილი და არა მთლიანად ღია.

გამოიყენეთ ფანჯრის დამცავი სისტემები

დღეს ბაზარზე უამრავი უსაფრთხოების სისტემა არსებობს — სპეციალური საკეტები, ბლოკატორები, დამცავი ცხაურები, გასაღებით ჩამკეტი სახელურები და სხვა მექანიზმები, რომლებიც ბავშვს ფანჯრის დამოუკიდებლად გაღების საშუალებას არ მისცემს.

არასოდეს ენდოთ მწერების ბადეს

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ მწერებისგან დამცავი ბადე ბავშვსაც დაიცავს, თუმცა ეს ძალიან საშიში შეცდომაა. ასეთი ბადეები ადამიანის წონისთვის გათვლილი არ არის და ხშირად კატის სიმძიმესაც კი ვერ უძლებს, ბავშვზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პირიქით — ბადე ბავშვს უსაფრთხოების ცრუ განცდას უქმნის და სწორედ ეს ზრდის ტრაგედიის რისკს.

შეაფასეთ ბავშვის ძალა სათანადოდ

პატარა ბავშვებიც კი ბევრად უფრო ძლიერები, მოხერხებულები და მოძრავები არიან, ვიდრე ხშირად გვგონია. მათ შეუძლიათ სწრაფად გადაადგილება, სკამზე აძრომა ან ფანჯრის სახელურის ჩამოწევაც, ამიტომ უსაფრთხოების ზომები ყოველთვის მაქსიმალური უნდა იყოს.

შექმენით „აკრძალული ზონა“ ფანჯრებთან და აივანთან

სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ფანჯრებისა და აივნის კარების გარშემო „მიუწვდომელი ზონა“ შექმნან. მაგალითად, იატაკზე შეგიძლიათ წებოვანი ლენტი დააწებოთ და ბავშვს აუხსნათ, რომ ამ ხაზს არ უნდა გადააბიჯოს.

აუხსენით ბავშვს საფრთხე

აუცილებელია ბავშვთან ხშირად ისაუბროთ და აუხსნათ, რატომ არის საშიში ფანჯრის რაფაზე აძრომა ან ფანჯრიდან გადახედვა. რაც უფრო ადრე გაიგებს ბავშვი საფრთხეს, მით უფრო ფრთხილი იქნება.

და ყველაზე მთავარი — ბავშვი უყურადღებოდ არასოდეს დატოვოთ

სპეციალისტების თქმით, მთავარი და ყველაზე ეფექტური უსაფრთხოების ზომა მაინც მშობლის ყურადღებაა. პატარა ბავშვები წამებში ახერხებენ საფრთხის შექმნას, ამიტომ მათი მარტო დატოვება, განსაკუთრებით ღია ფანჯრებთან ან აივანთან, უკიდურესად საშიშია. ამის შანსი იზრდება სტუმრიანიბისას ან რაიმე განსაკუთრებული მზადებისას. ამიტომ იმ დღეებში, როცა თქვენი ოჯახური რუტინა რამდენადმე შეცვლილია, ბავშვს თვალი არ მოაშოროთ.