- მიჭირდა, რომ ერთიანი სურათი დამენახა და რატომღაც ჩემს ბავშვობაში ვიყავი დეტალებზე ორიენტირებული,ერთიან სურათს ვერასდროს ვხედავდი. აქვს ეგ უნარი უმეტესობას, რომ ერთიან სურათს აღიქვამდნენ. და მე, მაგალითად, შეიძლება ვერ დამემახსოვრებინა ადამიანი, მაგრამ იმის სუნი დამემახსოვრებინა, წამწამი — რაღაც დეტალს ვიღებდი, დავასკანირებდი ამ დეტალს. მაგალითად, ძალიან დიდი ხანი არ ვიცოდი, რომ ხედავენ მთლიანად ქუჩას და მისამართებს და ადგილს. მე ვუყურებდი ალბათ უფრო დეტალებს, წარწერებს… თითქოს დეტალებით აწყობ სამყაროს და ერთიან სურათს ვერ ხედავ.
თავიდანვე ვგრძნობდი, რომ განსხვავებული ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ მესმოდა რაღაცები ჩემს ოჯახში და გარემოსგან. იყო ხოლმე შედარებები, შეფასებები, სხვა ბავშვებთან შედარებები ისმოდა ხშირად. ვერ ვეთამაშებოდი ბავშვებს, არ გავდიოდი სახლიდან, არ ჩავდიოდი ეზოში. მაგიდის ქვეშ ვიყავი ხოლმე შემძვრალი სულ. ძალიან მიჭირდა ადამიანებთან კონტაქტი, ბავშვებთან თამაში. ცუდად ვხდებოდი. ეგ შეგრძნება ძალიან დიდი ხანი გამომყვა — ალბათ 18 წლამდე, შეიძლება მეტიც, 20 წლამდეც. უცხო ადამიანის დანახვაზე საშინელი ნერვიულობა მქონდა. ახალ გარემოში, სტუმრად სიარული... საერთოდ სახლიდან გასვლა ძალიან მიჭირდა. სულ ვხატავდი, ვკერავდი, ვძერწავდი — ეს იყო ჩემი სამყარო...13 წლამდე საერთოდ არ მყავდა მეგობარი. მახსოვს, როგორ ვტიროდი ღამე - ნეტა ერთი მეგობარი მყავდეს-მეთქი.
...დედაჩემი ექიმი იყო და ფსიქოლოგთან დავყავდი, უკვე პატარა რომ ვიყავი. მაშინვე იცოდნენ, რომ აუტისტური სპექტრი მაქვს. მახსოვს ზეწოლა დედაჩემზე — ეუბნებოდნენ, ნანატრი ბავშვია და იმიტომ არის გათამამებულიო. დედაჩემი ასაკში იყო, როცა გამაჩინა. ჩემამდე ბავშვები ჰყავდა დაკარგული და მე ვიყავი მესამე მცდელობა...
სულ „გაფუჭებულს“ მეძახდნენ... ერთი და იგივე ტანსაცმელი უნდა მცმოდა, არ ვჭამდი, ვიყავი ჩაკეტილი, არ ვლაპარაკობდი, ვწრიპინებდი სკოლაშიც მიჭირდა ხმის ამოღება. სკოლაშიც ტირილებით და ჩაწყობით მიმიღეს. ტესტი ვერ გავიარე. ძალიან იშვიათად დავდიოდი სკოლაში. დედაჩემი ამბობდა, ავად არისო. მახსოვს, თვეები ვიწექი საწოლში და იქ მოჰქონდათ ფანქრები, პასტელები… სულ ვხატავდი. საათობით არ მეძინა.
მერე ვწერდი ხოლმე. საკუთარ თავზე მესამე პირში ვწერდი — „მარიამს არ შია“… არ ვიცი, რატომ მიჭირდა ხმის ამოღება, ჩემი თავის აღქმა მიჭირდა. ხშირად ვიკარგებოდი — ვინ ვარ, რა ვარ, რატომ… ვგრძნობდი, რომ რაღაც არ იყო ნორმალურად. უცნაური ვიყავი... ყბას ვჭიმავდი, ფეხებს ვჭიმავდი, სულ ცერებზე დავდიოდი. მქონდა რიტუალებიც — სათამაშოებს ძილის წინ სათითაოდ ვეუბნებოდი: „მიყვარხარ, არ ინერვიულო, ტკბილი ძილი".
მახსოვს ფსიქოლოგი — ჩემი პირველი მეგობარი იყო. მახსოვს მისი სახლის სუნი, გლობუსი ჰქონდა და ძალიან მომწონდა. თავიდან ტირილით მიმიყვანეს...
დედაჩემი რომ გარდაიცვალა, 15 წლის ვიყავი. ძალიან დამოკიდებული ვიყავი დედაზე. 14 წლამდე მაბანავებდა კიდეც. ყველას ეგონა, რომ მის გარეშე ვერ გადავრჩებოდი. დედაც დარწმუნებული იყო ამაში. ბოლო სიტყვებიც ეგ იყო — მეუბნებოდა: „შენ სხვანაირი ხარ, ეს სამყარო სასტიკია, გამოგიყენებენ, დაიკარგები“...
არ მინდა ვთქვა რითი გარდაიცვალა. რვა წელი ებრძოდა დაავადებას.
პატარა ვიყავი და თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მეუბნებოდნენ, საავადმყოფოშია და მალე დაბრუნდებაო. მერე რომ ვნახე — ძალიან გამხდარი, აპარატებზე შეერთებული… მანჯღრევდა და მეუბნებოდა: „შენ უნდა გადარჩე, უნდა იყო ძლიერი, მე აღარ ვიქნები“.
მე ვეჩხუბე — „არაფერიც არ მოხდება“-მეთქი. თითქოს ძალით მაჩხუბა. მანამდე თუ რამე მიჭირდა, ჩემს სამყაროში ვიკეტებოდი — შეიძლება ორი კვირა არ მელაპარაკა არავისთვის, მარტო მეხატა... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.
დერეფანში რომ გამოვედი, მაშინ წამომივიდა ცრემლები. გავიქეცი, რომ არავის ენახა ჩემი ტირილი. პირველად წავედი სახლში მარტო სამარშრუტოთი და მთელი გზა ვტიროდი.მეგონა, თუ ბევრს ვიტირებდი და ვილოცებდი, არ მოკვდებოდა...
მერე რამდენიმე დღეში დილით მითხრეს, რომ გარდაიცვალა.
სახლში ხალხი იყო, უკვე გეგმავდნენ — ავეჯი სად დადგმულიყო, ვინ რას წაიღებდა… ძალიან სასტიკად მახსოვს ეგ ყველაფერი. არავინ ზრუნავდა ემოციურად ჩემზე.ვიღაც ქალმა მითხრა: „ქალი ყველაზე ძლიერი არსებაა, ნახე, მამაშენი როგორი განადგურებულია“. და თითქოს მე ვიყავი მეათეხარისხოვანი — ვისაც სტკივა ეს ყველაფერი.
მეც არ ვტიროდი, იმიტომ, რომ მამაჩემი მეცოდებოდა...
მახსოვს დასაფლავებაზე ერთი ბიჭი — დედა მასაც არ ჰყავდა. ხელი მომკიდა და მითხრა: „არ იყო ჩვარი, შეხედე და დაემშვიდობე“. ძალით მიმიყვანა კუბოსთან. ეს იყო კოშმარი. რაც გახსოვს დედასთან შეხება — რბილი, თბილი — უცებ სხვა სხეულია. ამან დამანგრია...
....ამის მერე დავიწყე გადარჩენა. გადავწყვიტე, რომ უნდა მესწავლა ცხოვრება. თითქოს საკუთარ თავს დედობა დავუწყე.
კარადაში ვიკეტებოდი, ვტიროდი, საკუთარ თავს ვეხუტებოდი და ვეუბნებოდი: „კარგად იქნება ყველაფერი“. მერე გამოვდიოდი, ვიწმენდდი ცრემლებს და ვამბობდი: „აჰა, საჭმელი უნდა გააკეთო, უნდა იმეცადინო“.ემოციები ნულზე ჩამოვიყვანე. ჩამოწერილი მქონდა — ეს უნდა გააკეთო, თუ გინდა გადარჩე... და უბრალოდ ვშრომობდი.
ღამე მქონდა შეგრძნება, თითქოს მე ვიყავი დედაჩემი. ვფიქრობდი, რას გრძნობდა ბოლო წუთებში. საკუთარი თავი არ მეცოდებოდა — ის მეცოდებოდა...
პიანინოზე უკრავდა და პიანინო ვიყიდე. ზედ მისი სურათი მიდევს. პატარა რომ ვიყავი და ცუდად ვიყავი, ღამე სასაფლაოზე ავდიოდი მარტო. ძალიან უცნაური ბავშვური პასუხისმგებლობები დამეკისრა. მეგონა, ახლა მე უნდა მიმეხედა სახლისთვის. კარადაში ვიკეტებოდი, მერე გამოვდიოდი და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას.
შეიძლება ვერ მივხვდე ხოლმე, ვინ რას ფიქრობს ჩემზე. ზოგჯერ საკუთარ თავზეც არ ვფიქრობ. ჩემთვის ცხოვრება არის — უნდა იმუშაო, იზრუნო, ვიღაც კარგად იყოს.
ახლა რომ ვიხსენებ, მგონია მნიშვნელოვანია, არ წავშალოთ ვინ ვართ. ყოველდღიურობაში ვემსგავსებით რობოტებს — ეს უნდა გაკეთდეს, ის უნდა გაკეთდეს…და როცა იმ პატარა მარიამზე ვფიქრობ, რომელიც კარადაში იკეტებოდა და ტიროდა — მაშინ ხშირად წარმოვიდგენდი დროის მანქანას. თითქოს დიდი მარიამი მოდიოდა პატარა მარიამთან, მეფერებოდა და მეუბნებოდა:„ყველაფერი გამოგივიდა. შენ გადარჩი.“