ესპანელმა მსახიობმა პენელოპა კრუსმა პირველად ისაუბრა მძიმე დიაგნოზზე, რომლის შესახებაც ახალი ფილმის გადაღებების დაწყებამდე შეიტყო. 52 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ფილმ „შავი ბურთის“ გადაღებების პერიოდში სიკვდილის შიში მუდმივად თან სდევდა — ექიმებმა მას ტვინის ანევრიზმა დაუდგინეს.
კრუსმა ამის შესახებ კანის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიაგნოზის გაგების შემდეგ ეგონა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მომკვდარიყო.
„როცა ფილმის გადასაღებად ვემზადებოდით, მითხრეს: „თქვენ ტვინის ანევრიზმა გაქვთ“. მაშინ მეგონა, რომ მალე მოვკვდებოდი. ყველაფერი სრულიად არარეალურად მეჩვენებოდა. მაგრამ გადაღებები უბრალოდ ვერ გაჩერდებოდა. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს თემებზე საუბარი“, — განაცხადა მსახიობმა.
პენელოპა კრუსმა განსაკუთრებით აღნიშნა, რამდენად დიდი მხარდაჭერა მიიღო გადასაღებ მოედანზე კოლეგებისგან. მისი თქმით, მხოლოდ გადამღებმა ჯგუფმა იცოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველა დეტალი და სწორედ ისინი დაეხმარნენ ყველაზე რთულ პერიოდში.
„მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, თუ სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ ასეთმა პერსონაჟებმა და ემოციურმა დატვირთვამ. ყველაფერს გადამღებ ჯგუფთან ერთად გადიხარ. მხოლოდ მათ იცოდნენ ჩემი მდგომარეობის შესახებ სრული სიმართლე და წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა გამიწიეს“, — აღნიშნა მსახიობმა.
ანევრიზმა თავის ტვინის სისხლძარღვების მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა ძალიან საშიში გახდეს და ინსულტიც გამოიწვიოს.
პენელოპა კრუსი წელს კანის კინოფესტივალზე ახალი ფილმის — „შავი ბურთის“ — გამო ჩავიდა. ფილმი ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა და მისმა რეჟისორებმა, ხავიერ კალვომ და ხავიერ ამბროსიმ, საუკეთესო რეჟისურისთვის კანის პრემია მიიღეს.
პენელოპა კრუსი მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მსახიობია. მაყურებელი მას კარგად იცნობს ფილმებიდან „ვიკი კრისტინა ბარსელონა“, „ვანილის ცა“, „კოკაინი“, „პარალელური დედები“ და „მთავარი როლი“. ის პირველი ესპანელი მსახიობი გახდა, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო.
2010 წლიდან მსახიობი ხავიერ ბარდემზეა დაქორწინებული. წყვილი ორ შვილს ზრდის — 15 წლის ვაჟს, ლეონარდოს, და 12 წლის ქალიშვილს, ლუნას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უწევთ ამერიკაში მუშაობა და გადაღებები, ოჯახი ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.