დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, წნევის წამლების მიღებამ გამოიწვიოს:
- რა თქმა უნდა, არტერიული ჰიპერტენზია და არტერიული ჰიპერტენზიით განპირობებული დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის კუთხით მოწინავე ადგილზე ითვლება. ხშირად არის ხოლმე რეალურად ცხოვრების ხარისხსა და ცხოვრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის მითები და რეალობები. ბოლო დროის განმავლობაში ცხოვრების ხანგრძლივობა მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, ამაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ამ მედიკამენტების შექმნა-გამოგონებაა, რომლებიც დაახლოებით 1970 წლიდან იწყება. არტერიული ჰიპერტენზიით განპირობებული სიკვდილიანობა, რა თქმა უნდა, დღესაც გვაქვს, მაგრამ რაც ეს მედიკამენტები შეიქმნა,სტატისტიკურად მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ორგანიზმში ორი სისტემა არსებობს: ეს არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ჰორმონალური კასკადის სისტემა, ადამიანის ორგანიზმში წნევას არეგულირებს. ანუ, ერთი მხრივ, წნევა რომ დაიჭიროს, მეორე მხრივ კი სითხეს არეგულირებს, ანუ ადამიანი დეჰიდრატაციაში რომ არ წავიდეს - მისი დანიშნულება ზუსტად ეს არის. მეორე მხრივ გვაქვს სიმპატიკური ნერვული სისტემა, რომელიც ნორეპინეფრინს გამომუშავებს. ეს ნორეპინეფრინი კი, მოგეხსენებათ, გულისცემის სიხშირეს ზრდის, ვაზოკონსტრიქციას, ანუ სისხლძარღვების შევიწროებას ახდენს და ამით ორგანიზმში წნევა იზრდება. შესაბამისად, 1898 წლიდან ზუსტად ეტაპობრივად ამ სისტემებზე დაკვირვება და მიგნებები მოხდა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიც იყო.
სხვადასხვა კლასის ჯგუფის წნევის წამლები არსებობს, რომლებიც ზუსტად ამ ორი სისტემიდან ერთ-ერთზე მოქმედებს.
პირველ - ეგრეთ წოდებულ აგე-ინჰიბიტორები და არბ-ები. ამ მედიკამენტების ჯგუფი ზუსტად რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედებს. კერძოდ, აგე-ინჰიბიტორი ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის მაბლოკირებელი საშუალებაა. ეს ენზიმი ფილტვებში გვხვდება.
როგორც ვთქვი, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა ერთის მხრივ ვაზოკონსტრიქციას, სისხლძარღვების შევიწროებას უწყობს ხელს. ესე იგი, ამ ენზიმის დაბლოკვით, შესაბამისად, ვაზოკონსტრიქცია აღარ მოხდება და ვისაც მომატებული წნევა აქვს, იმ ადამიანებში წნევა დარეგულირდება, ანუ ამ მექანიზმით მოქმედებს. არბ კი მოქმედებს როგორც ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერი. ეს პრეპარატები - აგე - ყოველთვის "პრილზე" მთავრდება, ანუ, მაგალითად: კაპტოპრილი, ლიზინოპრილი... ანუ, რაც "პრილზე" მთავრდება, ეს აგე-ინჰიბიტორია.
ხოლო არბ "სარტანზე" მთავრდება, მაგალითად: ლოსარტანი, ვალსარტანი. ანუ, ზუსტად ამ ჯგუფის მედიკამენტებია ესენი.
წნევის წამლების სხვისი რეკომენდაციით მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ძალიან ცნობილი და ხშირი შემთხვევაა - "მეზობელმა მირჩია, წნევა გაქვს და კაპტოპრილი მიიღეო". აი, კაპტოპრილი, "პრილი", ზუსტად ამ აგე-ინჰიბიტორების, ამ კლასის ერთ-ერთი წამალია და მისი თვითნებურად მიღება არ შეიძლება. აუცილებელია, რომ ექიმმა დანიშნოს.
ხშირი გვერდითი ეფექტები ვთქვათ, რაც ამ წამალს ახასიათებს:
მშრალი, შემაწუხებელი ხველა. რატომ ხველა - იმიტომ, რომ ეს ენზიმი, როგორც ვთქვით, რეალურად ფილტვებშია და, შესაბამისად, ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება ეს იყოს. განსაკუთრებით ეს აგე-ინჰიბიტორებს ახასიათებს. ხველა არ არის დაკავშირებული ვირუსთან, ინფექციასთან ან გაციებასთან და ხველის საწინააღმდეგო სიროფებით ადამიანი ამ ხველას ვერაფერს ვერ უზამს. ანუ, რისი თქმა მინდა: თუ ადამიანი წნევის წამალს იღებს, იმ წამალში არის "პრილი" და პაციენტს ქრონიკული ხველა დაეწყო, ნორმალური არ არის, გვერდითი ეფექტია და ეს წამალი ექიმმა აუცილებლად უნდა შეცვალოს.
თუ წამალი არ შეიცვლება, ხველა არ გაივლის.
გადავიდეთ, საბედნიეროდ, იშვიათ, მაგრამ უფრო სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. აი, ამ აგე-ინჰიბიტორებს ახასიათებს:
"პრილის" ჯგუფის მედიკამენტებს ანგიოშეშუპება ახასიათებს. ტუჩის შეშუპება, თვალის შეშუპება და ჭინჭრის ციება, ანუ ურტიკარია. მე მსგავსი პაციენტები მყოლია. მაგალითად, მყავდა ერთი ქალბატონი პაციენტი, რომელსაც, მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ და ორი წლის განმავლობაში მორეციდივე ხასიათის ანგიოშეშუპება აწუხებდა - სულ შეშუპებული კი არ იყო… შეშუპება დაეწყო, შეიძლება პირობითად რაღაც ჰორმონალური, ვთქვათ დექსამეტაზონი დალიოს, გაიაროს, მერე კი ისევ დაეწყოს. ორი წლის განმავლობაში ქალბატონს ანგიოშეშუპება და ჭინჭრის ციება აწუხებდა და მიზეზი აგე-ინჰიბიტორი იყო, ანუ "პრილს" იღებდა. ეს როგორი კანონია, იცით? როდესაც პაციენტი ალერგოლოგთან ან დერმატოლოგთან მივა და ანგიოშეშუპება, ჭინჭრის ციება აწუხებს, პირველი შეკითხვა ეს არის: ხომ არ იღებ "პრილს"? პრილს თუ იღებს ეს პაციენტი, იქ არანაირი კვლევა არ კეთდება, პირდაპირ ემპირიულად ამ "პრილის" მოხსნა, ჩახსნა ხდება. "პრილის" ჩახსნის შემდეგ კი შეიძლება სამთვიანი ეპიზოდიც იყოს საჭირო იმისათვის, რომ აი ამ ანგიონევროზულმა შეშუპებამ და ჭინჭრის ციებამ გაიაროს.
წნევის წამალი სიმპტომური პრეპარატია. ამიტომ, მიდგომა - წნევა გვაქვს და დავლიოთ, ხოლო როცა არ გვაქვს, არ დავლიოთ - არასწორია. წნევის მედიკამენტი ისეთი საშუალებაა, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში, მუდმივად უნდა მიიღოს.
მეორე ჯგუფის, მეორე კლასის წამლებზე გადავიდეთ, რომლებსაც კალციუმის არხის ბლოკატორები ეწოდება.
მათი დასახელება, როგორც წესი, "დიპინით" მთავრდება, მაგალითად: ამლოდიპინი... ანუ, ყველაფერი, რაც "დიპინზე" მთავრდება, კალციუმის არხის ბლოკერია. პაციენტმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ გაიგოს, თუ რა შედის შემადგენლობაში. რაც შეეხება ხშირ გვერდით ეფექტებს, ეს სიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატია. მას ქვედა კიდურების, კოჭებისა და წვივების უპირატესად შეშუპება ახასიათებს. ანუ, თუ პაციენტმა წამლის მიღება დაიწყო და ფეხების შეშუპება დაეწყო, ეს სწორედ "დიპინის", ანუ კალციბლოკატორის ბრალია.
ძირითადად, გვერდითი ეფექტი დღეების ან კვირების განმავლობაში ვლინდება.
აქ რეალურად სითხის გადანაწილების პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამასთანავე, გულისა და თირკმლის უკმარისობა ამ შეშუპების მიზეზს არ წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ გულისა და თირკმლის უკმარისობამ იცის ფეხების შეშუპება, მაგრამ აქ ეს სხვა მექანიზმით ხდება. ასევე, ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება წამოწითლება იყოს, როდესაც სახეზე ან გულმკერდის არეში კანის წითლდება.
როგორც წესი, თუ ეს გვერდითი ეფექტი შეშუპების სახით განვითარდა, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი შეიცვალოს, ანუ კალციბლოკატორი სხვა წამლით ჩანაცვლდეს. ბევრი ალტერნატიული წამალი არსებობს და შეიძლება ისეთი პრეპარატი დაინიშნოს, რომელიც ამ გვერდითი ეფექტისგან თავისუფალი იქნება.
ახლა მესამე ჯგუფზე გადავიდეთ. ესენია ეგრეთ წოდებული შარდმდენები, ანუ დიურეტიკები, რომლებიც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი პრეპარატებია. ხშირი გვერდითი ეფექტი, რა თქმა უნდა, გახშირებული შარდვა შეიძლება იყოს. ორი ტიპის შარდმდენი არსებობს: კალიუმის შემნახველი და ისეთი, რომელსაც ორგანიზმიდან მისი გამოდევნა ახასიათებს. თუ პაციენტს ისეთი შარდმდენი აქვს დანიშნული, რომელიც კალიუმს დევნის, მასთან შეიძლება ჰიპოკალემია, ანუ კალიუმის დონის შემცირება განვითარდეს. ამიტომ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიექცეს. მაგრამ თვითნებურად ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. მე მყოლია პაციენტი, რომელსაც, სამწუხაროდ, ფარმაცევტმა მისცა ასეთი რჩევა, რადგან თავად არ იცოდა ეს საკითხი: პაციენტი კალიუმშემნახველ შარდმდენს იღებდა და მან კალიუმის დამატება ურჩია…
ყიდვის დროს, როდესაც ეს პაციენტი კალიუმის შემნახველ შარდმდენ პრეპარატს ყიდულობდა, ფარმაცევტმა უთხრა - ეს შარდმდენია, კალიუმი დაგივარდებათ და თავად კალიუმიც მიიღეთო. ამ დროს კი, პირიქით, მაღალი რისკია, რომ ჰიპერკალემია, ანუ ორგანიზმში კალიუმის ჭარბი დაგროვება მოხდეს, რამაც შეიძლება ადამიანს გულიც კი გაუჩეროს. ამიტომ ისეთი რჩევის მიცემა, რომელიც რეალურად არ იციან, არ შეიძლება.
ერთ-ერთი რეკომენდაცია შეიძლება შარდმდენის დილით მიღება იყოს, რათა ღამით შარდვის გახშირება თავიდან ავიცილოთ და ძილის შესაძლებლობა მინიმალურად მაინც შეგვინარჩუნდეს...
კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი კუნთების კრუნჩხვაა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ანალიზის ჩაბარება, რათა ეს ჰიპოკალემია, ანუ ორგანიზმში კალიუმის შემცირება დადასტურდეს. ეს საჭიროა იმის გასარკვევად, ხომ არ არის აუცილებელი შარდმდენთან ერთად კალიუმის დანიშვნა, თუკი ეს მედიკამენტი მას ორგანიზმიდან დევნის.
ახლა ბეტა ბლოკატორები - შემდეგი ჯგუფის პრეპარატები განვიხილოთ. ესენიც სიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ.
ეს ერთ-ერთი ხშირად დანიშნული ანტიარითმიული პრეპარატიც არის და მათი დასახელება "ლოლით" მთავრდება: ბისოპროლოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი.
სხვათა შორის, ამ წამალს ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. ესე იგი, ხშირი შარდვა შეიძლება იყოს. ასევე, ეს წამალი, ზოგადად, გულისცემასა და პულსს ანელებს, ამიტომ ბეტა ბლოკერის მიღებისას პულსის კონტროლი მნიშვნელოვანია, რომ იგი ორმოცდაათზე დაბლა არ ჩამოვიდეს. მათი თვითნებურად შეწყვეტა ძალიან სახიფათოა და არ შეიძლება - ეს, რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.
ახლა კი ზოგად რეკომენდაციებს შევეხოთ:
ეს არის წნევის წამლებთან მიმართებაში არსებული ეგრეთ წოდებული გზამკვლევი, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა:
თუ პაციენტს გარკვეული ტიპის გვერდითი ეფექტი აწუხებს, მან აუცილებლად შესაბამის ექიმს, მაგალითად, კარდიოლოგს უნდა მიმართოს, რათა წნევის წამალი შეცვალოს.
დღევანდელ რეალობაში უკვე არსებობს წნევის ისეთი წამლები, რომლებიც ერთი აბი რამდენიმე ჯგუფს ერთად შეიცავს. კომპონენტები ერთადაა თავმოყრილი. ამიტომ დაკვირვება აუცილებელია, თუ რომელი კომპონენტი შედის მასში და რომელმა მათგანმა შეიძლება პოტენციური გვერდითი ეფექტი განაპირობოს.